ცხინვალის "სპარტაკმა" საკონტროლო მატჩში "სიონს" 3:1 მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგას ვულისხმობთ) შესვენებაა და გუნდებიც, შეძლებისდაგვარად, საკონტროლო მატჩებს ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი სპარინგ-შეხვედრა გუშინ თბილისში, "ოლიმპიკის" სტადიონზე ჩატარდა: ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ცხინვალის "სპარტაკი" დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო: "სიონიც" და "სპარტაკიც" 2-2 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან. რაც შეეხება გუშინდელ საკონტროლო მატჩს, "სპარტაკმა" მეტოქეს 3:1 მოუგო; პირველ ტაიმში ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, მეორე ტაიმში კი "სპარტაკელთა" ახალგაზრდა ფორვარდებმა ზვიად ქანთარიამ და დავით გელაშვილმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ერთადერთი, "სიონმა" რაც მოახერხა, პრესტიჟის ბურთი იყო,
- შეხვედრის მიწურულს გუნდის ახალწვეულმა, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძემ რომ გაიტანა.

"სპარტაკმა" ამ მატჩში ორი შემადგენლობით ითამაშა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა თუ გამოიყვანა, შესვენების შემდეგ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

სპარტაკი (I ტ.): ძაგანია-ციმაკურიძე, ბოიომო, დ. ლომაია, ხუბუა-თიბილაშვილი, თ. შონია, სამხარაძე-შალამბერიძე, ჯიქია, მეტრეველი
II ტაიმში: დაუშვილი, ბურძენაძე, ტაბატაძე, რუხაძე, სეფიაშვილი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ნ. მაისურაძე, მაჭუტაძე, ქანთარია, დ. გელაშვილი

I ტაიმში "სპარტაკის" შემადგენლობაში გუნდის ახალწვეულმა, 26 წლის ნახევარმცველმა გიგა თიბილაშვილმა ითამაშა, ბოლო წლები სომხეთის ჩემპიონატში რომ ასპარეზობდა.

რამდენიმე ახალწვეული ჰყავდა ბოლნისის "სიონსაც": გუნდში დაბრუნებულმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა ამ საკონტროლო მატჩში ზემოთნახსენები გიორგი ჭელიძის გარდა გიორგი ფეიქრიშვილი, ჯაბა უგულავა და გიორგი ხატიაშვილი ათამაშა.

"სიონის" შემადგენლობა ასეთი იყო: ზუხბაია-კობაური, ხატიაშვილი, თარგამაძე, ლ. ჩხეტიანი-უგრეხელიძე, გ. ოქროპირიძე, ვ. ბოლქვაძე, გ. ჭელიძე, ფეიქრიშვილი-უგულავა. შეცვლაზე შემოვიდნენ: ვ. ლობჟანიძე, მ. ოქროპირიძე, ადამაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული