რუსთავის "მეტალურგში" საფრის და სახელის შეცვლაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
რუსთავის სტადიონზე 2010 წლის დასაწყისში ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგეს. თავიდან უეფას კომისიამ მას კრიტიკული შეფასება მისცა, მაგრამ მერე პრობლემები გამოასწორეს და "ფოლადზე" ბურთის კარგად გაგორება შესაძლებელი გახდა.

თუმცა, რუსთავის "მეტალურგის" ახალი ხელმძღვანელობა ხალიჩის აღებას და ბუნებრივი ბალახის დაგებაზე ფიქრობს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც მეტალურგიულ ქარხანაში ახალი ხელმძღვანელების მისვლამ გუნდის მმართველობაშიც ცვლილებები გამოიწვია.

"მართლაც ასეა, "მეტალურგის" ხელმძღვანელები საფარის გამოცვლას და ხალიჩის ბუნებრივით შეცვლას აპირებენ. ხელოვნურ საფარს სათადარიგო მოედანზე გადაიტანენ, ცენტრალურზე კი მაღალი ხარისხის მოედანი დაიგება. როდის მოხდება ეს, ვერ
გეტყვით, მაგრამ ეს საჭირო საქმე იქნება. ფეხბურთს ბალახზე თამაშობენ, ბუნებრივი საფარი კი ხელოვნურს ყველანაირად სჯობს - უფრო მეტია თამაშის ტემპიც და სილამაზეც, ხალიჩა კი ტრავმიანობისა და სხვა მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება", - გვითხრა "მეტალურგის" მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა.

"ბალახის დაგება მართლაც გვსურს, რადგან მინდორზე სულ სხვა ფეხბურთია და მოთამაშეებისთვისაც ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ეს როდის მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ იდეაში გვაქვს" - ამბობს "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე.

იმის გამო, რომ უეფა გრანტებს გამოყოფს, საქართველო ექსპერიმენტალურ პოლიგონად და ხელოვნურსაფარიანი მოედნების ცენტრად არ უნდა იქცეს. ფეხბურთი ბურთი და მოედანია და არა ბურთი და ხალიჩა. საქართველო კი ნორვეგია არ გახლავთ, სადაც ხალიჩა იძულებითი აუცილებლობაა. ამიტომაც ვფიქრობთ, "მეტალურგის" თავკაცების ეს ჩანაფიქრი რაც უფრო ადრე განხორციელდება, მით უკეთესი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისთვის; რადგან წელს გამოჩნდა - ევროთასებზე რაც უფრო შორს წავიდნენ ქართული კლუბები, მით მეტმა ინფრსტრუქტურულმა პრობლემამ იჩინა თავი. ბოლოს კი უეფას ისტორიაში უნიკალური შემთხვევა მოხდა - მესამე ეტაპზე გასული ერთი ქვეყნის სამ კლუბს ერთ სტადიონზე ("ბორის პაიჭაძეზე") მოუხდა თამაში.

ამ დროს რუსთავში ბალახის საფარი რომ ყოფილიყო, "მეტალურგს" საფრანგეთის "რენის" "ფოლადზე" მასპინძლობის მეტი შანსი ჰქონდა.

და ბოლოს: რუსთავული კლუბის მმართველები სახელის შეცვლაზე ისევ ფიქრობენ, რადგან საბჭოურ სიმბოლიკასთან ასოცირებული "მეტალურგი" (კომუნისტური ქვეყნების გარდა, მსგავს არასაფეხბურთო სახელებს არსად იყენებდნენ) არ მოსწონთ.

"იდეაში სახელის შეცვლაზე ვფიქრობთ, ამ საკითხზე ვიმსჯელეთ კიდეც, მაგრამ სეზონის მსვლელობის დროს სახელის გადარქმევა სასურველი არ არის და ჯერ ამ იდეაზე თავი შევიკავეთ. თუმცა სახელი "მეტალურგი" უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს" - გვითხრა ტყავაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯიგარი ხარ ბუბა! გეხვეწებით გადაარქვით "მეტალურგი", საშინელი სახელია! "ოლიმპი" მშვენიერი სახელი იყო. ასევე, კარგია "გორდა" და "რუსთავიც"!
Burton
16:43 21-09-2011
0
მადლობა ღმერთს! ერთი იმის სოვიეტიკა ტვინში ჩამახედა (თუ არსებობს ბუნებაში ეგეთი წარმონაქმნი), ვინც ამ წლის დასაწყისში ლამაზი სახელი "ოლიმპი" (გინდაც "გორდა", ან "რუსთავი", როგორც მეგობარმა აღნიშნა), "მეტალურგით" შეცვალა
David
17:11 21-09-2011
0

სიახლეები პოპულარული