ლაშა კემუხტაშვილმა ბელგია თავად არ ისურვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ლაშა კემუხტაშვილი ბოლნისის "სიონში" გაანათხოვრა. 19 წლის ფორვარდი ამბობს, რომ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ეს ვარიანტი მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედად არჩია.

"გუნდმა გადაწყვიტა, სამი თვით "სიონში" გავენათხოვრებინე, ქუთაისში კი სამი თვის შემდეგ დავბრუნდები. იმედია, ბოლნისში დავამტკიცებ, რომ თამაში შემიძლია.
სანამ "ტორპედოს" შემადგენლობაში ვხვდებოდი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიწვევდნენ, მაგრამ მერე სათადარიგოებში დამსვეს და, ცხადია, ნაკრებშიც არავინ მიმიწვევდა. ჩემი მიზანი კი სწორედ ნაკრებში მოხვედრა და თავის გამოჩენაა.

მომხდარის გამო ვფიქრობდი, რაიმე ხომ არ დავაკელი საქმეს, მაგრამ მონდომება და შრომისმოყვარეობა არ მაკლია.
ეტყობა, მეტი გამოცდილება მჭირდება. ამიტომაც მსურს, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო, სხვაგვარად ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ახლა უფრო სურვილი მაქვს, ჩემი სათქმელი ვთქვა.

ბოლნისში სულ ერთი კვირაა რაც ვვარჯიშობ. შეიძლება, განსაკუთრებული პირობები არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი მონდომებულია, ყველაფერი გამოუვა", - ამბობს კემუხტაშვილი.

ლაშამ არ დაგვიმალა, თუ რატომ არ წავიდა ბელგიაში სინჯებზე: "ბეერსხოტსა" და კიდევ რამდენიმე გუნდზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამ დროისთვის ფორმაში არ ვიყავი, ბოლო დროს ხომ არ ვთამაშობდი და ასეთ მდგომარეობაში წასვლას აზრი არ ჰქონდა, ვიცი, თავს ვერ გამოვიჩენდი და ბელგიელებს ცუდად დავამახსოვრდებოდი. ასე წასვლას და ბელგიაში ექსკურსიას, დარჩენა ვამჯობინე. მომზადებული აუცილებლად წავიდოდი.

"ტორპედოს" ხელმძღვანელებს თავად ვთხოვე, რომელიმე ქართულ გუნდში გავეშვი. თავიდან ლაპარაკი რუსთავის "მეტალურგზე" იყო, გუნდში ცოტა ხანი ვივარჯიშე კიდეც, მაგრამ საბოლოოდ გუნდები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ბოლოს "ტორპედოს" დუბლებში ვბრუნდებოდი, როდესაც "სიონმა" მიმიწვია. ამ დროს ბევრი არც მიფიქრია, დიდი ხელფასი მექნებოდა თუ მცირე, ჩემთვის ახლა მთავარი თამაშია და, იმედია, ჩემი მონდომებით ამას დავიმსახურებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული