"საბურთალომ" სტადიონი ააშენა

AutoSharing Option
მალე თბილისში კიდევ ერთ მცირე ზომის მოედანს აიღებენ - "ირაო" იხურება, მის ადგილზე სხვა შენობა წამოიჭიმება და თბილისში მოედნების უფრო მწვავე პრობლემა შეიქმნება.

ამ ვაკუუმის შევსებას საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" ცდილობს, რომელიც ოქტომბერში სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონის განახლებას დაასრულებს.

"სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონზე ბოლო თაობის ჰოლანდიური ხელოვნური საფარი დავაგეთ, რომელიც უეფას მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. მალე
დასრულდება გასახდელების, სამსაჯო და სხვა დამხმარე ოთახებისა და კიდევ ერთი, მცირე ზომის მოედნის მშენებლობა.

სტადიონის განახლება ორ ეტაპად დავგეგმეთ, მთავარი იყო მაღალი ხარისხის საფარი დაგვეგო. ამიტომაც არ შეგვიძენია
იაფფასიანი ხალიჩა, ჰოლანდიიდან ჩამოვიტანეთ. ახლა ველოდებით უეფას ექსპერტებს, რომლებიც გაწეულ სამუშაოს შეაფასებენ და შესაბამის ვარსკვლავს მიანიჭებენ.

მანამდე კი 500 ლუქსამდე სიმძლავრის განათების სისტემას დავამონტაჟებთ, რომელიც სათამაშოდ სავსებით საკმარისი იქნება. შეკვეთილია ბოლო მოდელის 10 პროჟექტორი, მის დასამონტაჟებელ კონსტრუქციებს კი 31-ე ქარხანაში აწყობენ.

სტადიონი 15 ოქტომბრამდე გაიხსნება და ვფიქრობ, იმ სტანდარტებს დააკამყოფილებს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებმა და ასაკობრივმა ნაკრებებმაც ითამაშონ.

ამის შემდეგ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ჯგუფები ორგან ამოქმედდება: იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ძველ მოედნებზე პატარა ასაკის ბავშვები ივარჯიშებენ, სამედიცინოს განახლებულ მოედნებზე კი - უფროსი ასაკის, ამ უკანასკნელთათვის დიდ მოედნებზე ვარჯიში აუცილებელია.

მეორე ეტაპზე ვფიქრობთ 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, პრეს და ვიპ ლოჟების, კაფეეების და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას, სტადიონის ტერიტორიაზე გვექნება პარკირების ადგილიც.

საბოლოოდ, გვსურს, რომ 2013 წლამდე "საბურთალოს" ინფრასტრუქტურამ ყველაზე მკაცრი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და სრული ინფრასტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ, ერთი სტანდარტული და ბუნებრივსაფრიანი სტადიონითა და ექვსი პატარა მოედნით. სრულყოფილი ბაზის მოწყობასაც ვგეგმავთ. ორი ვარიანტია: შეიძლება რომელიმე ბაზა იჯარით ავიღოთ და მოვაწესრიგოთ, ან მიწა შევისყიდოთ და ბაზის მშენებლობა ნულიდან დავიწყოთ, რადგან "საბურთალოს" სკოლაზე დიდი მოთხოვნაა.

ამ ყველაფერს იმიტომ მოვკიდეთ ხელი, რომ ჩვენი ამოცანა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდაა. რეალურად უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ძლიერი აკადემია, სადაც სიარული პრესტიჟული და სასურველი გახდება", - გვითხრა "საბურთალოს" მეპატრონემ, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ "საბურთალოს" სკოლაში ახლახან დაიწყეს მუშაობა ვეტერანმა ფეხბურთელმა დავით სოლოღაშვილმა და "დინამო 2"-ის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დავით კევლიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული