საქართველოდან გამოკითხვის მონაწილედ მითითებულია ჩვენი გაზეთი "ლელო", რომელმაც შემდეგი ხუთელი "დაასახელა": 1 - ანდრეი იარმოლენკო (კიევის "დინამო"), 2
როდესაც მსგავს გამოკითხვაში მონაწილეობას გვთავაზობენ, ქართული და უცხოური ფეხბურთის განყოფილებების ჟურნალისტები ერთად ვმონაწილეობთ. თუმცა, გვეუცნაურა, რომ ამის თაობაზე გაზეთში არავინ არაფერი უწყოდა, არც ქართულ ფეხბურთში დასაქმებულმა ჟურნალისტებმა და არც "უცხოურში", მთავარმა რედაქტორმაც გაიოცა, ჩემთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამსო. მოკლედ, ბევრი დრო არ დაგვჭირვებია იმის დასადგენად, რომ ამ გამოკითხვაში "ლელო" არ მონაწილეობდა.
"სპორტ-ექსპრესი" პოპულარული გამოცემა იმიტომაც გახდა, რომ ხარისხიანად და რაც მთავარია, სიმართლეს წერს. ასე რომ, მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობა არ გვსურს დავიჯეროთ.
მაგრამ გვაეჭვებდა ის ფაქტი, რომ წლეულს გამოკითხვაში ისეთ გაზეთებსაც მიუღიათ მონაწილეობა, როგორიც არის მაგალითად "ალია", რომელიც სპორტს არ აშუქებს და ამ სფეროში კომპეტენტურად ისევე ვერ ჩაითვლება, როგორც "ლელო" პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში.
ორი ვარიანტია: ან საქართველოში იატაკქვეშეთში ბეჭდავენ ჩვენთვის უცნობ გაზეთს, რომელიც "ლელოს" სახელით მოქმედებს, ან ელემენტარულად, ამხელა გამოცემამ რუსული ფეხბურთის პიარისთვის მიმართა ამ ხერხს და ჩვენდა დაუკითხავად გამოიყენა გაზეთის სახელი - გამოკითხვაში კი 15 პოსტსაბჭოური ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფაქტია, რომ ამ გამოკითხვას ყველა თავისი მოთამაშეების გამოსაჩენად იყენებს. მაგალითად, რუსები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ პრემიერლიგაში ჩაყვანილი უცხოელი ვარსკვლავები ჰყავთ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, სამუელ ეტოოს, კევინ კურანის, რობერტო კარლოსისა და სხვა ვარსკვლავებზე წინ მაინც თავისიანებს აყენებენ.
მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა, სომხებიც, უმთავრესად, საუკეთესოდ თავისიანებს ასახელებენ - ამჯერადაც ასეა და დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველის, მართლაც უდავოდ ნიჭიერი ჰენრიხ მხითარიანის წარმოსაჩენად და დასაწინაურებლად არიან მობილიზებულნი.
ცოდვა გამხელილი სჯობს - ასე იყო ქართული მედიაც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი მოთამაშეები ევროპულ თუ რუსულ კლუბებში მეტნაკლებად ჩანდნენ. ახლა კი, რატომღაც, ქართული მედიის სახელით სხვათა მოთამაშეების პიარაქციაში მონაწილეობა არ გვსურს - მერე ხომ მთელს მსოფლიოს მოსდებენ, რომ პოსტსაბჭოეთის 15 ქვეყნის მედიის გამოკითხვაში რუსმა კერჟაკოვმა გაიმარჯვა. ამ ყველაფერს კი აღმოსავლეთ ევროპის საფეხბურთო ბაზარზე შესაბამისი ასახვაც მოჰყვება.
აღნიშნული გამოკითხვაში აშკარად იკვეთება ტენდენცია - ასახელებენ რუსებს ან უკრაინელებს, მაგრამ ბოლოს გამოკითხვაში რუსი იმარჯვებს. ასე იყო ადრე, როდესაც ანდრეი შევჩენკო "მოლანში" გრგვინავდა, მაგრამ რატომღაც მის კონკურენტად რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ანდრეი არშავინს ასაღებდნენ. არშავინი რომ ჩინებული მოთამაშეა, რა მტკიცება უნდა, რუსეთის პრემიერლიგაც ახლა უდავოდ გაძლიერდა, მაგრამ ხუთი-ექვსი წლის წინათ სერია "ა"-სა და რუსეთის პირველობაზე გატანილი გოლი რატომ ფასობდა ერთნაირად, გაუგებარი მხოლოდ ეს იყო.
კერჟაკოვიც მშვენიერი თავდამსხმელია, სულელები არ იყვნენ, "სევილიაში" რომ მიიწვიეს, მაგრამ ჩვენთვის რომ ეკითხათ, დაღესტანში ჩასული და ლამის ყოველ მატჩში გოლის გამტანი სამუელ ეტოო გვერჩივნა. თუმცა ისე ნამდვილად ვერ გავთავხედდებოდით, ასეთ სოლიდურ კამპანიაში საუკეთესოდ ქართველი დაგვესახელებინა - თანაც, სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი ამის საფუძველს არ გვაძლევდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"