გარსიამ ძირითადში გიორგი თექთურმანიძე დააბრუნა

AutoSharing Option
დიდი ხნის პაუზის შემდეგ გიორგი თექთურმანიძე თბილისის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ალექს გარსიამ ჩიორა სასტარტოში პირველად დააყენა.

გიორგი თექთურმანიძე: გორში გამგზავრებისას, მატჩის წინა გასაუბრების დროს შევიტყვე, რომ ძირითადში მომიწევდა მატჩის დაწყება, რამაც ბუნებრივია ძალიან გამახარა. ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა ძირითადში თამაში და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. გამონაკლისი არც მე ვარ.

მთავარი მაინც გუნდის ინტერესებია. რა დროც არ უნდა გქონდეს, უნდა დაამტკიცო, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეგიძლია. მწვრთნელი დამსახურებას არავის უკარგავს და ყველას გვაძლევს შანსს. წარსულში ჩატარებულ თამაშებს არ ვაქცევ
ყურადღებას, ვცდილობ რომ ყოველ მატჩში უკეთესად წარმოვჩნდე.

ბავშვობიდან ვასპარეზობ 13 ნომრით (ცხინვალის "სპარტაკი", 35ე სკოლა). ეს უბრალოდ დამთხვევაა და ჩემთვის არანაირ ცრურწმენასთან არაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ჩემს შეცვლილ იმიჯს, არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც რაღაცის შეცვლა გინდა და თან მკვეთრად… პრინციპში ოდნავ ადრეც მქონდა გადაწყვეტილი: ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში გასახდელშივე ვაპირებდი თმის შეჭრას…

ჩემთვის ჰობი და გართობის ერთ-ერთი სასიამოვნო საშუალებაა ბილიარდის თამაში. მუსიკის მოსმენისას რაიმე კონკრეტულ არჩევანს არ ვაკეთებ, მაგრამ მეტად მსიამოვნებს ჯგუფ DDT-ს და ვლადიმერ ვისოცკის რეპერტუარი. საყვარელი ფილმია - ცისფერი მთები , წიგნი კი რომელიც ბოლოს წავიკითხე ფრედერიკ ბეგბედერის საკმაოდ საინტერესო ნაწარმოები 99 ფრანკია.

მსოფლიოს საფეხბურთო მასშტაბით მესიმპათიურება გერმანიის ნაკრები და მიუნჰენის "ბაიერნი", ფეხბურთელებიდან კი ტიერი ანრის ასპარეზობა მხიბლავს. ამ ეტაპზე ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსზე.

ზედმეტსახელი ჩიორა კი ბიძაჩემმა შემარქვა 3 წლის ასაკში და მას არანაირი კავშირი არ აქვს იმავე სახელწოდების ფილმთან.

რაც შეეხება "დინამოს" საჩემპიონო შანსებს- ერთი შემიძლია ვთქვა, რომ "დინამოსთვის" მეორე ადგილი უკვე წარუმატებლობაა. ასე, რომ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და მიზანი მხოლოდ ერთია- ყველა ტურნირში გამარჯვება.

P.S. აღსანიშნავია, რომ ფოთის "კოლხეთთან" თამაშის დღეს ჩვენი რესპოდენტი იუბილარია.17 სექტემბერს ჩიორა 21 წლის ხდება.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული