ფეხბურთელებმა ეს კარგად იციან და განსაკუთრებით, ხაზგასმითაც კი ემადლიერებიან ხოლმე მას, მაგრამ... საკონტრაქტო ვადის ამოწურვისთანავე ხშირად იქმნება კონფლიქტური ვითარება მოთამაშესა და კლუბს შორის.
ერთი მხრივ, ეს ბუნებრივიცაა - კოკაიას სურს, შეინარჩუნოს გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ან ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი
კოკაიამ რამდენჯერმე სცადა ასეთი მოთამაშეების გაჩერება - ალექსი ბენაშვილს, გიორგი ხიდეშელს, გოგი ფიფიას უკვე გადახდათ მსგავსი ამბავი - ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერეს და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, ანუ ერთგვარი განსაწმენდელი დაუწესეს. ცხადია, დუბლებში თამაში არც ერთ მათგანს არ სურდა და საბოლოოდ ახალ კონტრაქტს დაყაბულდნენ.
ეს დღეებია, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა ბუბა დაუშვილი - "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ცნობით, დაუშვილი მეორე გუნდში ივარჯიშებს.
"იმასთან დაკავშირებით, რომ მურთაზ დაუშვილმა საგრძნობლად მოუკლო სათამაშო კონდიციებს, მოედანზე არ ირჯება ჩვეული მოტივაციით, მეტიც, მის მთავარ მიზანს საკონტრაქტო ვადის ამოწურვის მოლოდინი წარმოადგენს, ასეთ ფეხბურთელს მინდორზე ადგილს ვერ ვანდობთ. იგი გადაყვანილია "ზესტაფონის" მე-2 გუნდში, სადაც მიეცემა ვარჯიშისა და სათამაშო ფორმის შენარჩუნების საშუალება.
თუკი მურთაზ დაუშვილის სატრანსფერო საკითხებზე რომელიმე გუნდი კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, კლუბის ხელმძღვანელობა ასეთ ვარიანტებს აუცილებლად განიხილავს", - ასეთია "ზესტაფონის" პოზიცია.
საქართველოს ნაკრების 22 წლის საყრდენს "ზესტაფონთან" კონტრაქტის ვადა დეკემბერში ეწურება. "ლელოსთან" ინტერვიუში დაუშვილი ამბობს, რომ მოტივაციის ნაკლებობა მომხდართან არაფერ შუაშია და დუბლებში გადაყვანის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს:
- "ზესტაფონს", მის პრეზიდენტს, გულშემატკივრებსა და მწვრთნელთა შტაბს ძალიან ვემადლიერები და მათ ამაგს არასოდეს დავივიწყებ. ექვსი წელი ვითამაშე ამ გუნდში და ვერავინ იტყვის, რომ თავს ვზოგავდი, გული და სული არ ჩავდე, პირიქით, ვარჯიშისას და თამაშისას ყოველთვის მოტივირებული ვიყავი და არა იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემი კარიერა მაღელვებდა - კლუბის წარმატებაზეც არანაკლებს ვფიქრობდი.
თავის ქებასა და ტრაბახში ნურავინ ჩამომართმევს, მაგრამ, მე მგონი, "ზესტაფონის" ბოლოდროინდელ წარმატებებში, ჩემპიონობასა და ევროტურნირის პლეი ოფში გასვლაში მცირე წვლილი მეც შევიტანე.
თუმცა, განა საკამათოა, რომ მეც მაქვს ჩემი უფლებები, ისევე, როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს მთელ მსოფლიოში და მასზე უარი რატომ უნდა ვთქვა?! არც ვიტყვი, რადგან ჩემი გეგმები მაქვს, საქართველოს ჩემპიონატში თამაში კი აღარ მსურდა. წინსვლასა და განვითარებაზე ვფიქრობ და სწორედ ამიტომ ვთქვი უარი "ზესტაფონთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კოკაიას, კლუბს და ჩვენს გულშემატკივარს პატივს არ ვცემ, ვიმეორებ, ამ ხალხის ამაგს არასოდეს დავივიწყებ!
ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო გადამიყვანეს მეორე გუნდში, ჩემი მოთამაშის ბარათიც დუბლებშია, გუნდი "ბრიუგესთან" მატჩისთვის "ბომონდ გარდენში" შეიკრიბა, მე კი "ზესტაფონი 2"-ში ვვარჯიშობ.
ძალიან მატკინა გული კლუბის განცხადებამ, ვითომ მე ბოლომდე არ ვიხარჯებოდი და თურმე ჩემი თამაში აღარ აკმაყოფილებდათ. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რადგან არც ერთ მწვრთნელს არასოდეს უთქვამს ასეთი რამ. შეიძლებოდა, თამაში არ წამსვლოდა, მაგრამ ბრძოლის ჟინი ყოველთვის მქონდა. არ მეგონა, გუნდში გატარებული ექვსი წლის შემდეგ ასეთ მოპყრობას თუ დავიმსახურებდი. თუმცა, ვიმეორებ, მიზეზი ახალ კონტრაქტზე უარი უნდა იყოს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გუნდს "ბრიუგესთან" წარმატება ვუსურვო. "ზესტაფონის" დახმარება ძალიან კი მსურდა, მაგრამ ამის შანსი არ მომეცა.
- ეროვნული ნაკრების წევრი დუბლშემადგენლობაში სათანადოდ როგორ მოემზადები?
- არ ვიცი და სწორედ ეს მადარდებს. თანაც ახლა ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვვარჯიშობ, რაც ტრავმის რისკიანობასაც ზრდის. ასე გამიძნელდება ნაკრების მატჩებისთვის კარგად მომზადება, ან გამომიძახებენ კი?
- მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ: "ლელომ" შეიტყო, რის გამო უთხარი უარი "ზესტაფონს" - ლვოვის "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმე.
- დიახ, ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და დეკემბერში "კარპატის" ფეხბურთელი გავხდები. უკრაინის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა და მიმაჩნია, რომ იქ თამაში უფრო წამადგება, რაც ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იქნება. მიხარია, ლვოველებმა ნდობა რომ გამომიცხადეს.
- უკვე 88-ნომრიანი მაისურაც გადმოუციათ.
- დიახ, ასეა, ლვოვში ვიყავი და "კარპატის" გენერალურმა დირექტორმა იგორ დედიშინი 88-ნომრიანი მაისურა გადმომცა.
- "ზესტაფონს" დაძაბული სათამაშო გრაფიკი ჰქონდა და ლვოვში ჩასვლა როგორ და როდის მოახერხე?
- თავისუფალი დრო მქონდა და მაშინ გავემგზავრე.
- "ზესტაფონთან" კონტრაქტი ხელს ვერ შეგიშლის?
- "ზესტაფონთან" სამწლიანი კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება. რაც მთავარია, ის ოფციონის წესით, ანუ პლუსით (მაგალითად, 2+1 - რედ.) არ გამიფორმებია, ასე რომ, კლუბი ხელს ვერ შემიშლიდა. ფიფას წესებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე შემეძლო ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.
ფეხბურთელებსაც გვაქვს ჩვენი უფლებები და მეც ამით ვისარგებლე ჩემი კარიერისა და მომავლის გამო.
ბოლოს კი ერთხელაც ვიტყვი: "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას, მწვრთნელებს, გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მადლობა ვუხდი ერთად გატარებული წლებისთვის. ნურავინ ჩათვლის, რადგან წავედი და თან ასეთი უსიამოვნო ამბავი მოხდა, "ზესტაფონისკენ" გახედვა არ მსურს - ასე ნამდვილად არ არის, უმადური ადამიანი არ ვარ, ბევრი სიკეთე მახსოვს და ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წავიდნენ, გაიზარდონ და ჩვენც გაგავახარონ, ეს არის ბუნებრივი, კარგიც და თუ ჩვენი ჩემპიუონატი მოღონიერდება, ნაკლები იქნება მიგრაცია.