მერაბ ჟორდანია იოჰან ბოსკამპს საქართველოში აბრუნებს

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა ინტერნეტგამოცემა voetbalzone-მ არნემის "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას სენსაციური კომენტარი გაავრცელა.

"შესაძლოა, იანვარში ბოსკამპი ჰოლანდიაში დაასაქმონ. იყო ცნობები, რომ უმუშევარი მწვრთნელს სელექციონერად "მანჩესტერ სიტი" იწვევდა, მაგრამ მან ეს ხმები უარყო. თუმცა, შესაძლოა, ანალოგიურ სამუშაოს არნემის "ვიტესში" დათანხმდეს. არნემული კლუბის მფლობელ მერაბ ჟორდანიას სურს, რომ თავის სამშობლოში, საქართველოში დააფუძნოს საფეხბურთო სკოლა, სადაც ძველ მეგობარს იოჰან ბოსკამპს დაასაქმებს. მიზანი ის არის, რომ ჰოლანდიურმა კლუბმა ნიჭიერი ბავშვებით მდიდარ ამ ქვეყანაში ტალანტების შერჩევისას უპირველესი უფლება მოიპოვოს".

"ჩემი აზრით, ბოსკამპი მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო სკაუტია.
კარგი იქნება, თუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნახევარგანაკვეთზე მაინც ავარჯიშებს", - განაცხადა ჟორდანიამ Soccernews-თან.

ინტერნეტპორტალის ცნობით, ჟორდანიას გიორგი ქინქლაძესთან თანამშრომლობაც სურს. საქართველოს ნაკრების ყოფილ პლეიმეიკერს ამსტერდამის "აიაქსში" უთამაშია, ჰოლანდიური ფეხბურთის მოთხოვნებს იცნობს და როგორც ჩანს, "ვიტესის" მეპატრონეს მისი კარგი სელექციური მონაცემებისა და გემოვნების იმედიც აქვს.

გიორგი ქინქლაძე აგვისტოს დასასრულს კვიპროსში, ფამაგუსტას "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს. მას "ანორთოსისში" 2004-2005 წლებში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით უთამაშია, კვიპროსის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.

ბოლო წლებში ქინქლაძე მოსკოვში ცხოვრობს და ბიზნესს აწარმოებს, თუმცა ფეხბურთს არ ჩამოშორებია, გოგა გახოკიძესთან, ბესიკ აბაშიძესთან და დავით ყენიასთან ერთად საფეხბურთო სააგენტო დააარსა და ქართულ ბაზარზე საკამოდ აქტიურობდა.

"ჰოლანდიაში არაევროკავშირელ მოთამაშეს თამაშის უფლება თვრამეტი წლის შემდეგ აქვს. კვიპროსში სხვა წესები მოქმედებს და ქინქლაძესთან პარტნიორული ურთიერთობებით ამ პრობლემების მოგვარებას შევეცდებით", - ამბობს ჟორდანია.

ამავე დროს ჟორდანიამ დაადასტურა, რომ მეგობრობს რომან აბრამოვიჩთან და რომ ტალანტების მოძიებაში პიეტ დე ვისერი ორივე გუნდს ეხმარება, აღმოჩენილი მოთამაშეების ნაწილი კი "ვიტესში" თამაშობს.

"ვისერთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ამერიკაში ეძებს ტალანტებს და მისი რეკომენდაციით შეიძინა "ჩელსიმ" "ფლამენგოდან" ალექს ანდერსონი. ჩემი რეკომენდაციით ლონდონელებმა მექსიკელი ალეხანდრო დავილა შეიძინეს და იჯარით "ვიტესში" გამოუშვეს. დასამალი არაა, რომ "ჩელსი" ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია", - ამბობს ჟორდანია.

თავდაპირველად იყო ლაპარაკი, რომ ჟორდანია საქართველოში პარტნიორობას საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სთავაზობდა, რადგან მისი ორი გაზრდილი გიორგი ჭანტურია და ვალერი ყაზაიშვილი აიყვანა, მაგრამ შემდეგ ეს მოლაპარაკებები აღარ გაგრძელებულა. სად, როდის და ვისთან ერთად აპირებს "ვიტესის" მეპატრონე საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას, ჯერაც უცნობია.

ჰოლანდიური გამოცემა "ვოეტბალკრანტ"-ი კი ამტკიცებს, რომ ჟორდანია საქართველოში არა ერთი საფეხბურთო სკოლის, არამედ, საფეხბურთო სკოლების ქსელის ჩამოყალიბებას აპირებს და ბოსკამპს სწორედ მის თავკაცობას სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული