სასამართლომ ბანკთან დავაში ფედერაცია გაამართლა

AutoSharing Option
2010 წლის დეკემბრის მიწურულს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სახტად დარჩნენ - საახალწლოდ ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღეს. გაირკვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ "პრივატბანკიდან" 300 ათასი ევროს ოდენობის სესხი აიღო, რომელიც 2010 წლის დასაწყისამდე უნდა დაეფარათ. საბოლოოდ, "პრივატბანკის" 300- ათასიანმა სესხმა პროცენტებითა და ჯარიმებით 400 ათას ევროს გადააჭარბა.

ამ დროს ფედერაციას უკვე ზვიად სიჭინავა ხელმძღვანელობდა, რომელსაც ისედაც გვარიანი ვალები დახვდა და შარშან გაზაფხულამდე 18 მილიონიანი დავალიანების 6 მილიონ ლარამდე ჩამოყვანა მოახერხა. ფედერაციის თავკაცებმა "პრივატბანკის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება წამოიწყეს და სთხოვეს, რომ მისი რეფერენსირება მოეხდინა
- ანუ ფედერაცია აღიარებდა დავალიანებას, მთლიანი თანხის ახალ სესხად გაფორმებას და გადახდის ახალი გრაფიკის შემუშავებას ითხოვდა, რათა საქმიანობა არ შეეფერხებინა.

მიუხედავად რამდენიმეგზის თხოვნისა და წერილობითი მიმართვისა, ქართული ფეხბურთის მნიშვნელობაზე აპელირებით, "პრივატბანკის" თავკაცებმა ფედერაციის ამ თხოვნაზეც რეაგირება არ მოახდინეს.

მეტიც, 2010 წლის 24 ნოემბერს ბანკმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროში იჩივლა და თანხის ამოღება მოითხოვა. 15 დეკემბერს თბილისის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, 27 დეკემბერს კი ფეხბურთის ფედერაციას კუთვნილი ყველა სხვა საბანკო ანგარიში და უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღეს. "პრივატბანკს" ვერ მიედავებოდი - დავალიანების გადაუხდელობა დასჯადი საქციელია. ყველა იურიდიული დოკუმენტი იმაზე მიუთითებდა, რომ ფედერაციამ საკუთარი პირობები არ შეასრულა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ისედაც ვალების გასტუმრებით შეწუხებული ფედერაცია დაყადაღებით სულაც ხელ-ფეხშეკრული დარჩებოდა.

ფედერაციის ბუღალტერმა ნარგიზა ჩხიკვაძემ ფედერაციის ძველი თავკაცების მიერ ახალი სესხის აღება და მისი მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა: "2008 წელს უეფადან კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობისთვის ჩარიცხული თანხა ფედერაციამ კლუბებს ვერ გადაუხადა და "პრივატბანკის" კრედიტი ამის გამო აიღო. ჩემი აზრით, ბანკი დაინტერესებული იყო, ფედერაციას ვალი დაეგვიანებინა, თანაც შეთანხმებული 16 პროცენტის ნაცვლად ჯარიმით გათვალისწინებული 32 პროცენტი რომ გადაეხადა. ხელშეკრულებით დარღვეულია ფედერაციის ინტერესი და ჯარიმის სახით გადახდილი ზედმეტი თანხის დაბრუნებას ვითხოვთ."

მართალია, ახალ წლამდე პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში მიიჩნევდნენ, რომ "პრივატბანკმა" ზედმეტი თანხა მიისაკუთრა, ორგანიზაციის ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა კი განაცხადა, რომ ფედერაცია ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა:

"როდესაც "ტაომ" ფედერაციის ანგარიში დააყადაღა, ბანკის მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულება გამოჩნდა. ჩვენი შეფასებით, ხელშეკრულებაც დარღვევებით არის შედგენილი და კითხვებს ბადებს. სესხი იყო 300 ათასი ევრო, 350 ათასი უნდა გადაგვეხადა და რეალურად 430 ათასი გამოვიდა. ჩვენ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, აგრეთვე საჯარიმო სახით ბანკისთვის სასარგებლოდ დარიცხული და სააღსრულებო სამსახურისთვის გადახდილი თანხების დაბრუნებას ვითხოვთ. გაუგებარი იყო, ვის რაში დასჭირდა ყადაღის დადებით აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც ეს 2011 წლის დასაწყისში იყო შესაძლებელი. წლის ბოლოს თანხა, რომელსაც ორგანიზაცია ვერ აითვისებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოიჭრება და ეს იყო სწორედ გასაოცარი, რაში აძლევს ხელს ბანკს ჩვენი ანგარიშიდან თანხის მოჭრა და ფედერაციისთვის პრობლემის შექმნა? - იმედია, ამ კითხვებს პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაეცემა."

სასამართლოც შედგა: ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა.

"შეგახსენებთ, რომ სფფ-ს შეტანილი ჰქონდა სასამართლოში სარჩელი სს "პრივატბანკის" წინააღმდეგ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს" - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.

ბოლო დროს "პრივატბანკი" ქართული ფეხბურთით დაინტერესდა, "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" სპონსორი გახდა და იმედია, ეს დავა საფეხბურთო სამყაროსთან მისთვის ბოლო იქნება. არც ფეხბურთს აწყენს ასეთი პარტნიორი და არც ბანკს არგებს საქართველოში ნომერ პირველ სახეობასთან კონფლიქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული