ხონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უმჯობესდება

AutoSharing Option
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა რთულია არა მარტო რეგიონებში, არამედ უფრო მაღალ დონეზეც, პრობლემური ვითარების გამოსწორება მხოლოდ ადგილობრივი ძალებით, სპეციალისტებით, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნიკის უქონლობის პირობებში კი თითქმის შეუძლებელია.

მას შემდეგ, რაც ხონის საფეხბურთო კლუბი პირველ ლიგაში გადავიდა, დღის წესრიგში დადგა სტადიონის კეთილმოწყობის საკითხი, რომელიც ეტაპობრივად გადაიჭრა ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, თუმცა ბოლომდე ვერ მოხერხდა ბუნებრივსაფრიანი მოედნის ხარისხის გაუმჯობესება, რის გამოც "იმერეთს" უარი ეთქვა საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობაზე.

ამჟამად ეს საკითხიც მოგვარებულია საქმისადმი იმ მიდგომის წყალობით, რომელიც აირჩია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ.
მისი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ინიციატივით, უცხოური სპეცტექნიკით, იტალიური მრავალფუნქციური მანქანა "პერუცოს" დახმარებით, რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტის გიორგი კობრავას მართვით ერთდროულად აკეთებდა მინდორზე რამდენიმე ოპერაციას, ხონში საფრის ვარგისიანობა მოწესრიგდა და "იმერეთი", რომელიც წინა საფეხბურთო სეზონში არაერთ საშინაო მატჩს მეზობელ მარტვილში ატარებდა, 29 აგვისტოს თავის მოედანზე მიიღებს ლანჩხუთის "გურიას".

ამავდროულად, ხონის საფეხბურთო საზოგადოების სურვილია, ქალაქის ცენტრალურ სტადიონს მიენიჭოს ლეგენდარული ქართველი კომიკოსის, ხონში დაბადებულ-გაზრდილი იპოლიტე ხვიჩიას სახელი, რომელიც საფეხბურთო როლების განუმეორებელი შემსრულებელი გახლდათ. იმედია, შესაბამისი სტრუქტურები ამ თხოვნას დააკმაყოფილებენ.

დემურ ტორაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაფში ამოვლებული ბურვაკებივით რომ არიან აგი ფეხბურთელები, დააგეთ ახალი ბალახის საფარი, თვარა ვერ ვარჩევთ გულშემატკივრები ამ ტალახში ადამიანები დარბიან თუ ღორები. განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ვისაც სათვალეები გვიკეთია, ვერ ვხედავთ კარგათ რა ჯიშის ცხოველები დარბიან ტალახიან მოედანზე.

იპოლიტე ხვიჩიას ისე ღორები ქე უყვარდა.
უძლევი
18:37 22-08-2011
0

სიახლეები პოპულარული