"დილამ" და 'სპარტაკმა" აზერბაიჯანში მასპინძლებს აჯობეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საერთაშორისო ტურნირი 31 ივლისს დამთავრდა, სადაც მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა: "გაბალა" (აზებაიჯანი), "ქიაფაზი" (აზერბაიჯანი), გორის "დილა" და ცხინვალის "სპარტაკი".

ტურნირის პირველ დღეს "ქიაფაზმა" დაძაბულ ბრძოლაში შეძლო "სპარტაკის" დამარცხება - 3:2. ქართული გუნდიდან ერთი ბურთი ზვიად მეტრეველმა გაიტანა, ერთიც მასპინძელმა ფეხბურთელმა მირზაევმა, ვინც ავტოგოლი გაიფორმა. სხვათა შორის, განჯას "ქიაფაზი" წლეულს დაუბრუნდა აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგას და ამ გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელიც ირიცხება. ამასთან, ისიც საინტერესო ფაქტია, რომ "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია წლების განმავლობაში სწორედ "ქიაფაზში" ასპარეზობდა.

რაც შეეხება
მეორე ნახევარფინალს, აქ, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: გორის "დილამ" აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი გუნდი "გაბალა" დამაჯერებელი ანგარიშით (3:1) დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან "დუბლი" გია თოდუამ შეასრულა, ერთი ბურთიც დავით ჩაგელიშვილმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ "გაბალას" მთავარი მწვრთნელი ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსია, ვინც უკვე ერთი წელია აზერბაიჯანში მუშაობს.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "დილასთან" მატჩში "გაბალამ" ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით ისპარეზა და ამ ფაქტით უკმაყოფილება არ დაუმალავს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გია ცეცაძეს: შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ ტურნირზე ყველა გუნდი ძირითადი შემადგენლობით იასპარეზებდა, "გაბალამ" კი დუბლიორები გამოიყვანაო...

ტონი ადამსმა უძლიერესი შემადგენლობა მესამე ადგილისთვის მატჩში გამოიყვანა, მაგრამ მასპინძლებს ვერც ამან უშველათ: რევაზ ჯიქიას ერთადერთი გოლით "სპარტაკმა" ფავორიტ მასპინძლებს აჯობა და მესამე პრიზიორიც გახდა.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ჩვენდა გასახარად, გორის "დილამ" დავით რაჟამაშვილის გოლით შეძლო "ქიაფაზის" დამარცხება და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყო და ამ ღონისძიებაში აზერბაიჯანული ფეხბურთის ვეტერანებთან ერთად აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი რამინ მუსაევიც მონაწილეობდა. პრიზიორებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ, დავით რაჟამაშვილი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გია გაგოშიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული