თბილისის "დინამოს" ბაზას ვეღარ იცნობთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ბაზაზე სწრაფი ტემპით მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება, საზოგადოება იხილავს, რა და როგორ გაკეთდა და, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდაც გაოცდება.

პირველი პრინციპული სიახლე სივრცის მოწყობის კონცეფციაა - ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული სპორტული კომპლექსი ყრუ კედლებით იყო შემოზღუდული და საიდუმლო ორგანიზაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა.

ეს კედლები საბჭოური პერიოდიდან მოყოლებული, მედიისა და გულშემატკივრის ნერვებზე "თამაშობდა" და მისი მოშლა ბევრჯერ გვინატრია: ვარჯიში ხშირად იხურებოდა, ჩვენ კი ჭოკით მხტომელები არ ვართ, კედლის მიღმა მომხდარისთვის შეგვევლო თვალი. ეს უფრო ახირება და იმის დემონსტრირების მცდელობა
იყო, თითქოს შიგნით განსაკუთრებულ ჩანაფიქრზე მუშაობდნენ - ნაკრებიც და კლუბიც. მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რას მალავდნენ - გენიალურ ჩანაფიქრებს რაღაც ვერ ვიხსენებთ.

ახლა კედლები ღია მესერმა შეცვალა, რაც ევროპაშიც მიღებულია. ამით "დინამომ" დააფიქსირა ის, რომ საზოგადოებისგან განცალკავება, კარჩაკეტილობა და საიდუმლო ორგანიზაციასავით არსებობა აღარ სურს - ნებისმიერ გულშემატკივარს მიეცემა ვარჯიშის გარედან ცქერის საშუალება.

სხვათა შორის, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, კლუბმა ბაზის გარე პერიმეტრის გალამაზებაც ივალდებულა და სკვერის მოწყობა თითქმის დაასრულა, რომლის განათებაზეც "თბილქალაქგანათების" ხელმძღვანელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნიკა ტოგონიძე ზრუნავს.

ბაზაზე უკვე დაგებულია მართლაც ჩინებული საფარი - საწყენია, რომ ასეთი მინდორი ჯერ მხოლოდ "დინამოს" ბაზაზეა. ფეხბურთელები ამბობენ, რომ უმაღლესი ხარისხის მოედანია. მალე აქ კიდევ ორ მინდორს დააგებენ, ბუნებრივ და ხელოვნურსაფრიანს და "დინამოს" განკარულებაში იქნება სამი მოედანი - ორი ბუნებრივი და ერთი ხელოვნურსაფრიანი.

თბილისის "დინამოს" კაპიტანი ალეკო კოშკაძე: "ფეხბურთელის გაზრდაში მოედნის საფარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უხარისხო მოედანზე ერთი შეხებით ვერ ითამაშებ და არასწორად იზრდები. მაგალითისთვის ეროვნულ სტადიონს მოვიყვან, სადაც ბოლო დროს ერთი შეხება, პასის მიცემა და სწრაფი თამაში ძნელი იყო. კარგ მოედანზე ბურთის ნაცვლად თამაშს უყურებ, შეტევასაც უფრო სწრაფად ახერხებ, ეს ყველაფერი კი საკუთარ ბაზაზე ვარჯიშიდან მოდის და ამიტომაც მიხარია, ხარისხიანი მოედნებს რომ აკეთებენ ბაზაზე, ეროვნულ სტადიონზე, ზესტაფონში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ჩემპიონატშიც უფრო სწრაფი თამაშები იქნება და ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთს ძალიან წაადგება".

როდის დასრულდება ბაზის მშენებლობა, ამაზე დიღმის ბაზის დირექტორს ვიტალი გულორდავას გავესაუბრეთ: "მთავარი სამუშაოები 20 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს - საფრის გარდა, სრულად განახლდა საცხოვრებელი კორპუსი და სატრენაჟორო დარბაზი, პირველს ახალი ნომრები დაემატა, მეორეს - გასახდელები. მალე ტერიტორია მოწესრიგდება, საფარი კი უკვე დაგებულია. სათადარიგო და ხელოვნურსაფრიანი მოედნების მშენებლობა ამის მერე დაიწყება. მეორე ეტაპზე კი აშენდება კორტები, 25-მეტრიანი აუზი, შადრევანი, რაც ბაზას კიდევ უფრო გაალამაზებს".

საცხოვრებელი კორპუსში ფეხბურთელები მხოლოდ შეკრების დროს დაბინავდებიან, დანარჩენ დროს კი ტრენაჟორების დარბაზის გასახდელებით ისარგებლებენ. სხვათა შორის, ესეც მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებაა - ევროპაში გუნდები ბაზაზე არ ცხოვრობენ, ფეხბურთელები მატჩზე სახლიდან მიდიან.
ჩვენთან კი თავიდანვე გამეფებული იყო მოთამაშეებზე ტოტალური კონტროლი და მათ მიმართ უნდობლობა. ადრე თუ გვიან ესეც წარსულს უნდა ჩაბარდეს და ევროპელებისთვის ჩვეულ წესზე გადავერთოთ, როცა მოთამაშე საკუთარ თავს თავად აკონტროლებს - სხვაგვარად პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება.

თბილისის "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძე სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას: "სპორტული მხარისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ახალი ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ გუნდში ატმოსფერო შეიცვალა. ვამჩნევთ, რომ ფეხბურთელები და თანამშრომლები საათზე აღარ იყურებიან, რაც გუნდის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ნიუანსია".

ქუთაისში საქართველო-ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრისას ნანახმა საშინელებამ დაგვარწმუნა, რომ "დინამოს" გეზი გამართლებულია, როდესაც ესპანელებს მიანდეს გუნდის გაწვრთნა, აკადემიის ხელმძღვანელობა და პირინეელი მოთამაშეები ჩამოიყვანეს - ესპანელები მართლაც სხვა განზომილებაში ცხოვრობენ და დინამოელები ამბობენ კიდეც, რომ ჩამოსულთაგან ბევრს სწავლობენ.

უცხო თვალით დანახული შენი ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ "დინამოს" დინამიურ შენებაზე გუნდის ესპანელ ლეგიონერ ჩისკოსაც დავეკითხე, რადგან ბევრი უნახავს და ბაზებითა და სტადიონებით ვერ გააკვირვებ. მალე უმაღლესი დონის ბაზაზე ვივარჯიშებთ, ევროპული დონის სპორტული კომპლექსი შენდებაო, თქვა და იგრძნობოდა, რომ კოჭს კი არ გვიგორებდა, ასეც ფიქრობდა.

გიგა გვენცაძე: "როდესაც რომან ფიფიამ თბილისის "დინამო" შეიძინა და გენერალურ დირექტორად ზურაბ პოლოლიკაშვილი დანიშნა, ყველა სიახლის მოლოდნში იყო, მაგრამ ბევრს ეგონა, რომ ბაზაზე მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდებოდა. სინამდვილეში, ბაზის აშენების შემდეგ პირველად დაიწყო მისი მასშტაბური მოდერნიზაცია, რაც ყველაფერს შეეხო. მიზანი კი საერთაშორისო სარბიელზე კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა.

სხვათა შორის, მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს გუნდის წევრთა საკონტრაქტო პირობებიც, რაც გუნდის მშენებლობაში სულაც არაა უმნიშვნელო ფაქტორი. რაც მთავარია, უტრათანამედროვე ბაზა გვექნება.

თამამად ვიტყვი, რომ მალე დინამოელებს ფეხბურთზე ფიქრისა და საკუთარი მოვალეობების კარგად შესრულების გარდა, საფიქრალი არ ექნებათ.

ტექნიკური სპონსორი "ადიდასი" მალე კლუბის ფორმას ახალ დიზაინით დაამზადებს და "დინამოს" ყველა გუნდს შემოსავს, აკადემიის ასაკობრივ გუნდებსაც კი, მომავალი სეზონიდან კი გუნდი იმ ფორმით იასპარეზებს, რომელსაც გერმანული კომპანია მხოლოდ თბილისელებისთვის დაამზადებს".

"დინამოს" ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაძე: "გუნდის მეპატრონე რომან ფიფია და გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამხელა პროექტით რომ დაინტერესდნენ, ეს კლუბის მასშტაბებზე მეტყველებს. დიდი სამუშაოები ჩატარდება ეროვნულ სტადიონზეც, შეიცვლება ბალახის საფარი, განათების სისტემა და კიდევნ ბევრი რამ. იქ ველოდებით უეფას რეკომენდაციებს და აუცილებლად გავითვალისწინებთ, რადგან გუნდი დაინტერესებულია, რომ ეროვნულმა სტადიონმა მეოთხე კატეგორია მიიღოს.

საფრისა და განათების სისტემის გამოცვლის შემდეგ დაიწყება სხვა სამუშაოებიც და, წესით, 25 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ. მოედანს კი ქართული კომპანია "გრინტექსი" დააგებს, რომელიც, კონტრაქტის მიხედვით, გარკვეული პერიოდი ვალდებული იქნება, საფარსაც თავად მოუაროს. სხვათა შორის, განათების სისტემა ბაზაზე ორივე ხელოვნურსაფრიანი მოედანისთვისაც დამონტაჟდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული