ბელგიური მასტერკლასი

AutoSharing Option
მატჩის პირველივე წუთებზე ხვდები, რომ ბელგიაში ფუჭი იმედებით ჩახვედი, პირველი ტაიმის შუაწელისთვის კი იმასაც ასკვნი, რომ ყველა სახიფათო მომენტის აღწერას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი დრო და ადგილი დასჭირდება და თან მკითხველს თავს შეაწყენ. მოკლედ, "ბრიუგემ" ისეთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარა, რომ მის საჭიროებას ჩვენი ფეხბურთელები ცხელ გულზეც კი მიხვდნენ.

"ევროტურნირებზეც და შეკრებებზეც ბევრი ცნობილი კლუბის წინააღმდეგ გვითამაშია, მაგრამ ასეთ ძლიერ მეტოქეს არსად გადავყრივართ", - ასეთი იყო "ზესტაფონის" ფეხბურთელთა საერთო აზრი. თავს ზემოთ ძალა არ იყო, ამ დონის
მოწინააღმდეგის დასაძლევად ჯერ მზად არ ვართ, გუშინწინდელი მატჩი კი, სავსებით შესაძლებელი იყო, კატასტროფული სხვაობით წაგვეგო, იღბალი აშკარად საქართველოს ჩემპიონის მხარეს იყო.

გვქონდა იმედი, რომ ჩვენი ჩემპიონი ბელგიის მეოთხე გუნდს რაიმეს დაუპირისპირებდა, მაგრამ რას ვიზამთ, ჯგუფი ჩვენთვის ნაადრევი ყოფილა, იმას უნდა დავჯერდეთ, რომ ამ ზაფხულს ევროსარბიელზე მეტ-ნაკლებად ღირსეულად წარმოვჩნდით და ევროპის საკლუბო რეიტინგში არცთუ პატარა ნახტომი გავაკეთეთ.

Sportall.Ge

ისტორიულ-საფეხბურთო სამოთხე
ქალაქის ბრწყინვალების შესახებ გუშინწინ უკვე გიამბეთ და ბევრს ვერაფერს დავამატებთ - ბრიუგე აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახო. თუ ეს ბედნიერება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გეწვია, შთაბეჭდილებების ტყვეობაში ძალიან დიდხანს იქნები.

მაღალ დონეზეა გულშემატკივრობის კულტურაც - "ბრიუგესაც" და "სერკლსაც" ათეულ ათასობით ერთგული ფანი ჰყავთ, რომლებიც საყვარელ გუნდებს ნებისმიერ შეხვედრაში აქტიურად უჭერენ მხარს. 28-ათასიან "იან ბრეიდელზე" 15 ათასი მაყურებლის დასწრება ბელგიის ჩემპიონატის არცთუ გადამწყვეტ მატჩზეც კი გარანტირებულია - სწორედ ამ რაოდენობის სეზონურ აბონემენტებს ჰყიდიან ბრიუგეს კლუბები. აბონემენტის ყიდვა ეკონომიურია. 300-400 ევროდ ქომაგი სეზონში 20-25 მატჩს ნახავს, მაშინ, როცა "ბრიუგე"-"ზესტაფონის" შეხვედრაზე ბილეთის ფასი 30-დან 120 ევრომდე იყო.

Sportall.Ge

შუა საუკუნეები აქ არ გვინდოდა
საკონფერენციო დარბაზი, რომელიც "ბრიუგესაც" და "სერკლსაც" თავთავისი აქვთ, ამავდროულად საკლუბო მუზეუმიცაა. "იან ბრეიდელზე" ქომაგთან ერთად ჟურნალისტისთვისაც სრული კომფორტია შექმნილი, მაგრამ ვერც დიდ უსიამოვნებას ავცდით. ჟურნალისტებს საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების დიდ და უფასო არჩევანს კი სთავაზობენ, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი პრობლემებია ინტერნეტთან დაკავშირებით, რაც სტრესულ და ცაიტნოტურ ვითარებაში ყოფნისას ხარისხიანი ბელგიური ლუდის დაგემოვნებით მიღებულ სიამოვნებასაც გიშხამებს და შიმშილსაც გავიწყებს.

"ბრიუგეს" პრესსამსახური ქართველ ჟურნალისტებს, ერთი შეხედვით, გულთბილად კი დაგვხვდა, მაგრამ საქმეში ეს არ ასახულა - თამაშისას და მატჩისწინა დღეს დაბრკოლებები არ მოგვკლებია. მთავარი პრობლემა "იან ბრეიდელის" სტადიონზე ინტერნეტი იყო, რაც, როგორც წესი, ჟურნალისტებისთვის ნებისმიერ საერთაშორისო მატჩზე უფასო და შეუფერხებელია, ბრიუგეს არენაზე კი თანამედროვეობაში სულ იოლად ხელმისაწვდომი სერვისი დევის მიერ გადაკეტილ წყაროდ იქცა - ფასიანი ინტერნეტი, რომელიც ძალიან ნელი იყო და წამდაუწუმ ითიშებოდა, საათში 30 ევრო ღირდა, მატჩის სრულფასოვნად გასაშუქებლად კი, სულ მცირე, სამი საათია საჭირო.

ამ მიზეზით "ლელოს" რედაქციამ ბელგიური რეპორტაჟი გაზეთის სტამბაში გაგზავნამდე ცოტა ხნით ადრე, ისიც არასრული სახით მიიღო. მატჩის მიმოხილვის თბილისში გადაცემა კი ბელგიელი კოლეგების დამსახურებაა, რომლებმაც მასალის ელექტრონული ფოსტით გადმოსაგზავნად დიდსულოვნად დაგვითმეს საკუთარი ლეპტოპები. ეს თხოვნა კი გაუკვირდათ, მაგრამ რომ ნახეს, როგორ დღეში ვიყავით, "ბრიუგეს" პრესსამსახურის ნაცვლად შერცხვათ.

ერთი ლიტრი ქართული...
მატჩის შემდეგ გეგმიური დოპინგკონტროლი ჩატარდა, რომელზეც "ზესტაფონიდან" ორ ფეხბურთელს უხმეს. პირველმა "ვალი" რამდენიმე წუთში მოიხადა, მეორეს კი მოთხოვნის შესასრულებლად საათზე მეტი დასჭირდა. არც არის გასაკვირი - ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ კონტროლის ოფიცრებს თითოეული ფეხბურთელისგან ერთი ლიტრი შარდი სჭირდებოდათ. "ზესტაფონის" მოთამაშეს სასურველი შედეგის მისაღებად რამდენიმე ლიტრი წყალი დაალევინეს.

კიდევ კარგი, ის ფეხბურთელი იუმორის გრძნობას არ უჩიოდა და ამ ამბავმა მთელი გუნდიც გაახალისა.

გრენლანდია საჩუქრად
"ზესტაფონმა" ბელგიაში საჩუქრად ქართული ღვინო ჩაიტანა, "ბრიუგეს" ხელმძღვანელობამ კი ქართველებს უზარმაზარ ჩარჩოში ჩასმული გუნდის სათამაშო ფორმა უსახსოვრა. ჩარჩო აშკარად არ იყო ძვირფასი, მაგრამ ჩვენებს მხოლოდ მაისურის წამოღება მოერიდათ და მომცრო ავიალაინერში ჩარჩო აშკარად ზედმეტი ნივთი აღმოჩნდა. "ზესტაფონის" გადაქანცული წევრები ხუმრობდნენ, გაიტანეთ გრენლანდიაო.

მოკლედ, "ბრიუგემ" ქართველები მხოლოდ თამაშით კი არა, უზარმაზარი საჩუქრითაც გვარიანად გააწვალა და ბელგიიდან საქართველომდე ფეხბურთელები, რომელთა ფსიქიკისთვის განვლილი წარუმატებელი მატჩის დავიწყება სჯობს, "ბრიუგეს" ჩარჩოიან მაისურას შესცქეროდნენ.

ლევან ჯანეზაშვილი (ბრიუგე-თბილისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული