პირველი სპარინგ-მატჩი "ინტერმა" გორის "დილასთან" ჩაატარა და შეგახსენებთ, რომ ის მართლაც საინტერესო ამხანაგური შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით (3:2) დამთავრდა. არანაკლებ საინტერესო გამოდგა "ინტერის" მომდევნო
მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ "ინტერის" წინააღმდეგ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა: ძაძამია-ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი-ჯანელიძე, მაისაშვილი-კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე-ჩიმაკაძე; რაც შეეხება მის კოლეგას, წინა საკონტროლო მატჩისაგან განსხვავებით კახა ცხადაძემ ძირითად შემადგენლობაშიც რამდენიმე ცვლილება განახორციელა და "ინტერის" ტაქტიკური განლაგებაც შეცვალა (სტუმრები პირველ ტაიმში 4-1-4-1 სქემით ასპარეზობდნენ): კრამარენკო-დაშდემიროვი, აბრამიძე, ასიოლი, კანდელაკი-მირილი-გაჯიევი, ჩერვენკა, ზლატინოვი, მამედოვი-კარლსონსი. ტრავმების გამო სტუმართა გუნდში არ უთამაშიათ ვლადიმერ ლევინსა და ენიო კრასტოვჩევს, ასევე ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს შეხვედრას "ინტერის" ახალწვეულები - ხრაპანი (სლოვაკეთი), და როჩა და მარიო სოუზა (ორივე-ბრაზილია). ამ საკონტროლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სტუმართა გუნდის კიდევ ერთ ლეგიონერს - საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, 32 წლის გიორგი ლომაიას "ინტერის" ქართველმა მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.
ფიფას არბიტრის, გიორგი ვადაჭკორიას სასტვენისთანავე, ერთობ სწრაფი და საინტერესო მატჩის მომსწრე გავხდით; თანაც, ამ საკონტროლო შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი მე-2 წუთზევე შეიქმნა: სტუმართა მცველთა პოზიტიური შეცდომის შემდეგ ბესიკ ჩიმაკაძე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მასპინძელთა 23 წლის ცენტრფორვარდისა და "ინტერის" 37 წლის მეკარის, დიმიტრი კარამარენკოს "დუელი" ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა.
ამის შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და დაახლოებით მეათე წუთი იქნებოდა, რამდენიმეწამიან ინტერვალში მასპინძლები ზედიზედ ორჯერ რომ გადარჩნენ: 23 წლის ნიზამი გაჯიევის დარტყმული ბურთი "ვეტერინართა" კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი 30 წლის პეტარ ზლატნოვის შორეული დარტყმა და გიორგი ძაძამიას ჩინებული რეაქცია ვიხილეთ.
გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" 22 წლის მეკარემ მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა: პირველი ტაიმის შუაწელს ძაძამიამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, როცა იმავე ზლატინოვის ძლიერი და "უხერხული" დარტყმა მოიგერია. ისე, ამ ეპიზოდზე ცალკეც ღირს საუბარი: სტუმართა ამ კომბინაციაში, ლამის იყო ნახევარი გუნდი (ჩერვენკა, კანდელაკი, მამედოვი, კარლსონსი, ზლატინოვი) მონაწილეობდა, მაგრამ "ინტერის" ბულგარელმა პლეიმეიკერმა ვერც ამ ჯერზე აჯობა გიორგი ძაძამიას.
ამის შემდეგ სტუმრებს კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდათ - გაჯიევის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გირტს კარლსონსი ბურთს თავით გზავნიდა მასპინძელთა კარისკენ, მაგრამ წინა საკონტროლო მატჩისაგან განსხვავებით, 30 წლის ლატვიელმა ფორვარდმა მოედანი ამჯერად უგოლოდ დატოვა. ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს: სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ჩიმაკაძისა და კრამარენკოს ორთაბრძოლა იმით დამთავრდა, რომ არბიტრმა "ინტერის" კარგი პენალტი დანიშნა! თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა, 21 წლის დავით ჯანელიძემ ეს შანსი ვერ გამოიყენა - უგამოცდილესმა კრამარენკომ პენალტი მოიგერია!
ტაიმის ბოლომდე მეტოქეებმა თითო-თითო დარტყმა გაცვალეს, მაგრამ უშედეგოდ: 21 წლის ბექა ზაქრაძის თავურიც არაზუსტი აღმოჩნდა და სტუმართა შორის ყველაზე აქტიურის (მარჯვენა მცველის, 24 წლის არიფ დაშდემიროვის მსგავსად), პეტარ ზლატინოვის მორიგი შორეული დარტყმაც.
შესვენების შემდეგ ორივე გუნდის თავკაცმა, ზურაბ ბერიძემაც და კახა ცხადაძემაც არაერთი ცვლილება განახორციელეს და თავის გამოჩენის საშუალება სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს; "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში გამოჩნდნენ: გოგიაშვილი, ვასაძე, გურამ გურეშიძე, კალანდია, ხუმარაშვილი, დავლაშელიძე, ვაშაკიძე, ოთარიშვილი, კუხალეიშვილი, ჯავაშვილი, სიხარულიძე და ლობჯანიძე; თუმცა, გიორგი ძაძამიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მასპინძელთა მეკარემ ჯერ 18 წლის ელნურ აბდულოვის შორეული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი 25 წლის ასიფ მამედოვის თავურიც!
საერთოდ კი, მეორე ტაიმი პირველთან შედარებით, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გამოდგა და მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზეღა ვიხილეთ ორი სახიფათო მომენტი: ჯერ იყო და 25 წლის სამირ ზარგაროვს მართებდა გოლის გატანა; მერე კი "ინტერის" ქართველი ფეხბურთელების ეფექტური კომბინაციაც ვიხილეთ: 29 წლის ილია კანდელაკის ზუსტი პასის შემდეგ 23 წლის ბაჩანა ცხადაძე "ერთი შეხებით" ურტყამდა, მაგრამ ბურთი "ვიტ ჯორჯიას" კარის ძელს მოხვდა. აი, ასე - უგოლო ფრეთი დასრულდა ორივე გუნდისთვის მართლაც სასარგებლო სპარინგ-მატჩი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"