"დინამომ" კიდევ ერთი სპონსორი შეიძინა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი სპონსორი შეიმატა - ავტომობილების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანია "ჰიუნდაი", რომელიც აქტიურად საქმიანობს ფეხბურთში და ბოლო წლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მუდმივი სპონსორია.

გუშინ, 23 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ამ ფირმასთან.

მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით, რომ, პოლოლიკაშვილის თქმით, "ჰიუნდაი ელანტრას" ახალი მოდელები ესპანელ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს გადაეცემათ, რადგან ჩამოსვლის ერთ-ერთ წინაპირობად ესეც იყო.

თუმცა კონტრაქტი ესპანელების გამო არ გაფორმებულა - უახლოეს პერიოდში "დინამო" ამ სამხრეთკორეული კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებს.

ზურაბ
პოლოლიკაშვილი:
აეკ-თან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე მსოფლიოში ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივარ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება ძალიან გვიხარია. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თანადგომა და პატივია. გულახდილად თუ ვიტყვით, კომპანიის მხრიდან ამ ნაბიჯის სწაფად გადადგმა გარკვეული რისკიც იყო, ვინაიდან "დინამო" ძველი ბრენდია, თუმცა ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია. კომპანიასთან ერთად ბევრ ერთობლივ აქციას ვგეგმავთ.

პირველივე საშინაო შეხვედრაში "დინამოს" მაისურაზე კომპანიის ლოგოს გამოვისახავთ. კონტრაქტი სამწლიანია და იმედია, თანამშრომლობა უფრო მასშტაბური გახდება. ჩვენი ავტოფარეხი "ჰიუნდაის" მანქანებით შეივსება, გუნდისთვის ორ ავტობუსს მალე შევიძენთ.

- "ჰიუნდაის" მანქანები ფეხბურთელებს დაურიგდებათ?
- სამწუხაროდ, ახლა არ არის იმის საშუალება, რომ ავტომობილები ყველას დავურიგოთ, მაგრამ კომპანია დინამოელებს, გუნდის ქომაგებსა და ფანკლუბის წევრებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ბონუსებს შესთავაზებს.

* * *
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ხელმომწერმა მხარეებმა ეროვნული სტადიონის არენაზე გადაინაცვლეს და ხისკომ და კოტომ "ჰიუნდაის" ახალი მოდელები მიიღეს - შესაბამისად, შავი და თეთრი ფერის.

დაბოლოს, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ევროპის ლიგის პლეი ოფში საბერძნეთის აეკ-თან განმეორებით მატჩამდე "დინამო" მაყურებელთა მისაზიდად აქციას გეგმავს, სტადიონზე მისულ ყველა გულშემატკივარს კი სკამზე "დინამოს" ფორმის ფერების ფურცელი დახვდება.

"იმედია, გულშემატკივარი ისედაც შეიმოსება ჩვენს ფერებში და ამ ეტაპს წარმატებით გავივლით" - ამბობს "დინამოს" მმართველი დირექტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული