ქართული ფეხბურთი ლეგიონერებზე კი არა, რეგიონებზე დგას

AutoSharing Option
პირველ ლიგაში ექვსი ტური გაიმართა და ორივე ზონაში გურიის გუნდები კარგად თამაშობენ. ამ სეზონში ლანჩხუთის "გურიას" მიზანი უმაღლესში დაბრუნებაა და "ბ" ზონაში 14 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ საჩხერის "ჩიხურას" ორი ქულით ჩამორჩება. ოზურგეთის "მერცხალი" "ა" ზონაში 11 ქულით მესამეა, ლიდერ ბათუმის "დინამოზე" ოთხი ქულით ნაკლები აქვს, მაგრამ ერთი შეხვედრა "თადარიგში" აქვს.

ოზურგეთელი ხარიტონ ჩხატარაშვილი, ნიადაგ გურიის ფეხბურთზე მზრუნველი კაცი, "მერცხალის" დირექტორიც არის, მთავარი მწვრთნელიც და გურიის რეგიონში ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაც ევალება, რადგან ფეხბურთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერია.

მისი თქმით, წლეულს
"მერცხალის" მიზანი მომავალი წარმატებებისთვის საფუძვლის ჩაყრაა: "ამ სეზონში მშვენიერი სტარტი ავიღეთ, რაც ძალიან გვაიმედებს. მაგრამ უმაღლეს ლიგაში გადასვლა ჩვენი თვითმიზანი არ არის, გუნდის შენება გეგმაზომიერი პროცესია და საამისოდ საფუძველი უნდა შევამზადოთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დასაწყებია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, საკლუბო სტრუქტურების ჩამოყალიბებითა და საფეხბურთო სკოლების მოღონიერებით. სხვაგავარად უმაღლესში გადასვლას აზრი არც აქვს.

ახლა გუნდში ბევრი 17-18 წლის ახალგაზრდაა. ახლახან ოთხი მოთამაშე დავიმატეთ: "გაგრადან" გიორგი ტყეშელაშვილი, ოღონ არა გუნდის კაპიტანი, არამედ მისი სეხნია და მოგვარე; ბათუმის "დინამოდან" ლაშა კალანდაძე, აგრეთვე ძმები ზურაბ და თემურ ვარდუაშვილები.თამამად ვიტყვი, რომ დამატებულებმა გაგვაძლიერეს.

ისიც სათქმელია, რომ ოზურგეთში გამართული მატჩების გამო ფედერაციიდან ერთი საყვედურიც არ მიგვიღია, რაც ძალიან მეამაყება. ჩვენთან გუნდიც და მაყურებელიც ღირსეულად იქცევა".

წლეულს "მერცხალი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსეს. ადრე ეს პრობლემა იყო და მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა არ მიუღიათ, გუნდში მაინც მადლიერები არიან. ამავე დროს, კერძო ინვესტორზეც ოცნებობენ.

"მერცხალს" დიდი დაფინანსება არ აქვს, მაგრამ წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება. ეს რაიონისა და რეგიონის ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომელთაც ფეხბურთის აღორძინება სურთ. მათ 2011 წელს გუნდის შესანახად 150 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს. თანხა ხელფასებში, პრემიებში, ტრანსპორტირებასა და კვებაში იხარჯება. თუ სახელმწიფოს დახმარებას კერძო ინვესტორიც დაემატება, ეს გუნდისთვის დიდი სტიმული იქნება", - ამბობს ჩხატარაშვილი და დასძენს, რომ გურიის ფეხბურთში დაპირისპირება აღარ არსებობს.

"ლანჩხუთის "გურიას" გაძლიერება ძალიან მახარებს. გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის და, ვფიქრობ, საამისოდ წლეულს მზად არის.

ლანჩხუთელებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს და, იმედია, ასეც გააგრძელებენ. საბედნიეროდ, გურიის სამ რაიონს შორის დაპირისპირება აღარ არის. რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტად კახა ებრალიძის დანიშვნის შემდეგ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ქიშპი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ შორის ახლა საქმიანი, მეგობრული და ძმური ურთიერთობაა. ახლა სამივე რაიონს ერთი საფიქრალი გვაქვს - უმაღლეს ლიგას დავუბრუნოთ გურიის რეგიონის გუნდი. იმედია, ჩვენი სურვილი ახდება და "გურია" სეზონს წარმატებით დაასრულებს.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც: თუ ფეხბურთი პერიფერიებში არ განვითარდება, ქართულ ფეხბურთს არ ეშველება. ამიტომაც მახარებს "გურიას", "მერცხალისა" და სხვა ნებისმიერი გუნდის გაძლიერება. ასეთივე პროცესები მიმდინარეობს სხვა რეგიონებშიც, ბოლო დროს სახელმწიფომ ფეხბურთისკენ გამოიხედა და ეს ქვეყნის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებზე სასიკეთოდ აისახება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაო უაო იაო უაო!:) აბა ჰე და აბა ჰო! აბა თქვენ იცით გურულებო მიხედეთ ფეხბურთს. გადამწვანებულია მთელი გურია, მინდვრების დასაგებად იდეალური კლიმატური პირობები გაქვთ. ყატარში და იზრაელში, გაგანია უდაბნოში აკეთებენ ბალახის მინდვრებს და თქვენთან რაფრა ვერ უნდა გააკეთოთ? მალე გვენახოს გურია ჩემპიონთა ლიგის ფინალში! :)
უძლევი
22:49 30-09-2011
0

სიახლეები პოპულარული