ქართველი მწვრთნელი ლატვიაში - შოთა მახარაძე მამის კვალს გაჰყვა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი სპეციალისტის თემურ მახარაძის ვაჟი, შოთა მახარაძე გასულ წელს "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიაში მიიწვიეს, შემდეგ კი "დაუგავას" დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. როგრც ჩანს, შვილი მამის კვალზე მიდის.

ზაფხულში "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია თანამდებობიდან გადააყენეს, მაგრამ "სეკვესტრი" მახარაძეს არ შეხებია. მეტიც, მას ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს:

- ერთი თვის წინ კლუბმა კონტრაქტი გამიხანგრძლივა. ახლა "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი ვარ, დუბლში კი კირილ კულბატოვთან ერთად ვმუშაობ. მცირე ხნის წინათ, ესტონეთში დიდი საერთაშორისო ბავშვთა ტურნირი "ტალინ კაპ" გაიმართა, სადაც რვა ასაკობრივი კატეგორიაში ჩვენი
აკადემიის ოთხმა გუნდმა გაიმარჯვა. ყველა გაოცებული დარჩა, გუნდის ხელმძღვანელობა კი, ცხადია, კმაყოფილია. არადა, ძლიერი რუსული, ბალტიისპირული და ფინური კლუბები მონაწილეობდნენ.

- "დაუგავაში" რუსი მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ნაზარენკოს დანიშვნით პირდად თქვენთვის რა შეიცვალა?
- ნაზარენკო ცნობილი სპეციალისტია, "ლუჩ ენერგიას" ავარჯიშებდა. ცხადია, არ ვიცოდით, რა დამოკიდებულება ექნებოდა ჩვენს მიმართ. ჩვენდა გასაკვირად, ქართველების მიმართ კეთილგანწყობილია. გუშინ შევხვდით, ვილაპარაკეთ და დუბლებთან უფრო აქტიური თანმაშრომლობა სურს.

ცხადია, მისი მოსვლით "დაუგავაში" რაღაც შეიცვლება. ბავშვთა ფეხბურთს ვიცე-პრეზდენტი ალექსანდრე ისაკოვი კურირებს და ისიც გვენდობა, მიხარია ასეთ ადამიანებთან მუშაობა.

Sportall.Ge

ისიც ფაქტია, რომ შედეგი გვაქვს, პატარა ქალაქის აღზრდილებით დუბლების ჩემპიონატში მესამე ადგილზე მივდივართ და ნაზარენკო მენდობა, არსად გამიშვა და გვერდში დამიყენა. სხვათა შორის, ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი ძირითადში დააწინაურეს, რვა კაცი კი ლატვიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს. 17-წლამდელთა ნაკრებში ჩვენიდან ექვსნი მიიწვიეს და მთელი დაცვის ხაზი "დაუგავას" ბიჭებით დააკომპლექტეს. სხვათა შორის, ეს გუნდი მალე პალანგის საერთაშორისო ტურნირზე ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების ჯგუფში ითამაშებს.

- საინტერესოა, რა პირობებში ვარჯიშობენ "დაუგავას" ბავშვები?
- ყველა პირობებაა კარგი ფეხბურთელები რომ გავზარდოთ. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, არასწორი წარმოდგენები გვაქვს ქართველებს, თითქოს ლატვია არასაფეხბურთო ქვეყანაა. ტალანტებით განსაკუთრებით მდიდარი დაუგავპილსია - ამ ქალაქში გაიზარდნენ ლატვიის ნაკრების წევრები, შვეიცარიული "სიონის" მეკარე ვანინი, ჩვენ რომ გაგვიტანა ცაუნია და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუდნევიც.

"ტალინ კაპის" ერთ-ერთი ასაკობრივი ტურნირში ფინელები დავამარცხეთ, საკმაოდ კარგად გაწვრთნილი, დისციპლინირებული და თეორიულად მომზადებული გუნდი იყო. ამ კომპონენტებში ჩვენებიც არ მოიკოჭლებდნენ, მაგრამ ტალანტით ჩვენმა ბავშვებმა აჯობეს.

ყველამ იცის, რომ ლატვიელები ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ. არადა, ნიჭიერი ბავშვები ჰყავთ და სხვა სტილის დანერგვა დავიწყე, სულ ბურთით ვავარჯიშებ, ვცდილობ, შემოქმედებითი, შემტევი ფეხბურთი ვათამაშო და ბავშვები ამას საკმაოდ კარგად ახერხებენ.

- უცხოეთში ბავშვები ხშირად დაგვყავთ?
- წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც, ახლა "ზენიტი" გვესტუმრება, ბავშვები მხოლოდ ასე გაიზრდებიან და უცხოეთში თამაშისას ფსიქოლოგიურად მოღონიერდებიან. მალე სამ ბავშვს "დორტმუნდის" სკოლაში გავუშვებთ სინჯებზე ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით.

მარტო კარგი მწვრთნელები და პირობები არასაკმარისია, თუ გუნდში ჯანსაღი ვითარება არ სუფევს. აქ არ ხდება ზარით და ნაცნობობით ბავშვების აყვანა, სისტემა ტალანტებზეა აწყობილი და არა პროტექციაზე. სტრუქტურა ასეთია - კოორდინირებულად მუშაობენ მწვრთნელები, სკაუტები, მატჩების და ტურნირების ორგანიზატორები - ფეხბურთელისთვის მთავარი საბაზისო ვარჯიშები და განათლებაა, შემდეგ რომ არ იყვიროს თამაშისას მწვრთნელმა, გაიქეცი, ბიჭო და ასეთები.

ბედნიერი ვარ, ასეთ გარემოში რომ ვმუშაობ, მაგრამ გული მწყდება, ამ ყველაფერს საქართველოში რომ არ ვაკეთებ.

- ქართულ ფეხბურთს თვალს თუ ადევნებთ?
- რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, არსებობს ინტერენეტი, ტელევიზიებსაც ვუყურებ და გარკვეული წარმოდგენა გამაჩნია. მიხარია, რომ ბოლო დროს ქართული გუნდები დაწინაურდნენ. წინა წლებში პლეი ოფში ერთი ქართული გუნდის გასვლაც სანატრელი გვქონდა, ახლა ერთდროულად ორი მოხვდა. ლატვიელები ამან გააოცა, გვილოცავენ და ამაყი ვარ, რომ ჩვენს პირობებში გუნდებმა ამდენი მოახერხეს.

ინტერვიუ ჩამომართვეს და მკითხეს, ვის გულშემატკივრობო. ეგონა, რომელიმე ევროპულ გრანდს დავასახელებდი, მე კი ვუპასუხე ჩვენ "დინამოს"-მეთქი. ჩამეძია - ჯერ იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ სტადიონზე შესვლისას მაჟრჟოლებს, მერე "დინამო" ქართველების სიხარული, ტკივილი და ისტორია არის-მეთქი და გაოცებული მიყურებდა. ლატვიელები ევროპის ჩემპიონატზე კი მოხვდნენ, მაგრამ ჩვენნაირი მდიდარი საფეხბურთო ისტორია მათ არ აქვთ და არ იციან, რა სიხარული მოგვიტანა ფეხბურთმა.

- საქართველო-ლატვიის ნაკრებების მატჩი ახლოვდება - რას ფიქრობენ ბალტიისპირელები?
- ჯერ აჟიოტაჟი არ დაწყებულა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პატივისცემით არიან განმსჭვალულნი თემურ ქეცბაიას და საქართველოს ფეხბურთელების მიმართ, იციან, რომ ჩვენი ნაკრები გაძლიერდა.

ლატვიასაც არ ჰყავს ურიგო ნაკრები, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია. 10 აგვისტოს ფინეთთან რიგაში 0:2 წააგო და აშკარა იყო, რომ ფინელებმა კლასით აჯობეს. თუმცა მაინც ძნელი მეტოქეა, რადგან დაცვით ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ კი მასპინძლად ვხვდებით და მოსაგებად დიდი მონდომება დაგვჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული