ქართველის გუნდმა ფიგუს და ბუტრაგენიოსას სძლია

AutoSharing Option
ევროპის კლუბების ასოციაცია წლებია, წევრთა ასამბლეებს აწყობს. კლუბთა წლევანდელ შეხვედრას 5-6 სექტემბერს ჟენევამ უმასპინძლა. მასში თბილისის "დინამოდან" მმართველი დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და თეა შამათავა, "ვიტ ჯორჯიადან" კი კლუბის სპორტული დირექტორი და მედია-ოფიცერი დავით თავართქილაძე მონაწილეობდნენ.

ვიტჯორჯიელთა წარმომადგენელი დავით თავართქილაძე ასამბლეის, კლუბის ახალ ინიციატივასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გველაპარაკა.

- ასამბლეას ლაიტმოტივად გასდევდა საკლუბო ფეხბურთში დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის გაზრდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომელსაც ევროპის კლუბების ასოციაცია დიდ ყურადღებას აქცევს. პლენარული სხდომების გარდა, იმართებოდა სამუშაო ჯგუფების სხდომები, სადაც ამა თუ იმ
თემაზე მსჯელობას ერთად ვესწრებოდით თბილისური კლუბების წარმომადგენლები.

ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ კლუბების ავტორიტეტი ეცემა, რადგან ფიფა, უეფა და ეროვნული ფედერაციები გადაწყვეტილებებს კლუბებთან შეუთანხმებლად იღებენ. რუმენიგეს თქმით, პლატინისთან და ბლატერთან შეხვედრისას მათგან ცვლილებების დაპირება მიიღო - ახლა გადამწყვეტი ეტაპია და თუ სიტყვას არ შეასრულებენ, გადამწყვეტ ზომებსაც მივიღებთო, გვითხრა რუმენიგემ.

- კონკრეტულად რას გულისხმობდა?
- მისი აზრით, ივლისსა და აგვისტოში სანაკრებო შეხვედრებზე ფეხბურთელების გაშვება მიუღებელი და აბსურდული მოთხოვნაა. გარდა ამისა, კლუბები ნაკრებებში მოთამაშეთა დაზღვევას ითხოვენ. არის შემთხვევები, როდესაც მოთამაშე ტრავმირებულია და უნდობლობის გამო ნაკრებში მაინც იძახებენ. რუმენიგეს თქმით, მთავარი უნდა იყოს კლუბის ექიმის დასკვნა, თუ მოთამაშეს ტრავმა აქვს, გუნდს მისი არგაშვების უფლება უნდა ჰქონდეს, რადგან კლუბი უხდის მოთამაშეს ხელფასს და არა ნაკრები.

ასეთი ბევრი ნიუანსია.

- რას ნიშნავს, კლუბების ავტორიტეტი ეცემა, რადგან ფიფა, უეფა და ეროვნული ფედერაციები გადაწყვეტილებებს კლუბებთან შეუთანხმებლად იღებენო. ეს საინტერესო დაპირისპირებაა.
- ასოციაციას აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, განვითარებადებში, ფედერაციები კლუბებს ანგარიშს არ უწევენ. მოგვიწოდეს კიდეც, ყოველ ასეთ შემთხვევაზე მოგვაწოდეთ ინფორმაცია და აუცილებლად დაგეხმარებითო. ჩემი აზრით, ეს მართლაც ასეა, რაზეც თუნდაც გასული ჩემპიონატის ბოლოს კლუბებთან შეუთანხმებლად დებულების შეცვლის ინიციატივა მეტყველებს.

აქვე "ვიტ ჯორჯიას" მნიშვნელოვან ინიციატივას გაგაცნობთ - ვინაიდან პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღარ მოქმედებს, ჩვენი კლუბის სურვილია, ეს ვაკუუმი შეავსოს ქართული კლუბების ასოციაციამ, რომელშიც ყველა ჩვენი პროფესიული კლუბი გაერთიანდება.

- ეს წინადადება კლუბებს უკვე გააცანით?
- ნაწილს ჟენევაში გამგზავრებამდე ველაპარაკეთ, ნაწილსაც ახლა შევხვდებით. იმედია, ჩვენს მოსაზრებებს გაიზიარებენ. მიგვაჩნია, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის ასეთი გაერთიანება აუცილებელია, რადგან კლუბების ინტერესი უნდა დავიცვათ.

- ორგანიზაციის ქმედითუნარიანობისთვის აუცილებელია სახსრები, რომელიც პროფლიგამ ვერ მოიზიდა და ამიტომაც დაიშალა. თქვენ ფულის მოზიდვის იმედი გაქვთ?
- კონკრეტული პროექტიც გვაქვს და ჟენევაშიც ძალიან საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს - საქართველოშიც და უცხოეთშიც არის ტოტალიზატორები, რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზე ფსონებს იღებენ. იდეა ასეთია: ეროვნული ჩემპიონატი არის ჩვენი პროდუქტი, რომლითაც ტოტალიზატორები სარგებლობენ და თუ იქნება საკანონმდებლო ინიციატივა ან ნორმატიული აქტი, ტოტალიზატორები ვალდებულები იქნებიან, მოგების გარკვეული ნაწილი საქართველოს კლუბების ასოციაციას ჩაურიცხონ. ეს არის მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი. ამის შესახებ გველაპარაკა ევროპარლამენტის დეპუტატი ივო ბელეტი და უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო.

ჟენევაში იმყოფებოდა ბორისოვოს ბატეს წარმომადგენელი, რომელთან საუბრისას დავინტერესდი, რა სახსრებით არსებობდა კლუბი. მან მითხრა, რომ ქვეყნის ყველა კლუბს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანასებს, მათ შორის, ბატესაც, დაფინანსების ოდენობა კი კლუბის მიღწევებზეა დამოკიდებული.

ეს არის პირადად ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, რომელიც ბატეს ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს ურიცხავს, დაბალ ადგილებზე გასულებს კი შედარებით ნაკლებს. ანუ ამ შემთხვევაში ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ წარმართავ მენეჯმენტს, ყველაზე წარმატებული კი მეტადაც ფინანსდება. ამას ემატება ევროპულ ტურნირებში მონაწილეობითა და ტელერეპორტაჟებით მიღებული შემოსავლები. ბატე კი ბოლო ორი სეზონია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდება და საკმაოდაც მოღონიერდა. მარტო ლიგიდან ბატეს ბიუჯეტი 7,1 მილიონი ევროთი შეივსო.

ვფიქრობ, დასაფიქრებელი მაგალითია, ჩვენ კი სხვათა გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, რადგან პოსტსაბჭოეთში სხვა რეალობაა, ევროპაში - სხვა, საქართველომ კი უფრო ნაცნობი რეალობიდან უნდა აიღოს მაგალითი.

კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორი რევაზ ჭოხონელიძე გავიცანი, ბევრი საინტერესო მიამბო, მაგალითად, მძლავრ უკრაინულ ბიზნესჯგუფს ფეხბურთში ინტერესები აქვს, მათ შორის, საქართველოშიც. გულდაწყვეტილი იყო, სერგო კოტრიკაძის გარდაცვალების ამბავი არავინ გამაგებინაო.

ასამბლეის ბოლოს კი ტრადიციული ტურნირი გაიმართა, სადაც იმ გუნდმა გაიმარჯვა, სადაც მე მოვხვდი. ჩვენს გუნდში იყო "ვერდერის" ყოფილი მოთამაშე ფრანკ ბაუმანი, ასოციაციის გენერალური მდივანი მიკელე ჩენტენარო კი კარში იდგა. ჯერ ბუტრაგენიოს გუნდს მოვუგეთ, ფინალში კი ფიგუს გუნდი დავამარცხეთ. ზურაბ პოლოლიკაშვილის გუნდმაც წარმატებით ითამაშა და მესამეზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი ფეხბურთის გადარჩენა საკლუბო ფეხბურთის განვითარებაშია. სკლუბების ასოციაცია შესანიშნავი იდეაა და უსათუოდ უნდა განხორციელდეს. აუცილებლად უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების დროს ფედერაციას დაუპირისპირდება.
zviadi
10:14 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული