გია გეგუჩაძე: "ტორპედო" ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 1 ოქტომბრიდან შეუდგება. მისი პირველი ოფიციალური გამოცდა მეორე დღეს შედგება, როცა "ტორპედო" სტუმრად  "გაგრას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გია გეგუჩაძის ინტერვიუს, რომელიც ქუთაისური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:

- ბატონო გია, ვინაიდან საფეხბურთო საზოგადოება როგორც მწვრთნელს უფრო გიცნობთ, იქნებ ცოტა თქვენს ფეხბურთელობაზეც მოგვითხროთ.
- ფეხბურთის თამაში 6 წლიდან დავიწყე. თავდაპირველად იყო საფეხბურთო სკოლა "ავაზა", მერე ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა (ფეშეემი). ამ სკოლის დამამთავრებელი ასაკისა რომ ვიყავი, გადავედი საქართველოს პირველობაზე მოთამაშე თბილისის "ავიატორში". ეს გუნდი
მოგვიანებით "ლოკომოტივად" გადაკეთდა და მის შემადგენლობაში სსრკ-ს ჩემპიონატზე ვითამაშე მეორე ლიგაში. აქვე ვთამაშობდი თბილისის "შევარდენის" რიგებში. მერე დავიწყე მწვრთნელობა.

- ფეხბურთელობას ადრეულ ასაკში დაანებეთ თავი. სერიოზული ტრავმა მიიღეთ, თუ თქვენში მწვრთნელობის სურვილმა უფრო გადაძალა.
- არანაირი ტრავმა არ მქონია. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ვინაიდან ჩემნაირი დაბალი სისწრაფით დიდ ფეხბურთს მაინც ვერ ვითამაშებდი, ვამჯობინე მწვრთნელობა.

- რა პოზიციაზე თამაშობდით?
- მე ან ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, ან ცენტრალურ მცველად.

- მწვრთნელობაში პრაქტიკულად ყველა ეტაპი გაქვთ გავლილი.
- თავდაპირველად ბავშვთა ფეხბურთში ვიყავი, შემდეგ რამდენიმე წელი სხვადასხვა დონეზე ასისტენტად ვიმუშავე და ბოლოს უმაღლესი ლიგის 3 გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი - ჯერ რუსთავის "გორდაში", მერე - თბილისის "დინამოში", ბოლოს კი - "ზესტაფონში".

- "დინამოში" თქვენ მუშაობას უკავშირდება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატება. 2004 წლის ზაფხულში, თქვენი ხელმძღვანელობით ამ გუნდმა უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. როგორ ფიქრობთ, ასე მაღლა იდგა ის "დინამო" ახლანდელ ქართულ გუნდებთან შედარებით, რომ ჯგუფში მოხვედრა მათთვის აუსრულებელი ოცნება გახდა?
- არა მგონია, რომ მაშინდელი და თუნდაც ახლანდელი "დინამოს" შედარება სწორი იყოს. მაშინ უბრალოდ ძალიან ბევრი დადებითი მოხდა იმ გუნდში და გარემოებათა ისეთი თანხვედრა იყო, ყველაფერმა ხელი შეგვიწყო. მერწმუნეთ, მაშინ ნამდვილად არ იყო ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იოლი საქმე. მე ვთვლი, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი თამაში კრაკოვის "ვისლასთან" გვქონდა. ასევე მიმაჩნია, რომ ვის წინააღმდეგაც მე მომიწია დაპირისპირება, "ვისლას" მსგავსი სიძლიერის გუნდი არ შემხვედრია. აქ ამხანაგურ თამაშებს არ ვგულისხმობ.

- "ზესტაფონში" მუშაობისას, უფრო მაღალ დონეზე - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლასთან იყავით ახლოს და როგორც თქვენ განაცხადეთ, სწორედ ამ მიზნის შეუსრულებლობამ განაპირობა ჩემპიონი გუნდიდან წამოსვლა.
- დიახ.

- როგორც ვიცით, სამწვრთნელო PRO-ლიცენზია მიიღეთ უკრაინაში, რადგან საქართველოს ამ დონის კურსების ჩატარების ფუფუნება არ ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, ახლა თუ არის მომზადებული შესაბამისი ბაზა ჩვენთან, რომ აქ მწვრთნელისთვის უმაღლესი კატეგორიის მინიჭება იყოს შესაძლებელი?
- ეს უკვე აუცილებელიც არის. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოშიც ჩატარდება PRO-ლიცენზიის კურსები. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ განათლებას მიიღებ კაცი. როცა ეს გათავისებული გაქვს ადამიანს, ის, რომ ცოდნის მიღება წარსულისაგან განსხვავებით საკმაოდ გაძვირდა, უკვე უკანა პლანზე გადადის.

- ალბათ ძნელი იქნებოდა, "ზესტაფონის" სახით აწყობილი გუნდის დატოვება.
- რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის იოლი არჩევანი ნამდვილად არ იყო. გული მწყდებოდა იმ გუნდიდან წამოსვლაზე, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაშენებდი. ვთვლი, რომ "ზესტაფონში" მუშაობა ჩემს კარიერაში საუკეთესო ეტაპი იყო. იმის მიუხედავად, რომ მე გუნდი დავტოვე, დღესაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან.

- სწორედ "ზესტაფონის" ფეხბურთელებთან თქვენი კარგი ურთიერთობის გამოა იმის მოლოდინი, რომ "ტორპედოში" მალე რამდენიმე იქაური მოთამაშის გამოჩენას ველოდოთ.
- ეს არაა მართალი. არიან "ზესტაფონში" ფეხბურთელები, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ და ბუნებრივია, მათი გამოსყიდვა ძვირი დაგვიჯდება. ამდენად ასეთ რამეზე ამ ეტაპზე შესაძლოა ვერც ვიფიქროთ.

ჩემი აზრით, ერთი დადებითი მომენტი, რაც ჩემი იქ მუშაობისას მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრად ჩამოყალიბდა და კიდევ რამდენიმეს ამის კარგი პერსპექტივა გაუჩნდა. შესაბამისად, მათი რეიტინგი გაიზარდა და გაჩნდა მათზე მოთხოვნაც უცხოურ სატრანსფერო ბაზარზე. როგორც მე ვიცი, რამდენიმე მათგანს უცხოეთიდან აქვს კარგი წინადადებები.

ყოველივეს გათვალისწინებით, "ზესტაფონის" ფეხბურთელები შესაძლოა ჩვენთვის ხელმისაწვდომებიც ვეღარ იყვნენ - აქ საკითხის თანხობრივ მხარეს არ ვგულისხმობ.

ესეც რომ არ იყოს, მე არ ვთვლი საჭიროდ "ტორპედოში" რაიმე ძვირადღირებული ტრანსფერის პროცესები დავაჩქაროთ. დიდი სურვილი მაქვს გუნდში ახალი სახეები გამოვაჩინოთ. ვიცი, რომ არის მთელი რიგი ნიჭიერი ფეხბურთელებისა, რომლებზე ზრუნვა და მათ საფეხბურთო განათლებაში ენერგიის ჩადება, შედეგს აუცილებლად მოგვცემს.

რესურსი გამოყენებული იქნება ქართული და უპირველესად ქუთაისისა და მის შემოგარენში მცხოვრები კადრებიდან. არაა გამორიცხული, ტალანტები სხვა რეგიონებიდანაც მოვიზიდოთ.

- კონტრაქტი ითვალისწინებს თქვენს მიერ საფეხბურთო აკადემიის კურატორობასაც.
- დიახ. ეს აკადემია ჩვენი გუნდის სპორტული მხარის განუყოფელი ნაწილი იქნება.

- "ტორპედოში" თქვენი მუშაობის ხანგრძლივობა 5-წლიანი კონტრაქტითაა განსაზღვრული, მაგრამ ეს ალბათ იმას არ ნიშნავს, რომ თავიდანვე შედეგზე არ იყოთ ორიენტირებული.
- მოდით, შევთანხმდეთ. სავარაუდო უახლოესი შედეგის დასახელებისთვის გუნდში მუშაობის გარკვეული პერიოდი დამჭირდება. ახლო მიზანზე საუბარი მაშინ უფრო გამიადვილდება. ამჟამად "ტორპედოში" თავმოყრილ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და სხვა მომსახურე პერსონალს ზედაპირულად ვიცნობ. მათი უკეთ გაცნობის შემთხვევაში, უკეთ მეცოდინება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, გადანაწილდეს პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები.

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ადგილობრივი ძალებით მოვახერხოთ ყველაფრის გაკეთება. მთავარი პრინციპი ასეთი ჯაჭვის აწყობა იქნება - აკადემია, მეორე და პირველი გუნდები. საწყის რგოლებში თავმოყრილი ფეხბურთელების გაზრდა, განათლება და შემდეგ პირველ გუნდში მოყვანა იქნება ჩვენი მთავარი მიზანი.

- "ზესტაფონში" თქვენი მუშაობისას, გუნდი განებივრებული იყო ერთგული ქომაგის მხარდაჭერით. უკეთესი პერსპექტივა გელით ქუთაისში, სადაც ტრიბუნებზე საქართველოში ყველაზე ხალხმრავალი აუდიტორია იყრის თავს.
- ვთვლი, რომ საერთო წარმატებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მე ძალიან კარგად მესმის ქუთაისელი გულშემატკივრის, რომელიც მომთხოვნია, პრინციპულია და მჯერა, თუკი ისინი დადებით ძვრებს დაინახავენ, მიუხედავად ნაჩვენები შედეგისა, ისინი მაინც მოვლენ და ტრიბუნებს გაავსებენ.

მინდა, რომ ყველამ იცოდეს - ჩვენ "ტორპედოში" გრძელვადიანი გეგმებით ვართ მოსულები და წარმატებული გუნდის ფუნდამენტის შექმნა, მთავარზე მთავარი პრინციპია. ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად დროა საჭირო. სწორედ ამ დროს ვითხოვთ გულშემატკივრისაგან და ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ დაწყებულ პროცესებს. მათ კარგად იციან, რომ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება მხარდაჭერა. იმაში, რომ ქუთაისის "ტორპედო" უახლოეს მომავალში გახდება ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა, მე ეჭვი არ მეპარება.

- მადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული