როგორ უნდა შვას წარსულმა მომავალი?

AutoSharing Option
ასეთი სექტემბერიც გვახსოვს
სექტემბერი თბილისის "დინამოს" ისტორიაში კარგად გასახსენებელი თვეა: 35 წლის წინათ, 1976 წლის 3 სექტემბერს თბილისელებმა საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის "ლუჟნიკზე" ერევნის "არარატი" 3:0 დაამარცხეს და ხუთი წაგებული ფინალის შემდეგ თასს პირველად დაეუფლნენ. გოლები დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს.

ფინალამდე დინამოელებმა ზაპოროჟიეს "მეტალურგი," ლენინგრადის "ზენიტი," ლვოვის "კარპატი" და დონეცკის "შახტიორი" დაამარცხეს. თასის იმ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით დავით ყიფიანი გახდა.

30 წლის წინ კი, 1981 წლის 31 აგვისტოს თბილისის "დინამო" მადრიდში, საერთაშორისო
ოთხთა ტურნირის პირველ შეხვედრაში მასპინძელ "რეალს" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა. მეორე დღეს, 1-ელ სექტემბერს დინამოელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში მსოფლიოს ფეხბურთის გრანდს, მიუნხენის "ბაიერნს" 2:1 აჯობეს დაუსრულებელი შეხვედრაში, რომელშიც ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, კაკილაშვილი (ჟვანია), ყიფიანი (ანდღულაძე), გუცაევი, შენგელია.
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

ძველი სიუჟეტი მომავლისთვის
"იუთუბიზე" ამ ტურნირისადმი მიძღვნილი ძველი სიუჟეტი ვნახე, ჩვენი უფროსი კოლეგა დავით ქლიბაძე ისეთ ამბებს იხსენებდა, შეუძლებელია, არ მოგითხროთ.
ეს ტურნირი მადრიდში მესამედ ტარდებოდა (1979 წლიდან). "რეალის" ორგანიზებულ "ბლიცში" მონაწილეობდნენ სახელოვანი და ტიტულოვანი კლუბები, ევროთასების მფლობელები ან ქვეყნის ჩემპიონები. 1981 წელსაც "რეალმა" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის "დინამო", მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანიის ჩემპიონი და წინა ორი ტურნირის გამარჯვებული) და ჰოლანდიის ჩემპიონი "ალკმაარი" მიიწვია.

"რეალმა" იმ წელს ჩემპიონთა თასის ფინალში "ლივერპულთან" 0:1 წააგო. გუნდი ვარსკვლავებით იყო სავსე - ესპანეთის ნაკრების წევრები, მეკარე მიგელ ანხელი, ხოსე ანტონიო კამაჩო, ფრანსისკო პინედა, ანხელი, სანტილიანა, ხუანიტო ( ბოლო ორმა იმ სეზონის პრიმერადივიზიონში 42 გოლი გაიტანა), გერმანის ნაკრების მცველი ული შტილიკე, ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი კანინგემი, გუნდს კი ცნობილი სერბი სპეციალისტი ვუიადინ ბოშკოვი წვრთნიდა.

"ბაიერნში" მაშინ თამაშობდნენ პაულ ბრაიტნერი, ვოლფგანგ დრემლერი, კარლ ჰაინც რუმენიგე, რომლებიც დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ერთი წლის შემდეგ ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

"ალკმაარი" ჰოლანდიის ჩემპიონი ისე გახდა, 34-დან მხოლოდ 1 მატჩი წააგო, 6 ფრედ დაასრულა და უახლოესი მდევარი, ამსტერდამის "აიაქსი" 12 ქულით ჩამოიტოვა.

ოთხგუნდიანი ტურნირის ფინალში პირველ მატჩებში გამარჯვებულები ხვდებოდნენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ. ორგანიზატორებმა გუნდები ისე დააწყვილეს ("რეალი" - "დინამო" და "ბაიერნი" - "ალკმაარი"), რომ "რეალ" - "ბაიერნის" ფინალის ხილვის მცდელობა აშკარა იყო, თანაც, "რეალს" წინა ორი ტურნირის გამარჯვებული მიუნხენელების ძლევა სურდა.

მადრიდულ სუპერგრანდთან თბილისის "დინამო" 2:1-ს იგებდა. ანგარიში რამაზ შენგელიამ გახსნა, პირველი ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ და ტაიმი ასეც დასრულდა. მატჩის მონაწილეები იხსენებენ, რომ მსაჯმა 46-ე წუთზე საეჭვო პენალტი დანიშნა, შტილიკემ კი ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 69-ე წუთზე "რეალის" მეკარე მიგელ ანხელმა ვლადიმერ გუცაევი წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც შენგელიამ გოლად აქცია - 1:2.

ამის შემდეგ "რეალმა" ოთარ გაბელიას კარში სამი გოლი გაიტანა - მონაწილეთა თქმით, მესამე, საეჭვო გოლმა ჩვენები გატეხა. მე-13 წუთზე მადრიდელთა ნახევარმცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი მოტეხა (ამის გამო საბოლოოდ კარიერაც დაასრულა), მატჩის ბოლოს კი ნუკრი კაკილაშვილიც მოედნიდან გაიყვანეს. მოკლედ, მადრიდელები ფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალში "ალკმაარმა" "ბაიერნი" 1:0 დაამარცხა და "დინამო" მესამე ადგილისთვის "ბაიერნს" შეხვდა.

საწყის 15 წუთში დინამოელთა უპირატესობა აშკარა იყო, ჩვენები ამჯერადაც რამაზ შენგელიამ დააწინაურა ვიტალი დარასელიას პასით. მართალია, 24-ე წუთზე პაულ ბრაიტნერმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გუცაევის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კვლავ შენგელიამ გამოიყენა და "დინამო" ისევ დაწინაურდა.

იყო ასეთი ეპიზოდიც: ვაჟა ჟვანიამ მოედნის ცენტრთან ბურთი კისერზე გაიჩერა და ლამის საჯარიმომდე მივიდა, გერმანელებმა კი ბურთი ვერ აართვეს.

"ბაიერნის" მოთამაშეები მსაჯობით უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მთავარი არბიტრი პეს პერესი, როგორც მაშინდელი ესპანური გაზეთები წერდნენ, მართლაც მომაბეზრებლად მსაჯობდა, შავფორმიანთა კეთილგანწყობას შეჩვეულმა გერმანელებმა კი ემოციები ვერ მოთოკეს. 43-ე წუთზე გია თავაძესთან ბრძოლაში გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ბრაიტნერმა ყვითელი ბარათი მიიღო, არ ესიამოვნა, გუნდი მოედნიდან გაიყვანა და თამაში შეწყდა.

ორგანიზატორთა თხოვნის მიუხედავად, "ბაიერნი" მოედანზე არ ბრუნდებოდა, დინამოელებმა კი წყალი გადაივლეს და სტადიონის დატოვებას რომ აპირებდნენ, გერმანელებმა თამაშის გაგრძელება მაშინ ინებეს. ახლა უკვე ახალკაცმა არ ისურვა მოთამაშეების მოედანზე დაბრუნება, მადრიდელებმა კი ქართველი ფეხბურთელები ოვაციებით გააცილეს.

ვარსკვლავებში საუკთესო დინამოელები
მადრიდული ტურნირი დინამოელთა ბენეფისად იქცა. ფინალში "რეალმა" "ალკმაარს" მიგელ ანხელის მოგერიებული ორი პენალტის წყალობით მოუგო, დაჯილდოებისას კი, ვარსკვლების გარემოცვაში, საუკეთესო ფეხბურთელად "დინამოს" 9 ნომერი გუცაევი დაასახელეს, შენგელია კი 4 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მადრიდელთა მაშინდელი პრეზიდენტი ლუის დე კარლოს ორტისი "დინამოს" თავკაცებს, ნოდარ ახალკაცსა და კახი ასათიანს სასტუმროში შეხვდა და გუცაევის ტრანსფერის ფასის დასახელება შესთავაზა, ფეხბურთელთან დალაპარაკებას კი ცალკე აპირებდა - გუცავეს ნებისმიერი საკონტრაქტო თანხის დასახელებას სთავაზობდა, ვაჭრობას კი 500 ათასი დოლარიდან იწყებდა, რაც ახლაც მშვენიერი წინადადებად ჩაითვლება, მაშინ კი ზღაპრული პირობა იყო - ფეხბურთი ხომ მხოლოდ 80-იანი წლებიდან გამდიდრდა. ამ დროს დინამოელებს "რეალთან" და "ბაიერნთან" მოგებისთვის 60 დოლარს შეჰპირდნენ.

ბატონი ვოვა იხსენებს, რომ ახალკაცმა ესპანელებს უარი უთხრა, გუცაევს სამშობლოში ყველაფერი აქვს, "ვოლგაც" კი ჰყავსო. ამაზე მადრიდელები გაოცებულან, ეს რა არისო? საბჭოთა "მერსედესიაო".

ამის შემდეგ "რეალის" პრეზიდენტმა "დინამოს" მეორე წინადადებით მიმართა - გუცაევის სანაცვლოდ ესპანეთის ნაკრების ორი ვარსკვლავი, სანტილიანა და ხუანიტო. მაგრამ საბჭოთა კავშირში ეს გამორიცხული იყო და ასე დაიკარგა "რეალში" ჩვენი მოთამაშის მოხვედრის შანსი.

რეალის მწვრთნელი - დინამო საუკეთესო იყო
"ესპანეთში გამართულ ტურნირებში მადრიდული ყველაზე პრესტიჟულია. თბილისის "დინამო" ძალიან მომეწონა - ის ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო. თბილისელებმა ითამაშეს თანამედროვე ფეხბურთი, გამოავლინეს საუკეთესო სათამაშო დისციპლინა, სიმშვიდე.

შეხვედრამდე "დინამოს" ასეთ კლასს არ ველოდით, გაზაფხულზე მოსკოვის "სპარტაკს" ვეთამაშეთ და რატომღაც თბილისური გუნდიც ისეთივე კლასის გვეგონა. სინამდვილეში, "დინამო" "სპარტაკზე" ერთი თავით მაღლა დგას, ფეხბურთელები უფრო ტექნიკურები და ჭკვიანები არიან. ნებისმიერი გუნდი ინატრებდა ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან 9 (გუცაევი) და 11 (შენგელია) ნომრები. ვფიქრობ, მათთან თამაშს არც ერთი ევროპელი მცველი არ ისურვებდა.

დასანანია, რომ მატჩის დასაწყისშივე დაშავდა ყიფიანი. როდესაც მოედანს ასეთი დიდი მოთამაშე ტოვებს, ეს გუნდზე უცებ აისახება. "დინამომ" ნამდვილი ფეხბურთი ითამაშა და ამიტომ მოეწონათ მაყურებლებსა და პრესას. ამით იყო გამოწვეული ის ოვაციაც, რომელიც დინამოელთათვის პრიზების გადაცემას მოჰყვა.

ყიფიანი უელსი-საბჭოთა კავშირის მატჩში ვნახე. უდავოდ დიდი ფეხბურთელია და "რეალის" დიდ ვარსკვლავ დი სტეფანოს მაგონებს. გუცაევმა კი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. მან ორჯერ ითამაშა "სანტიაგო ბერნაბუეზე" და ორივეჯერ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - იგი "რეალში" არ თამაშობს. ძალიან საინტერესო თავდამსხმელია შენგელია, თუ საბჭოთა ნაკრები ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, ის სპეციალისტთა ყურადღებას მიიქცევს", - განაცხადა ტურნირის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ვუიადინ ბოშკოვმა.

მადრიდი ისევ რომ განმეორდეს
ამ ყველაფერს საგანგებოდაც მოგითხრობთ 2 სექტემბერს თბილისში ლატვიის ნაკრებთან ჩვენების წაგების შემდეგ. ასეთი იყო ჩვენი ფეხბურთი, რომელიც დღეს "2 სექტემბრით" და მსგავსებით გულს გვიკლავს. რა თქმა უნდა, იყო გამონათებები, შესარჩევი ციკლის მე-7 ტურამდე საქართველოს არასოდეს ჰქონია ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, ისეთი, როგორიც ჰქონდა ქეცბაიას გუნდს, მაგრამ ცხოვრებამ რეალობა დაგვანახვა - ჩვენ ჯერ ძალიან შორს ვართ დიდი ფეხბურთისგან.

60-70-80-იანი წლების "დინამო", ანუ საქართველოს ნაკრები მუდმივად იყო საბჭოთა ფეხბურთის ლიდერთა შორის, გუნდის დაღმასვლა კი მაშინ დაიწყო, როდესაც ყველაზე დიდ წარმატებას, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებას მიაღწია და ქართველებსაც მეტი რა გვინდოდა, გავილაღეთ და საქმის კეთების ნაცვლად, სადღეგრძელოებს გადავყევით, თითქოს ანდრო ჟორდანიას ქართული ფეხბურთის წარმატებათა საფუძველი არა შრომით, არამედ ღრეობით ჩაეყაროს.

ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, ახლა დროა, საქმეზე გადავიდეთ და ის საფუძველი ჩავყაროთ, რომელიც, უპირველესად, საფეხბურთო მსოფლმხედველობიდან მომდინარეობს. ესპანელები და ფრანგები ჩვენზე მეტნი არიან და აზრთა სხვადასხვაობაც ექნებოდათ, მაგრამ ერთზე შეჯერდნენ, არჩეულ გეზს მისდიეს და ძლიერი ნაკრებები მსოფლიო ფეხბურთის ლიდერები გახდნენ. ამიტომაც არის, ნაკრების მწვრთნელმა ვინც არ უნდა მიიწვიოს, მან ბავშვობიდან იცის გუნდში თავისი ადგილი და ფუნქცია. ესპანელებმა და ფრანგებმა ამას მიაღწიეს ფიქრით, თავიანთი ხალხების ბუნების, მონაცემებისა და არაერთი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ცხადია, ინფრასტრუქტურა და პირობები მათთვის სადარდებელი არ იყო.

ჩვენ კი ვმსჯელობთ, ქეცბაია არის გასაშვები თუ ფეხბურთელები გასაგდები - უფრო სასურველ და საჭირო საქმედ ქართული ფეხბურთის კონცეფციაზე და საფუძვლებზე (ბაზების, სტადიონების კეთილმოწყობაზე, ბავშვთა ფეხბურთზე და უფასო ჯგუფების ამოქმედებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე...) მუშაობა მიგვაჩნია. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება - ასეთ ვითარებაში ვინც უნდა დანიშნონ და ვინც უნდა გააგდონ, დიდი განსხვავება არ იქნება, ქართული ფეხბურთის ოდესღაც სასახელო ისტორიაც მუდამ ისე იქნება შეურაცხყოფილი, როგორც 2 სექტემბერს იყო იმ კაცის სახელობის (მიხეილ მესხის) სტადიონზე, რომელმაც ქართველებს ფეხბურთით უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისევე მოიძებნებიან შემცვლელები, როგორც თავის დროზე ყველა სხვებმა მოძებნეს, თორემ 1-2 თამაშის მერე არ ქვრება ყველა ტალანტი? სირაძე, დვალიშვილი... არ უნდ აგავუტეხოთ ახალგაზრდებს გული, მაგრამ მჭედლიძე და ანანიძე. ეს სულ უახლოესი მაგალითები, თორემ ძველები თქვენ ჩემზე კარგად გემახსოვრებათ, სტაჟანი და გამოცდილი ჟურნალისტი ბრძანდებით. კობიაშვილის სადებიუტო და შემდგომი თამაშების შედარება იქნება? რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს, ამ შემთხვევაში პერსონალიზაციას გვერდს ვერ ავუვლით, თორემ ეს აზრი რომ მაქვს, არც მე მსიამოვნებს ნამდვილად.
jibzu
00:26 06-09-2011
0
ჯიბზუ-ს
კი ჩემო მეგობარო, გასაგდები ბევრია მაგრამ ვის მოვიყვანთ?
0

სიახლეები პოპულარული