პოლოლიკაშვილი: გვინდა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი გვქონდეს

AutoSharing Option
გუშინ თბილისის მერიაში ჩვენი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თბილისის "დინამოს" ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი გადაეცა. თბილისის მერიასა და საფეხბურთო კლუბს შორის 49-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გიორგი ცხაკაია: მნიშვნელოვანია შეთანხმების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, სტადიონის ახალი მმართველი ვალდებულია განახორციელოს დიდძალი ინვესტიცია. უპირველესად, შესაცვლელია საფარი, გასაუმჯობესებელია სხვა პირობებიც, რათა სტადიონმა ფიფასა და უეფას სტანდარტები დააკმაყოფილოს.
აღსანიშნავია, რომ დღეს "დინამოს" უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს და გუნდი უკვე
კუთვნილ სტადიონზე ითამაშებს.

ხელშეკრულების თანახმად, სტადიონს 49 წლის მანძილზე პროფილი სრულად შეუნარჩუნდება.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ეს დღე სიმბოლურია, რადგან "დინამოს" დაუბრუნდა სტადიონი, რომელიც, ტრადიციულად, მასთან იყო გაიგივებული და ყველა "დინამოს" სტადიონს უწოდებდა.

ცხადია, საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, უპირველესად, საფრის შეცვლას ვაპირებთ.

სტადიონის თემა "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას ძალიან აღელვებს, მას სურს, მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს და ნებისმიერი რანგის თამაშს უპრობლემოდ ვუმასპინძლოთ, საამისოდ კი დიდ ინვესტიციას გეგმავს.

საფარს აეკ-თან ან "ზესტაფონთან" 28 აგვისტოს მატჩის შემდეგ ავიღებთ და ძალიან მალე აბსოლუტურად განახლებულ არენაზე ვითამაშებთ.

პრესკონფერენციის შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილს სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ.
- სტადიონზე არა მხოლოდ საფარი, განათებაც შესაცვლელ-გასაახლებელია: ბოლო დროს შუქმა ისე დაიწყო თამაში, თითქოს საფეხბურთის კი არა, საკონცერტო განათებაა. შესაძლოა, უეფას მკაცრმა დელეგატმა ამის გამო დაგვსაჯოს ან თამაში აგვიკრძალოს.
- გეთანხმებით, ეს სავსებით შესაძლებელია, ამიტომაც გვსურს, რაც შეიძლება მალე გამოვცვალოთ საფარი და განათების სისტემა. ორივე უმაღლესი ხარისხისა იქნება.

- როდისთვის გეგმავთ სამუშაოების დასრულდებას?
- გვინდა, ერთ თვემდე ვადაში ჩავეტიოთ, რადგან დღეს თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით, თამაშები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გველის და სამუშაოების დასასრულებლად ძალიან ცოტა დრო დაგვრჩება. ამ გადაუდებელი საქმის დამთავრებას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ვგეგმავთ. რომან ფიფია რეკონსტრუქციის სწრაფი ჩატარებითაა დაინტერესებული.

- გამიგია, საფრის შეცვლას ორი თვე მაინც სჭირდებაო.
- ჩვენ გაწერილი გვაქვს სამუშაოების გეგმა, ასე რომ, ამ პრობლემის მოგვარება ერთ თვეშიც შესაძლებელია. საფარი კი ისეთივე მაღალი ხარისხის იქნება, როგორიც ევროპის ყველაზე ცნობილ სტადიონებზეა. ასეთი საფარია "დინამოს" დიღმის ბაზაზე, რომელიც სპეციალისტებს ძალიან მოეწონათ.

- სტადიონის განახლება კიდევ რას ითვალისწინებს?
- სამუშაოები არენის შიდა და გარე პერიმეტრებზეც იწარმოებს. სტადიონზე ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც მაქსიმალურად კარგ პირობებში უნდა იყვნენ. უკვე დასრულებულია პროექტირებაც. რომან ფიფიას სურს, რომ თბილისში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი გვქონდეს, თანაც, იგი დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და არ შეიძლება, ცუდად გამოიყურებოდეს.

- სკამების შეცვლაც თუ იგეგმება?
- ჯერ მათი შეცვლის აუცილებლობა არ არის, თუმცა, მოგეხსენებათ, სტადიონი უზარმაზარი ობიექტია, ასე რომ, მისი განახლება მუდმივი პროცესია.

- 28 აგვისტოს "დინამო"-"ზესტაფონი" ეროვნულზე გაიმართება თუ გადაიდება?
- ჯერ ვერ გეტყვით. არადა, ორივეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის, რომლებშიც მოთამაშეები უდიდეს ემოციურ და ფიზიკურ ენერგიას დახარჯავენ. ჩვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის უმთავრესი შეხვედრა უფრო დამშვიდებულ გარემოში უნდა ჩატარდეს. გუნდებისთვისაც ასე აჯობებს და მაყურებლებისთვისაც.

- რეკონსტრუქციის პერიოდში "დინამო" სად ითამაშებს?
- ალბათ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. სექტემბერში ორი შეხვედრა გველის და იმედია, ოქტომბერში მეტოქეებს საკუთარ სტადიონზე მივიღებთ.

- საფრის შეცვლისას სარბენი სექტორი არ დაზიანდება?
- არ დაზიანდება, რადგან ეს ტექნიკურად არის გათვლილი. თანაც, 2015 წელს ეროვნული სტადიონი ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და მანამდე ახალი სარბენი ბილიკებიც დაიგება, რომლისთვისაც ცალკე მოეწყობა განათების სისტემა. ეს სტადიონის მთლიანი განათების ხარისხსაც გააუმჯობესებს.

- სათადარიგო მოედნის განახლებას თუ ფიქრობთ?
- მოგეხსენებათ, ჩვენ დიდ საფეხბურთო აკადემიას ვაფუძნებთ, სადაც ბევრი ბავშვი ივარჯიშებს, ასე რომ, "დინამოს" მცირე არენის განახლებაც კარგი იქნება. მაგრამ იქ მხოლოდ ერთი მოედანია და ეს აკადემიის მთლიანად ეროვნულ სტადიონზე გადატანის საშუალებას არ იძლევა.

- აკადემია ეროვნული სტადიონისა და დიღმის ბაზის მოედნებზე რომ გადანაწილდეს?
- აკადემია ცალკე დაფუძნდება და თუ სად განთავსდება, მალე შეიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნორმალური სათამაშო მოედნის აუცილებლობას არავინ უარყოფს, მაგრამ თვითონ გუნდს მიხედეთ ბატონებო,კოტოების მსგავსი ფეხბურთელები საკუთარიც ბევრი გვყავს.ახალ მეპატრონეებს "დინამო" ჰობის პონტში თუ არა აქვთ შეძენილი, მაშინ კეთილი ინებონ და გაიკრან ჯიბეზე ხელი, თუ არა და დაფიქრდნენ იმაზე, რომ "დინამო" არა მარტო იურიდიულ მეპატრონეს, არამედ მთელ საქართველოს ეკუთვნის.
oldcoyot
16:18 26-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული