XX საუკუნეში ტექნოლოგიური მიღწევებით კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ტელევიზიით სწრაფად და ოპერატიულად ვიგებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან ამბებს, თავად ვხედავთ და ვაფასებთ მოვლენებს.
მაგრამ ამ დროსაც ჰყავდა თავისი ფილიპიდი - ვფიქრობ, ჩვენი ხალხისთვის არანაკლებ ძვირფასია კოტე მახარაძე, რადგან დიდი კომენტატორისა და მსახიობის ხმა დიუსელდორფის 1981 წლის გამარჯვებასთან და თბილისის "დინამოს" სხვა მნიშვნელოვან წარმატებებთან გაიგივდა
წელს კოტე მახარაძის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა, კაცის, რომელიც ყველას უყვარდა და, ცხადია, ახსოვთ, მაგრამ...
"იცით, უყვართ და იხსენებენ, მაგრამ გული მაინც მწყდება, რადგან დრო გადის და ყველაფერი დავიწყებას ეცემა, მათ შორის კოტეს სახელიც. თქვენი წამოწყება ამიტომაც მახარებს და ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვიქნები, თუ ეს ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება", - ბრძანა მაკა მახარაძემ 19 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დიდი კომენტატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.
ტურნირის ორგანიზატორი ასოციაცია "გეორგიას" თავმჯდომარე, მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი კახა მიგინეიშვილია, რომელიც მედიას თბილისის "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძესთან და კოტე მახარაძის შვილებთან- მაკა და ივიკო მახარაძეებთან ერთად შეხვდა. ტურნირი 2006 წელსაც ჩატარდა და "დინამოს" ვეტერანთა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მერე მისი გამართვა ვეღარ მოხერხდა.
ტურნირი 22-დან 30 სექტემბრამდე "ირაოს" სტადიონზე გაიმართება და თბილისის "დინამოს" ვეტერანები, მარჯანიშვილის თეატრი, ტელეკომპანიები (1 არხი, "რუსთავი 2", "იმედი", GMG, RTV) და მედიასახლი "პალიტრა-ლელო" ითამაშებენ. მერე კი ამ სტადიონის ადგილზე შენობა წამოიმართება.
მიგინეიშვილის თქმით, ასოციაცია "გეორგიასთან" ერთად, ტურნირის ორგანიზატორი თბილისის "დინამოა":
"გუნდის მეპატრონემ რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჩვენი ინიციატივა გულთან ახლოს მიიტანეს და გვერდში დაგვიდგნენ, რისთვისაც მათ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ვფიქრობ, კოტე მახარაძემ დაიმსახურა, ყოველწლიურად მის ხსოვნას პატივი რომ მივაგოთ. ბატონმა კოტემ გამოსცა წიგნი "ორი ბატონის მსახური". ჩვენც ტურნირს კოტე მახარაძის სახელობის "დინამოს თასი" ვუწოდეთ.
გიგა გვენცაძე, თბილისის "დინამოს" პრესატაშე: "წინადადებას, რომ იტყვიან, ჩვენი კლუბი პირველივე დაძახებაზე დათანხმდა, რადგან ბატონი კოტეს დამსახურებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მჯერა, ტურნირი ისე ჩატარდება, როგორც ეს დიდი პიროვნება იმსახურებს".
ივიკო მახარაძე: "ამ წამოწყებისათვის მადლობა პირადად კახას, გიგას და თბილისის "დინამოს". კოტეს სახელი ხომ ქართულ ფეხბურთთან და "დინამოსთან" განუყოფელია. ეს ტურნირი კი მის უკვდასაყოფად გადადგმული ნაბიჯია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"