გარკვეული გაურკვევლობა "ვიტ ჯორჯიასა" და "ველაჯიოს" შორის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ავაზას" სტადიონზე ვარჯიშობდა. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, ამ მოედნით კლუბის დუბლშემადგენლობაც სარგებლობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ვიტ ჯორჯიას" სტადიონის ქირა დაუგროვდა გადასახდელი.

მოედანს სარეკლამო კომპანია "ველაჯიო" პატრონობდა, რომელიც კომპანია "ვისოლის" ბიზნესჯგუფში შედის, შესაბამისად, პრეტენზიები სწორედ "ველაჯიოს" ჰქონდა "ვეტერინართა" მიმართ.

"ლელოს" ინფორმაციით, "ველაჯიომ" კლუბის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა სასამართლოში, ზუსტად რა თანხაზეა საუბარი, ამის გასარკვევად "ლელო" კომპანიის ხელმძღვანელს - ლევან კალმახელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საგაზეთო პუბლიკაციის თემა არ იყო, მაგრამ მცირე ინფორმაციის მოპოვება მაინც შევძელით.

როგორც კალმახელიძე ამბობს, მისთვის უცნობია, სასამართლოთი ირკვეოდა თუ არა გუნდსა და კომპანიას შორის საქმე, მაგრამ შეთანხმება უკვე შედგა.

- თქვენ ვინ მოგაწოდათ ამის შესახებ ინფორმაცია? არ მგონია, საჯარო განხილვად ღირდეს. რაღაცა ნაწილი გადაიხადა კლუბმა, "ავაზაზე" დიდხანს ვარჯიშობდნენ და კიდევ დარჩათ გადასახდელი.

- რა თანხაზეა საუბარი?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეგ საქმე უკვე დაიხურა და კლუბისგან მიიღეთ ინფორმაცია.

"ლელო" "ვიტ ჯორჯიასაც" დაუკავშირდა, კლუბის მედიაოფიცერმა დავით თავართქილაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და ფინანსური დირექტორისთვის უნდა მიგვემართა.

"ვეტერინართა" ფინანსურმა დირექტორმა დავით სამუშიამ განაცხადა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სტადიონის ქირის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი იყო, ამ საქმეს კი გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ზურაბ ბერიძე უძღვებოდა:

"ერთ ვარჯიშში 200 ლარს, ან ცოტა ნაკლებს ვიხდიდით დღიურად. როგორც იცით, ჩვენი დუბლშემადგენლობაც მანდ ვარჯიშობდა, ამიტომ სადღაც ერთი თვის იქნება გადასახდელი ალბათ, ზუსტად არც ვიცი. თუმცა, კლუბსა და "ველაჯიოს" შორის უკვე მოგვარდა ეს საკითხი. ზურას დაუკავშირდით მაინც".

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ კი საერთოდ უარყო, რომ "ვიტ ჯორჯიას" რაიმე თანხა აქვს გადასახდელი სარეკლამო კომპანიის მიმართ:

"გეუბნებით და ვაცხადებ, რომ "ვიტ ჯორჯიას" არავისთან არაფერი აქვს გადასახდელი და არც ვალი გვაქვს ვინმესი".

საინტერესოა, სარეკლამო კომპანიაში ამტკიცებენ, რომ "ვიტ ჯორჯიას" მათდამი კიდევ აქვს დავალიანება დარჩენილი, კლუბში კი ამას უარყოფენ. კიდევ უფრო საიტერესო კი ის არის, რომ ამ ამბის დამალვას, ორივე მხარე საგულდაგულოდ ცდილობდა.

მაგდა კლდიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული