სხვა ფინალს მაინც ვუმასპინძლოთ...

AutoSharing Option
მიშელ პლატინის ვიზიტის მეორე დღემაც საქმიან ვითაებაში ჩაიარა. უეფას პრეზიდენტი ამჯერად ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ბოლოს კი მეოთხე ხელისუფლების წინაშე წარსდგა. სტუმარმა გუშინ დატოვა საქართველო და ქართულ მხარეს რეკომენდაციების ის ნუსხა დაუტოვა, რომელის შესრულებაზე იქნება დამიკიდებული ჩატარდება თუ არა თბილისში 2012 ან 2013 წელს ევროპის ლიგის ფინალი...

შეთანხმება შედგა, ახლა საქმე...

მიშელ პლატინის გუშინდელი დღე, დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან სასტუმრო "თბილისი მარიოტში"შეხვედრით დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის ინიაციატივამ, ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩატარების თაობაზე, ხელისუფლების
მოწონებაც დაიმსახურა. მეტიც, თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, იგი მერიის პატრონაჟით ჩატარდეს. როგორც წინა ნომერში გაცნობეთ, მოსაგვარებელია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, სასტუმროების ქსელის გაზრდის, ეროვნული სტადიონის გამტარიანობის საკითხები. სხვა ობიექტებიც უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს.
შეხვედრა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა. მხარები შეთანხმდნენ ვალდებულებების შესრულებაზე. დეტალები კი ჟურნალისტებს გიგი უგულავამ დაწვრილებით გაგვაჩნო:

"იმისათვის, რომ ჩვენმა ქალაქმა ისეთ დიდ საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლოს, როგორიც ევროპის ლიგის ფინალია, სამი სახის კრიტერიუმი უნდა დავაკმაყოფილოთ. ესაა, აეროპორტის გამტარიანობა, სასტუმროები და სტადიონი თავისი ინფრასტრუქტურით. მართალი გითხრათ, ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დიდი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ყველაზე ნაკლები პრობლემა სტადიონია. თავის დროზე ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციისთვის დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და მაღალი დონისაა. მითითებები კი შედარებით იოლად შესასრულებელია. აეროპორტის გამტარიანობაც არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან ჩვენ აეროპორტს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და აქაც შეგვიძლია სტანდარტის მიღწევა. საერთაშორისო მოთხოვნებს ჩვენი სასტუმროები კი აკმაყოფილებს, მაგრამ მაღალი დონის მეტი ასეთი ობიექტებია საჭირო. ამ თემაზეც ვისაუბრეთ, თბილისში კვლვაც მიმდინარეობს ახალი სასტუმროების მშენებლობა, მთავარია, კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ.

ერთი სიტყვით, შევთანხმდით, რომ რომელიმე სოლიდური საფეხბურთო ღონისძიების საქართველოში ჩატარება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს პლატინის ინტერესებშიც არის, რადგან მისი მუშაობის პრიორიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის და საერთოდ, პატარა საფეხბურთო ქვეყნების დახმარება და მათი დონის ამაღლებაა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რათა რეალური შედეგი მივიღოთ".

ახალგაზრდული, ჭაბუკთა თუ ქალთა ფინალი?

გიგი უგულავასა და ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მიშელ პლატინი და უეფას ემისრები ვაკისკენ დაიძრნენ. მათ ფეხბურთის ფედერაციის ახალგარემონტებული ოფისი მოინახულეს. შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის არენას ესტუმრნენ. ცნობისათვის, ეს სტადიონი ახლახანს გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას და ზვიად სიჭინავა არენის უეფას პროგრამა "ჰეთ თრიკის" მეშვეობით რეკონსტრუქციას გეგმავს უეფას სტანდარტების გათვალისწვინებით. პლატინისა და უეფას ჩინოსნების მისვლისას, "მიხეილ მესხზე" "ოფენ ფან ფუტბოლის" ღონისძიება მიმდინარეობდა საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ბავშვთა სკოლების მონაწილეობით. უეფას პრეზიდენტი ბავშვებს მიესალმა, მათთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო, მეტიც მან და ვარძელაშვილმა თითო პენალტიც კი დაურტყეს ბავშვებს.

თუ დიდი საფეხბურთო ზეიმისთვის სათანადო სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ, მაშინ პროგრამა მინიმუმი ამოქმედდება - ახალგაზრდულ, ჭაბუკთა ან ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა. სწორედ ამ თემებზე იყო მსჯელობა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან პლატინისა და ფეხბურის ფედერაციის ხელმძღანელობის შეხვედრისას. უეფას თავკაცობამ ნათლად დაინახა ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთისადმი მხარდაჭერა და კმაყოფილი დარჩა. პრემიერ-მინისტრმა ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩასატარებლად სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

"ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩატარების გარდა, იმ პროგრამებზეც ვისაუბრეთ, რომელსაც სახელმწიფო ფეხბურთის მხარდასაჭერად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ვგულისხმობ. გარდა ამისა, უეფას პროგრამებსაც, რომელშიც ჩვენი ფედერაციაც მონაწილეობს. მართალი გითხრათ, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო უეფას პროგრამებში ჩვენი ფედერაციის მონაწილეობის საკითხი, მაგრამ პლატინისგან თანხმობა მივიღეთ და 2011 წლიდან ამ პროგრამებში საქართველო კვლავაც იქნება. რაც შეეხება ევროპის თასის ფინალის თბილისში ჩატარებას, გარკვეული მოთხოვნები უნდა შევასრულოთ და თუ ამას შევძლებთ, პლატინიმ აღგვიქვა, რომ უეფადან სრული მხარდაჭერა გვექნება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, გარკვეული დრო და თანხები სჭირდება. დავსახავთ გეგმას თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. დავიწყებთ
ვალდებულებების შესრულებას და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს...

დიახ, ახალგაზრდულ, ჭაბუკთა ან ქალთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზეც იყო საუბარი. ამ მხრივაც გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგვიწევს. როცა შევასრულებთ, უეფასგან სრული მხარდაჭერა გვექნება. ერთი სიტყვით, ჩვენ რა პროექტსაც წარვადგენთ, უეფა მხარს დაგვიჭერს", - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა.

* * *
როგორც ხედავთ, უეფასგან სრული მხარდაჭრა გვაქვს. ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ თუ რას გავწვდებით, ევროპის ლიგის ფინალს თუ ახალგარდულ, 19, 17-წლამდელთა ან ქალთა ნაკრებსბს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობას. ქართულ მხარეს უპირველესად ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ხილვა სურს. ზემოთქმულის გარდა, საამისოდ კი 3 დღის განმავლობაში, მინიმუმ 30 ათასი სტუმრის მიღება უნდა შევძლოთ, რისთვისაც საჭიროა 5-ვარსკვლავიანი მინიმუმ 5 სასტუმრო, 1 600 მაღალი კლასის ნომერით მაინც. ამჟამად კი თბილისში მხოლოდ ერთი - "თბილისი მარიოტია" 5 ვარსკვლავიანი 7-8 ათეული მაღალი დონის ნომერით... მონაწილეების, მსაჯებისა და ოფიციალური პირების გარდა, გასათვალისწინებელია გულშემატკივრების სტუმრობაც.

თუ ქართული მხარე 21, 19, 17-წლამდელთა ან ქალთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური რაუნდის მასპინძლობას აირჩევს, არც ამ მხრივ გვექნება ნაკლები სამუშაო. თავად განსაჯეთ, მინიმუმ 4 მაღალი დონის არენა იქნება საჭირო. ეროვნული სტადიონი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, "ტორპედოსა" და "მესხის" ამაღალებულ ხარისხში აყვანა შეგვიძლია, მეოთხე სტადიონი ჯერჯერობით არ გვაქვს. აქაც სასტუმროების პრობლემას წავაწყდებით. თუ "ტორპედოს" არენაზე გვინდა მატჩების ჩატარება, მაშინ ქუთაისში მაღალი დონის სასტუმრო გვჭირდება, მინიმუმ ასზე მეტი მაღალი კლასის ნომრითა და ბაზით...

ერთი სიტყვით, ჩანაფიქრი იდეალურა, საქმე - ბევრი. გეგმა შედგება, ყველაფერი დაითვლება და მერე გამოჩნდება თუ რომელ პროექტზე შეაჩერდება ფედერაცია და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული