პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდიანი რევაზ არველაძე, ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.
შეგახსენებთ, რომ ახლახან "ზესტაფონის" ყოფილმა თავკაცმა გეგუჩაძემ "ტორპედოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მუშაობას კი 1 ოქტომბრიდან შეუდგება. მას ასისტენტობას "ზესტაფონი 2"-ის ყოფილი მწვრთნელი გურამ ასპინძელაშვილი გაუწევს, მეკარეებს კი დავით ჯანელიძე გაწვრთნის.
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდი
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში ახალი ტენდენცია მკვიდრდება: მთავარ მწვრთნელებს წმინდა საფეხბურთო ფუნქციების გარდა, მართვის სადავეებსაც ანდობენ. ასე მოხდა თემურ ქეცბაიას შემთხვევაში, რომელსაც ეროვნული გუნდის გაძღოლასთან ერთად ასაკობრივი ნაკრებების კოორდინირებაც დაევალა. ეს არის ინგლისური მოდელი, რომელშიც მწვრთნელს ოფიციალურად მენეჯერი ეწოდება და იგი მხოლოდ გუნდის წვრთნით არ შემოიფარგლება, რადგან ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ მწვრთნელი საფეხბურთო კლუბის განვითარების მიმართულებასაც უნდა განსაზღვრავდეს.
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მწვრთნელის პრეზენტაციაზეც ანალოგიური ამბავი გაცხადდა: გეგუჩაძე იქნება არა მხოლოდ გუნდის თავკაცი, არამედ კლუბის ყველა საფეხბურთო საქმიანობა-მიმართულების კურატორი - "ტორპედოს" ასაკობრივი გუნდების, ჭაბუკთა ლიგის, დუბლშემადგენლობისა და საფეხბურთო სკოლების, მისი სამწვრთნელო შტაბი კი "ტორპედოს" გასაძლიერებლად 5 წელი იმუშავებს.
ლევან ფხაკაძე: "ტორპედოს" შეძენის შემდეგ გასული ერთი წელიწადი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა - გამოიცვალა სტადიონის საფარი, რომელიც ქუთაისში ნასტუმრებ ესპანელებს ძალიან მოეწონათ. ახლა საკლუბო ბაზაზეც დიდი სამუშაოები მიმდინარეობს და ორი მოედანი კეთდება - ხელოვნურ და ბუნებრივსაფრიანი. ცვლილებები კლუბის მენეჯმენტშიც მოხდა, მოვიყვანეთ პროფესიონალი კადრები და გვჯერა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მენეჯმენტში ცვილებები "ტორპედოს" წარმატებებს მოუტანს.
ამის შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კვალიფიციური მწვრთნელის დანიშვნა. რამდენიმე უცხოელი მწვრთნელის კანდიდატურაზეც ვფიქრობდით, ზოგი გვესტუმრა, ზოგს თავად ვეწვიეთ, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ქართველის დასაქმება უფრო გამართლებულად მიგვაჩნდა და როდესაც გეგუჩაძემ "ზესტაფონი" დატოვა, დავუკავშირდით და თანამშრომლობა შევთავაზეთ, მაგრამ გიასთან მოლაპარაკება ადვილი არ აღმოჩნდა. მას აქვს თავისი ხედვა და გრძელვადიანი პროგრამა. გეგუჩაძე კურირებას გაუწევს დუბლშემადგენლობას და საფეხბურთო აკადემიებს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.
საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მწვრთნელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ეს ჩვენი მოთხოვნა იყო და უარი არც გიას უთქვამს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროის გასვლას ველით, ჩვენ სულ წარმატებაზე ვფიქრობთ. ეს ის ვადაა, რომელშიც "ტორპედო" ძლიერ გუნდად უნდა ჩამოყალიბდეს, საქართველოს მოწინავე კლუბი უნდა გახდეს და ევროპაშიც წარმატებას მიაღწიოს. მჯერა, რომ გეგუჩაძე საქართველოს ნომერი პირველი მწვრთნელია და წარმატებით იმუშავებს.
გია გეგუჩაძე: ჩვენი სამწვრთნელო გუნდისთვის დიდი პატივია ქუთაისის "ტორპედოში" მოსვლა, რომელიც ძლიერი და ტრადიციული კლუბია. ამავე დროს ვათვითცნობიერებთ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის არა მხოლოდ ქუთაისელი, არამედ მთლიანად ქართველი გულშემატკივრის წინაშე. კლუბში 5-წლიანი პროგრამით მოვდივართ. როდესაც დასრულდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ამ საფუძველზე ისეთი "ტორპედო" აშენდება, რომელიც ევროპაშიც ანგარისგასაწევი ძალა გახდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ძირითად გუნდს არ ვგულისხმობ, ლაპარაკია დუბლშემადგენლობაზეც, "ტორპედოს" აკადემიის განვითარებასა და მთლიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე.
- "ტორპედოს" ყოფილი მწვრთნელების საქმიანობაზე რას იტყვით?
- ჩემს წინამორბედებს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ სეზონის წინ გუნდმა სლოვენიაში ნაყოფიერი შეკრება გაიარა და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა "ტორპედოს" უკეთ თამაში შეუძლია.
- რა ცვლილებები მოხდება შემადგენლობაში?
- წინასწარ ვერ ვიტყვი, ლევან ფხაკაძეც ფრთხილი ადამიანია და ჯერ არ ამბობს, რა ცვლილები იგეგმება, მაგრამ ცვლილებები ნამდვილად იქნება, თანაც დიდი. კლუბის შიდა სამზარეულოში უფრო ღრმად რომ ჩავიხედავ, ამ თემაზე ამის შემდეგ უფრო დეტალურად ვილაპარაკებ, რადგან მინდა, ამა თუ იმ ფეხბურთელისა თუ მწვრთნელების შესაძლებლობებში დავრწმუნდე. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი ჩემპიონობა არ არის, მაგრამ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა აუცილებელია.
- რომელი ადგილის დაკავებას ითხოვს კლუბის ხელმძღვანელობა?
- ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავებას შევეცდებით, ახლა სამეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ.
- კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ შემადგენლობაში?
- მთავარია, სწორი საფეხბურთო აუდიტი ჩატარდეს, ცვლილებებიც ამის მიხედვით გატარდება. საერთოდ, ცვლილებები შედეგის მიღწევას ხელს უშლის, მაგრამ მსურს, შევხვდეთ გულშემატკივრებს და ავუხსნათ, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები აუცილებელია.
- ყველგან "თქვენი ფეხბურთელები" მიგყავდათ. მოსალოდნელია თუ არა იგივე "ტორპედოში"?
- გამორიცხული ნამდვილად არ არის. ბუნებრივია, მირჩევნია ვიმუშაო იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად ვიცნობ. თუმცა ჩემი დიდი სურვილია, ქუთაისშიც აღმოვაჩინოთ ახალი სახელები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს გამოადგებიან.
გიორგი ასანიძე: კომპანია "ვისოლს" და ქუთაისის "ტორპედოს" წარმატება მინდა ვუსურვო. იმედია, გეგუჩაძისნაირი გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი გუნდს წარმატებას მოუტანს.
- კითხვა "ვისოლის" წარმომადგენლებსა და პარლამენტარ გიორგი ასანიძეს: რას ფიქრობთ ბიზნესისა და ფეხბურთის საკანონმდებლო მხარდაჭერაზე?
- ჩემი აზრით, შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც სპორტში დიდ თანხას დებენ, რათა სპორტში ინვესტიციის განხორციელების სურვილი სხვებსაც გაუჩნდეთ.
ვასილ ხორავა, "ვისოლის" გენერალური დირექტორი:
- ზოგადი წესი უნდა იყოს, რომ ფეხბურთში და სპორტში მისვლის საფასურად ბიზნესმენმა გარკვეული შეღავათი მიიღოს. დღეს ფეხბურთიც ზუსტად ისე იბეგრება, როგორც მომგებიანი სფეროები. ცხადია, ამაზე მსჯელობა და კონსულტაციებია საჭიროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"