ფეხბურთელებმა ელგუჯა ქომეთიანი დაიცვეს

AutoSharing Option
ქუთაისში "ტორპედოსთან" უგოლო ფრის შემდეგ "ლელოს" აცნობეს, ზუგდიდის "ბაიას" მთავარი მწვრთნელის, ელგუჯა ქომეთიანის მოხსნას აპირებენო. ეს თავად ფეხბურთელებმა გაგვანდეს, რომლებიც მწვრთნელს გვერდში დაუდგნენ.

მათთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, უცნობი იყო, ვის ნიშნავდნენ ქომეთიანის ნაცვლად. თანაც, მათ უკმაყოფილებას იწვევდა არა თავისთავად ახალი კანდიდატი, არამედ იმ კაცის გაშვების სურვილი, რომელსაც გუნდის წლევანდელი წარმატება უკავშირდება.

"ლელო" უკვე წერდა, რომ ამ ინფორმაციის დაჯერება ჭირდა - მიუხედავად იმისა, რომ "ბაიას", ფაქტობრივად, შეკრება არ გაუვლია, ქომეთიანის გაწვრთნილები წლეულს ბევრად მდიდარ და ნაპატრონებ გუნდებს უსწრებენ და პირობების გათვალისწინებით,
"ბაიასთვის" მესამე ადგილი ნამდვილად წარმატებაა.

გუშინ კი შევიტყვეთ, რომ "ბაიას" მოთამაშეებმა საგანგებო თათბირი გამართეს და მთავარ მწვრთნელს თანადგომა გამოუცხადეს, მათ აზრს კი კლუბის ხელმძღვანელობა დაეთანხმა. ამასთან, ფეხბურთელებს არც ის დაუმალავთ, რომ მწვრთნელის მიმართ არსებული პრეტენზიები მათი ბრალიც არის. საქმე ისაა, რომ ქომეთიანს არა სპორტულ შედეგებს, არამედ გუნდში დისციპლინის შესუსტებას საყვედურობდნენ.

ბაიელთა უმეტესობა ქომეთიანის ხელში გაიზარდა და მათ შვილებივით ექცეოდა, რითაც ზოგიერთმა არც თუ სინდისიერად ისარგებლა. მწვრთნელი კი მათ დასჯას მამაშვილურად დალაპარაკებას ამჯობინებდა. სხვათა შორის, თავადაც უთქვამს, ამ ბიჭებს ჩემზე მკაცრი მწვრთნელი სჭირდებათო, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ ლმობიერმა კაცმა მოუნახა "ბაიას" გასაღები.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად ფეხბურთელებმა მოილაპარაკეს დისციპლინის დამრღვევთა დასჯისა და მწვრთნელის თანადგომის თაობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული