ქართული ევროსეზონი გრძელდება

AutoSharing Option
ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები მომდევნო კვირაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ თითქმის 100 პროცენტით შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ: ქართული გუნდებისათვის 2011 წლის ევროზაფხული კვლავაც გრძელდება! ანუ, როგორც არ უნდა დასრულდეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები, რანგით მეოთხე, ანუ პლეი-ოფის რაუნდში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს!

ასეთი რამ კი 1993 წლიდან (ანუ, რაც ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე დაუშვეს) არ მომხდარა და "ზესტაფონიცა" და "დინამოც" არამხოლოდ თავიანთ, არამედ, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიასაც "წერენ"

"ზესტაფონმა" თუ შეძლო და "შტურმთან" განმეორებითი მატჩი
თავისთვის სასურველი შედეგით დაასრულა, იმერული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს, - იმის "იქით" კი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპია! ვთქვათ და, ბევრად უფრო გამოცდილმა ავსტრიელებმა იმძლავრეს, - "ზესტაფონი" ამ შემთხვევაშიც აგრძელებს ევროტურნირებზე ასპარეზობას და ამჯერად უკვე ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

აი, რაც შეეხება "დინამოს", ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს, ალბათ, უკვე ახლავე შეუძლია ევროპის ლიგის პლეი-ოფზე ფიქრი - სტუმრად, ისლანდიურ "რეიკიავიკთან" მართლაც დამაჯერებელმა გამარჯვებამ მეტოქეთა შორის ჩასატარებელ განმეორებით მატჩს, ფაქტობრივად, აზრი დაუკარგა. ჰო, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 35 წყვილში მხოლოდ შვიდმა თუ რვა გუნდმა შეძლო პირველ მატჩში სამბურთიანი უპირატესობით გამარჯვება და მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "დინამოა"!

აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართულ და პოსტსაბჭოთა სხვა გუნდებს შორის პარალელების გავლება. სულ ახლახან ვწერდით, რომ რუსებისა და უკრაინელების გარდა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი გუნდი სწორედ საქართველოს ჰყავდა. სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც და უეფას ლიგაზეც პოსტსაბჭოეთის გუნდებიდან გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამომ" მოიპოვა (ისევ და ისევ, რუსული და უკრაინული გუნდების "გამორიცხვით").

ყველამ უნდა მოინდომოს
მოგება, ფრე და წაგება - აი, ასეთი იყო ქართული გუნდების მონაგარი ევროტურნირების III საკვალიფიკაციო ეტაპზე (სხვათა შორის, ბურთების სხვაობაშიც თანაფარდობაა - 7:7); შორს წაგვიყვანს იმაზე, საუბარი, ჩვენი გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგი რამდენად უფრო უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, - ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, "ზესტაფონი"-"შტურმის" მატჩს ვგულისხმობთ; ანუ, ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტს "ზესტაფონს" გამოცდილ ავსტრიელებთან განმეორებითი მატჩის წინ ბევრად უფრო სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონოდა. მით უფრო, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ეს მატჩი საკმაოდ აქტიურად და აგრესიულად ჩაატარა და საკუთარ სათამაშო სტილს არც ახლა უღალატა.

თუმცა, ევროტურნირებზე გამოცდილებასთან ერთად სხვა "აუცილებელი" კომპონენტებიც ძვირად ფასობს; ამ შემთხვევაში კი, უპირველეს ყოვლისა, გრძელ სათადარიგოთა სკამს ვგულისხმობთ: ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო "ზესტაფონს" ორი მცველი (გიორგი ხიდეშელი, თემურ ღონღაძე) აკლდა და ჩვენი ჩემპიონის თამაშზე ყოველივე ეს უარყოფითად აისახა.

მოკლედ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, თავის გერმანელი კოლეგისგან განსხვავებით, ნამდვილად არ ჰქონდა იმის ფუფუნება, ძირითადი შემადგენლობის შერჩევასა თუ უშუალოდ თამაშის მსვლელობაში მეტოქისათვის რაიმე სიურპრიზი შეეთავაზებინა. გეგუჩაძემ, ერთი შეხედვით, სწორი შეცვლებიც გააკეთა და თორნიკე გორგიაშვილის, ალექსი ბენაშვილისა და ახალგაზრდა გიორგი ჭანკოტაძის გამოყვანით მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა სცადა.

აი, "შტურმის" გერმანელმა თავკაცმა ფრანკო ფოდამ კი ის მართლაც უამრავი საკადრო პრობლემა, ფაქტობრივად, უმტკივნეულოდ გადაწყვიტა და თამამად ენდო 18 წლის ფლორიან კაინცსა და მის თანატოლს ფლორიან ნოიჰოლდს, აგრეთვე გუნდის ქართველ ახალწვეულს, 24 წლის გიორგი ფოფხაძესა და თავის ვაჟს, 21 წლის სანდრო ფოდას, რომელიც "შტურმის" ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრება.

ავსტრიული გუნდის საკადრო პრობლემები ვახსენეთ და ბარემ დავაკონკრეტოთ: ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო "ზესტაფონთან" შეხვედრაში "შტურმს" ძირთიადის შვიდი (!) ფეხბურთელი აკლდა, ამათგან სამი მცველი! ფერდინანდ ფელდჰოფერი, იოახიმ შტანფესტი, დომენიკ პიურხერი, ჰარის ბუკვა, ანდრეას ჰოლცლი, მატიას კოხი ("ზესტაფონთან" მატჩის მიწურულს რომ გამოჩნდა მოედანზე), იმრე საბიჩი, - აი, ასეთი დანაკლისის მიუხედავად, "შტურმმა" მაინც შეძლო და თავისთვის სასურველი ანგარიშით დაბრუნდა ავსტრიაში.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ"ზესტაფონს" რეალურად ხელეწიფება ავსტრიული ბარიერი გადალახოს; ოღონდ, ბევრ "აუცილებელ" ფაქტორთან (გამოცდილება, იღბალი, ობიექტური მსაჯობა) ერთად "ზესტაფონის" თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმალური მონდომებაც მოეთხოვება; ჰო, ყველა ფეხბურთელს, თორემ რაც უნდა ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდეს შოთა გრიგალაშვილი ("შტურმთან" შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში, უდავოდ, ყველაზე გამორჩეული მოთამაშე), მხოლოდ ერთი-ორი მოთამაშის გაბრწყინება საკმარისი არ იქნება.

არაერთგვაროვანი განწყობა
ორი დღის წინ ქართულ-ფრანგულ დაპირისპირებაზე ვწერდით და ისიც აღვნიშნეთ, რომ ევროტურნირებზე ფრანგებთან საკმაოდ უარყოფითი ბალანსი გვქონდა. სიტუაცია უფრო დამძიმდა "რენთან" მატჩის შემდეგაც: დღესდღეობით ფრანგულ გუნდებთან 1 ფრე და 6 წაგება გვაქვს, ბურთების მართლაც კატასტროფულ სხვაობაზე (4-16) რომ აღარაფერი ვთქვათ.

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, "მეტალურგი"-"რენის" წყვილში ფავორიტი წინასწარვე ცნობილი იყო; უბრალოდ, მაინც დამთრგუნველად მოქმედებს ხოლმე ქართველ გულშემატკივარზე, როცა შენი გუნდი ასე უსუსურად გამოიყურება მართლაც სოლიდური დონის მეტოქის ფონზე. ადრეც აღვნიშნეთ, რომ "რენი" ფრანგული ფეხბურთის გრანდთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა; მაგრამ "მეტალურგის" წინააღმდეგ საკმაოდ მაღალი კლასის გუნდი რომ ასპარეზობდა, ფაქტია - "რენმა" მშვიდად, აუღელვებლად გაინაღდა შემდგომ ეტაპზე გასვლა და კიდევ კარგი, ფრანგულმა კლუბმა მატჩის მიწურულს აშკარად რომ დაინდო ისედაც რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მასპინძლები, თორემ ევროტურნირებზე ქართული გუნდების ანტირეკორდის დამყარებასაც წინ აღარაფერი ედგა!

ამის გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ გრიგოლ ბედიაშვილმა ივაჟკაცა და პირველ ტაიმში პენალტი მოიგერია, შესვენების შემდეგ მის ნაცვლად შემოსულმა ზურაბ ბათიაშვილმა კი, სულ მცირე, ორი-სამი აშკარა გოლისაგან გვიხსნა!

რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო, ფრანგები თუ როგორ უპრობლემოდ დანავარდობდნენ ჩვენი უმთავრესი საფეხბურთო სარბიელის აშკარად შელახულ მოედანზე; სამაგიეროდ, მართლაც სიამოვნებად ღირდა სტუმართა ლიდერების, იან მ'ვილასა და ჯონათან პიტროიპას მაღალოსტატური თამაშის ხილვა. სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია ევროტურნირებზე ჩვენს გუნდებს ასეთი მაღალი დონის მეტოქე არ ჰყოლია; თუმცა, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან მეტ-ნაკლებად ღირსეულად რომ ითამაშო, ასევე მეტ-ნაკლებად შესაფერისი შემადგენლობაც უნდა ჰყავდეს და ასევე მეტ-ნაკლებად ოპტიმალური ტაქტიკაც უნდა შეარჩიო;

სამწუხაროდ, ამ ორივე კომპონენტზე მხოლოდ უარყოფით კონტექსტში უნდა ვისაუბროთ: "მეტალურგის" დღევანდელი შემადგენლობიდან თითქმის ნახევარი ასეთი დონის შეჯიბრებისათვის, უბრალოდ, მზად არ არის; ეგაც რომ არ იყოს, "რენთან" შედარებით ფრთხილი ტაქტიკური განლაგების შერჩევაც, ალბათ, ბევრად უფრო უპრიანი იქნებოდა. თუმცა, ტაქტიკა-სტრატეგია მწვრთნელების საქმეა და აბა, ჟურნალისტებს რა უფლება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ? თუმცა, გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ, ცოტა არ იყოს, კურიოზული სიტუაციაც ვნახეთ: როცა ტრავმის მერე ძირითადში პირველად გამოჩენილი გიორგი მურველაშვილი მსაჯმა მოედნიდან გააძევა, "მეტალურგი" ნომინალური მარჯვენა მცველის გარეშე იქამდე თამაშობდა, ვიდრე საკუთარ კარში მეორე გოლი არ მიიღო!

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ, ვფიქრობთ, "ჩასაფრებად" არავინ ჩაგვითვალოს; მით უფრო, რომ "მეტალურგის" (ანუ, "ოლიმპის") დაარსების დღიდანვე ამ კლუბის წარმომადგენელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (ერთი-ორი სასიამოვნო გამონაკლისის გარდა) მუდამ ერთობ მტკივნეულად და არაადეკვატურად აღიქვამდა თავიანთვის განსხვავებულ მოსაზრებას.

P.S. "რენთან" დიდი ანგარიშით წაგებამ გული ყველას დაგვწყვიტა, მაგრამ სამაგიეროდ "დინამოს" მორიგმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ ეს წყენა გადაფარა. რა თქმა უნდა, "მეტალურგსა" და "დინამოს" აშკარად არაერთგვაროვანი სიძლიერის მეტოქეები შეხვდათ, მაგრამ მაინც გულს უხარია, როცა ქართული გუნდი სტუმრად დიდი ანგარიშით იმარჯვებს. "დინამოს" აშკარად წარმატებულ ევროსეზონზე კი "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვისაუბრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამო ხომ მონაწილეობდა უეფას ჯგუფურ ეტაპზე, რომელი წელი იყო არ მახსოვს, მაშინ რამდენი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა?
zico
11:34 30-07-2011
0
zico,
ჩემპიონთა ლიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, გამოაგდო ვისლა და რომელიღაც გუნდი და შემდეგ ფლეიოფში ბილბაოს ატლეტიკმა გამოაგდო და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა. (თუ სწორად მახსოვს)
Burton
14:03 30-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული