უსაფრთხოება მხოლოდ საერთაშორისო კი არა, ეროვნული ჩემპიონატისა და თასის თამაშებსაც სჭირდება და რეკომენდაციები და მოთხოვნები აქაც მრავლადაა. შევეცდებით, თქვენი ყურადღება ყველაზე საინტერესო ნიუანსებზე შევაჩეროთ.
ხაზს ვუსვამთ, განვიხილავთ ადგილობრივ მოთხოვნებს, თორემ დღეისთვის საერთაშორისო სტანდარტების მქონე მხოლოდ ერთი სარბიელი გვაქვს და მოედანი იმასაც არ უვარგა.
ჩვენს უმაღლეს ლიგაში ზოგ კლუბს ისეთი სტადიონი აქვს, შეხედვაც რომ არ გესიამოვნება, მაგრამ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ არენებსაც მოეთხოვებათ. სხვა საქმეა,
სათამაშო მოედნის სიგრძე უნდა იყოს 100-105 მეტრი, სიგანე კი - 64-68 მეტრი. გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე მანძილი 5 მეტრს, ხოლო კარის ხაზიდან შემოღობვამდე 6 მეტრს უნდა შეადგენდეს. ამ კრიტერიუმს აშკარად ვერ აკმაყოფილებდა თემქის "შატილის" სტადიონი, მაგრამ რაკი "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში დაბრუნდა, "შატილი" უმაღლეს ლიგას (იმედია, სამუდამოდ) დაემშვიდობა.
სათადარიგოთა სკამი უნდა იყოს გადახურული და 13-ადგილიანი. გვერდითი ხაზიდან მისი დაშორება 4 მეტრი უნდა იყოს.
"თანაბარი და სწორი ბუნებრივი საფარი" - ვკითხულობთ მოთხოვნაში და დაგვეთანხმებით, ამ მოთხოვნას ბევრი სტადიონის საფარი ვერ აკმაყოფილებს, თუმცა რამდენიმე ქართული არენის ბოლოდროინდელი რეკონსტრუქცია გვაიმდებს, რომ ამ პრობლემას ეშველება. მისახედი კი, უპირველესად, ეროვნული სტადიონის გაზონია, რომელიც უკვე საერთაშორისო მასშტაბებით გვარცხვენს.
საფარზე არანაკლები პრობლემაა გასახდელები, რაც ბევრ სტადიონზე ელემანტარულ ჰიგიენურ და ვიზუალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. გასახდელის ფართობი მინიმუმ 64 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, აუცილებელია, სულ ცოტა, 5 საშხაპე და ორი ტუალეტი, ასევე ტაქტიკური დაფა, საწერი და მასაჟის მაგიდები. აქ საჭიროა 23 ადგილი ინდივიდუალური საკიდებით.
მსაჯების გასახდელში, რომელიც მინიმუმ 16 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, აუცილებელია 5 ადგილი ინდივიდუალური საკიდებით და თითო ტუალეტი, ნიჟარა, საშხაპე, ტაქტიკური დაფა და საწერი და მასაჟის მაგიდები.
დელეგატის ოთახი უნდა იყოს ოთხადგილიანი, ესაზღვრებოდეს ფეხბურთელთა და მსაჯთა გადახდელებს და აღჭურვილი იყოს კომუნიკაციის საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით). ცალკე ოთახია საჭირო სამედიცინო მომსახურებისთვის.
ყოველივე ამის უზრუნველყოფა შედარებით იოლია, ასევე შესაძლებელია სტადიონის ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობა.
უზარმაზარ ხარჯებთან არც რადიოკვანძის მოწყობაა დაკავშირებული, მაგრამ ზოგ სტადიონს ეს ელემენტარული მოწყობილობაც არ გააჩნია. აღარაფერს ვამბობთ გულშემატკივრებისთვის საჭირო ტუალეტებზე, რომელიც სტადიონების უმეტესობას არ გააჩნია და ამას ბუნებრივად მოჰყვება მთელი რიგი უსიამოვნო სიტუაციები, განსაკუთრებით თამაშის დამსწრე მანდილოსნებისთვის.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის გასამართი ოთახი, ფაქტობრივად, ყველა უმაღლესლიგელ კლუბს აქვს. პირობებზე არაფერს ვიტყვით, იმაზეც მადლობლები ვართ, უამინდობისას მწვრთნელებთან გასაუბრება ღია ცის ქვეშ რომ არ გვიწევს. აი, მოთხოვნებში ნახსენებ დენის წყაროსა და ინტერნეტზე კი რა გითხრათ.
ბევრგან ელემენტარული პირობებიც კი არ არის ტელევიზიებისთვის, არადა, ამის გარეშე პირდაპირი რეპორტაჟების გადაცემა შეუძლებელია.
მოკლედ, სტადიონები მისახედი გვაქვს და იმედია, უახლოეს პერიოდში ამ კუთხით პატარა ნაბიჯებს მაინც გადავდგამთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"