მაქსიმალისტი და გულახდილი გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ”ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 31 წლის სპეციალისტის კარიერაში თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო. გულშემატკივარი მას ნაკლებად იცნობს და ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ, საქართველოს ჩემპიონთა ახალი თავკაცი შეძლებისდაგვარად ახლო ხედით წარმოგიდგინოთ.

ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით, გიორგის კარგად იცნობენ ზესტაფონელი ქომაგები და ადამიანური თვისებების გამო დიდ პატივსაც სცემენ. ასე რომ, ჭიაბრიშვილი რამდენიმე წინამორბედისგან განსხვავებით, კომფორტულ მდგომარეობაშია - ადგილობრივი გულშემატკივრებისგან სრულ თანადგომას გრძნობს და თუ ამას კარგი შედეგებიც დაემატა, ზესტაფონში ჭიაბრიშვილს ხელის
გულზე ტარება გარანტირებული ექნება.

ჭიაბრიშვილი ფეხბურთს ექვსი წლის განმავლობაში თამაშობდა, 13-დან 19 წლის ასაკამდე. ამპლუით ხან ნახევარმცველი იყო, ხან თავდამსხმელი. იყო ”ვაკე 91"-ის, თსუ-ს, ”გურიასა" და ”გორდას" წევრი, გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით ითამაშა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში. 19 წლისა მიხვდა, რომ დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა და სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო სკოლა ”საბურთალოში" დაიწყო, სადაც ჯერ ასისტენტი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებლად უძრვებოდა სხვადასხვა ასაკის გუნდებს.

”ვფიქრობ, ბავშვთა ფეხბურთის ეტაპი ნებისმიერმა მწვრთნელმა უნდა გაიაროს, იმანაც, ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია. ამის გარეშე ვერც სამწვრთნელო მეთოდებს გაითავისებ და ვერც ფეხბურთელის ფსიქოლოგიას ჩაწვდები", - ასეთია ჭიაბრიშვილის აზრი.

”საბურთალოს" შემდეგ იყო თბილისის ”დინამოს" ბავშვთა აკადემია, სადაც ”დინამოს" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ახლოს გაიცნო და მისი სიმპათიები და ნდობა დაიმსახურა. გეგუჩაძეს ბავშვთა მწვრთნელებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა და ჭიაბრიშვილი კარიერულ წინსვლას სწორედ მას და ”დინამოს" მაშინდელ სპორტულ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს უმადლის.

ამის შემდეგ გეგუჩაძემ ”გაგრას" მიაშურა და ჭიაბრიშვილი, როგორც მისი ”გუნდის" წევრი, ამ კლუბში აღმოჩნდა. გიორგის ”გაგრა 2" ჩააბარეს, ცოტა ხნით მთავარი გუნდის პირველი მწვრთნელიც იყო, რასაც ნახევარწლიანი უმუშევრობა მოჰყვა.

2008 წლის შემოდგომაზე გეგუჩაძე ”ზესტაფონმა" მიიწვია და მასთან ერთად იმერულ კლუბში ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე და გურამ ასპინძელაშვილი მივიდნენ. გეგუჩაძე ”ზესტაფონიდან" წავიდა, მისი ”გუნდის" დანარჩენი სამი წევრი ადგილზეა და ჭიაბრიშვილი ჯანელიძისა და ასპინძელაშვილის მნიშვნელოვან როლს ყოველთვის ხაზს უსვამს.

რამდენად მოულოდნელი იყო მისთვის ამხელა პასუხისმგებლობა და თუ არის მზად ახალი როლის შესასრულებლად?

”ყოველთვის მქონდა იმის ამბიცია, რომ მთავარ მწვრთნელად მემუშავა. რასაკვირველია, არ ველოდი, რომ ეს ტვირთი ასე უცაბედად დამეკისრებოდა, მაგრამ უარის თქმის დრო არ იყო და ბევრიც არ მიფიქრია - ცხოვრებაში ასეთი შანსი ბევრი არ გეძლევა და უნდა გამოიყენო. გია გეგუჩაძის ყოველთვის მადლიერი ვიქნები, მის წინაშე ყოველთვის ვალში ვიქნები და სწორედ მისგან შეძენილმა ცოდნამ გადამაწყვეტინა, რომ მისი ადგილი დამეკავებინა - დრო გვიჩვენებს, მივიღე თუ არა სწორი გადაწყვეტილება. დღეს კი ვფიქრობ, რომ ამ ტვირთისთვის მზად ვარ. იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ ”ზესტაფონში" სხვა ასისტენტების მსგავსად აქამდეც მნიშვნელოვანი როლი მეკისრა, გეგუჩაძე არ ყოფილა დიქტატორი, მის სამწვრთნელო გუნდში ყველას თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა და ასე იქნება ჩემი მთავარი მწვრთნელობის დროსაც".

ვინც ჭიაბრიშვილის მიერ გაწვრთნილი ”ზესტაფონი" უკვე ნახა, დაგვეთანხმება, რომ იგი გეგუჩაძის სტილის მიმდევარია.

”ქართველები შემოქმედი ხალხი ვართ და ეს სპორტშიც უნდა ავსახოთ. ყველაზე უკეთ შემტევი ფეხბურთის თამაში გამოგვდის და ჩემი ფილოსოფიაც სწორედ ეს არის - არ უნდა იყო მეტოქის შეცდომის მოლოდინში, თამაშის შინაარსი შენ უნდა განსაზღვრო".

კითხვაზე, ხომ არ ეშინია გეგუჩაძის ჩრდილში დარჩენის, გიორგი უარყოფითად პასუხობს და ამბობს, რომ წინამორბედის ნამუშევრიდან ბევრ რამეს გამოიყენებს, მაგრამ ამავდროულად, მისეულ ”ზესტაფონს" სხვა სახასიათო შტრიხებსაც შევატყობთ.

”ზესტაფონი" ახალგაზრდული გუნდია, თუმცა ჭიაბრიშვილის ტოლი რამდენიმე ფეხბურთელიც ჰყავს. შეიძლება გაჩნდეს შიში, ხომ არ შეუქმნის ასაკის ფაქტორი ახალ მთავარ მწვრთნელს მნიშვნელოვან წინაღობას გუნდში დისციპლინის დამყარებისა და მართვის სადავეების შენარჩუნების კუთხით.

”ეს გამორიცხულია რამდენიმე მიზეზის გამო. ჩემი ტოლები არიან თორნიკე აფციაური და ზურაბ მენთეშაშვილი. ჩვენ ერთადაც გვითამაშია და მეგობრებიც ვართ, მაგრამ ეს საქმეში ხელს არ გვიშლის. პირიქით, ისინიც და სხვებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ საკუთარ და მწვრთნელის როლს და საქმეს პროფესიონალიზმით უდგებიან. ჩვენ გვაქვს ქცევის კოდექსი, რომელსაც ყველა ფეხბურთელი იზიარებს. მე საქმე მაქვს ჩამოყალიბებულ ადამიანებთან, ჩვენ ერთმანეთისა ბოლომდე გვესმის".

ბუნებრივია, ჭიაბრიშვილს უახლოესი მიზნებიც განსაზღვრული აქვს: ”ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ჩემი ოცნება ”ზესტაფონთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია. შეიძლება, ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ამოცანა მიუღწეველი არ არის. სწორი მუშაობის შემთხვევაში ეს სავსებით შესაძლებელია და ბედნიერი ვიქნები, თუ ქართული კლუბებიდან ამას ”ზესტაფონი" მიაღწევს. ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად კი ჯერ საქართველოს ჩემპიონობაა საჭირო.

ბანალური ნათქვამია, მაგრამ ჭეშმარიტებაა - ჩემპიონობის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება. ჩვენს რეალობაში ნამდვილად ასეა, ”დინამო" ხომ საგრძნობლად გაძლიერდა, მის გარდა, კიდევ რამდენიმე ძლიერი კონკურენტი გვეყოლება".

ფეხბურთელების საბრძოლო განწყობაზე მოსაყვანად განსაკუთრებული მეთოდები არა აქვს. მიაჩნია, რომ საამისოდ დიდი ორატორობა საჭირო არ არის - მთავარია, მწვრთნელმა მოთამაშეებს ბუნებრივი იმპულსები გადასცეს. აუცილებელია, რომ მწვრთნელსაც და ფეხბურთელსაც სჯეროდეს საკუთარი თავის და გამარჯვების - სჯერა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ღვთის რწმენა აძლიერებს, თუმცა საკუთარ რელიგიურობაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს და ამას არც ფეხბურთელებს ახვევს თავს. თუმცა მოხარულია, რომ მისი შეგირდები ყოველი მატჩის წინ ”მამაო ჩვენოს" წარმოსთქვამენ.

კარგი იქნებოდა, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან მხოლოდ ფეხბურთი არ აკავშირებდეთ, მაგრამ ეს არ გამოდის, რადგან თავისუფალ დროს ყველას ზესტაფონიდან ოჯახებში (უმეტესობას თბილისში) მიეჩქარება. ჭიაბრიშვილს წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად სწორედ ოჯახი მიაჩნია და თავს ამ მხრივაც ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს - გიორგის დამღლელ საქმეს და შინიდან შორს ყოფნას მისი მეუღლე ოლიკო გაგებით ეკიდება. მათ ორი შვილი ჰყავთ - ათი წლის ირაკლი, რომელიც ფეხბურთელია და წლისა და რვა თვის ანასტასია.

ევროტურნირების რამდენიმე მატჩში ”ზესტაფონის" დაცვა ბოლომდე საიმედო არ იყო. ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ შემტევ გუნდს უკანა ხაზი დაულაგებელი დარჩეს? ჭიაბრიშვილის პასუხი მოკლე და ტევადია: ”თუ დაცვა არ გივარგა, ვერც შეუტევ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული