მიხეილ აშვეთია: ახლა ნაკრები სხვა ფეხბურთს თამაშობს

AutoSharing Option
წელიწადია, მიხეილ აშვეთია აღარ ჩანს. ბოლოს "ნიჟნი ნოვგოროდში" ითამაშა და არცთუ ურიგო კარიერა ისე ჩუმად დაასრულა, არც არავის გახსენებია, რომ ერთი ხანობა ჩვენი გულშემატკივრის იმედი და სიხარული იყო.

33 წლის აშვეთიას 11 გუნდის ფორმა მოურგია: წყალტუბოს "სამგურალი ", ქუთაისის "ტორპედო", ვლადიკავკაზის "ალანია", თბილისის "დინამო", "კოპენჰაგენი", მოსკოვის "ლოკომოტივი", "როსტოვი", ყაზანის "რუბინი", იენის "კარლ ცაისი", მახაჩყალის "ანჟი", ბარნაულის "დინამო"... 2009 წელს კი "ნიჟნი ნოვგოროდში" ჩაირიცხა და კარიერაც იქვე დაასრულა.

უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ (14 მატჩში 7 გოლი) და ეროვნული ნაკრებებში (24 მატჩში 5 გოლი).

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ბოლოს ქართული ფეხბურთის ვეტერანებთან ერთად მოსკოვის "სპარტაკის" ზამთრის მანეჟში ერთდღიანი ტურნირების სერიით ერთობოდა. საქმე ისაა, რომ ზაზა ჯანაშიამ ვეტერანთა კლუბი "თბილისო" ჩამოაყალიბა, რომელშიც თამაშობდნენ ახრიკ ცვეიბა, დავით ჩალაძე, მიხეილ აშვეთია... განაცხადში გიორგი ქინქლაძეც შეიყვანეს, თუმცა მას არ უთამაშია. "თბილისოს" ტურნირზე ასე წარადგენდნენ - თამაშობენ ქართველი ვარსკვლავები!
თავიდან ქართველებმა იმედები ვერ გაამართლეს, ჯგუფის ოთხივე მატჩი წააგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს, რაც ტურნირის უმთავრეს სენსაციად მიიჩნიეს. "თბილისო" შემდეგ ტურნირზე გაძლიერდა და ჩემპიონი გახდა.

მაშინ ვფიქრობდით, რომ აშვეთიას მოყვარულებში თამაში მისი კარიერის დასრულებას არ ნიშნავდა, ის ხომ შარშან ამ დროს 32 წლის იყო და იმედი გვქონდა, რომ საქართველოში თუნდაც ერთი სეზონს მაინც ჩაატარებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

თუ რატომ, ამის შესახებ მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ. აშვეთია ორიოდე დღით საქართველოში იმყოფებოდა და ჩვენც შემთხვევით ვისარგებლეთ.

- სამწუხაროდ, ფეხბურთს თავი დავანებე, მხოლოდ მოყვარულთა ტურნირებზე ვერთობი, ქართველი ვეტერანები კვირაში ორჯერ ვიკრიბებით და ვვარჯიშობთ. ეს არის და ეს. ჩვენი გუნდი "თბილისო" ტურნირის გამარჯვებული გახდა, ფინალში სომხები დავამარცხეთ, მე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

- 32 წლის ასაკში ახლა ფეხბურთს თავს არ ანებებენ. შენ რატომ გადაწყვიტე ასე?
- ბოლოს, "ნიჟნი ნოვგოროდში" რომ ვთამაშობდი, ტრავმებმა ძალიან გამაწვალა, კუნთოვანი ქსოვილი ხშირად მიწყდებოდა. თამაშის გაგრძელება შემეძლო, ტრავმაც მოვირჩინე, მაგრამ "ნიჟნი ნოვგოროდში" კონტრაქტი დამისრულდა, იქ კი კარგი პირობები აღარ იყო და ახალი კლუბის ძიება აღარ მიცდია. ხშირი მკურნალობით დავიღალე და მივხვდი, თამაშის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.

- იმის იმედი გვქონდა, რომ კარიერას საქართველოში დაასრულებდი.
- ოჯახი მოსკოვში მყავს და ჩამოსვლა აღარ გამომდიოდა. თუმცა საქართველოში ხშირად ვარ, მენატრება აქაურობა, ქუთაისი.

- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ უყურებ?
- რა თქმა უნდა, ერთი მატჩიც არ გამომიტოვებია.

- შენს დროს ბევრ ნიჭიერ თავდამსხმელს ნაკრებში არც იძახებდნენ, ახლა კი, შეტევაში პრობლემები გვაქვსო - ეთანხმები ამ აზრს?
- ჩემს დროს მართლაც ბევრი ფორვარდი გვყავდა და დიდი კონკურენციაც იყო, მე ხშირად არც მათამაშებდნენ. თავდამსხმელები ახლაც არიან, მაგრამ უმთავრესად, გამოუცდელი ბიჭები, რომელთაც დრო სჭირდებათ და გაიხსნებიან.

- შენი აზრით, სად უფრო უჭირს ნაკრებს?
- არა მგონია, ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა თავდასხმა იყოს. ბიჭები თავიანთ გუნდებში თუ თამაშობენ, ნაკრებში რატომ ვერ უნდა ავლენდნენ თავს? უბრალოდ, ახლა ნაკრები სხვა ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ჩვენს დროს იყო., დაცვაზეა ორიენტირებული. თუმცა სად უჭირს და სად არა, ეს ჩემი შესაფასებელი მაინც არ არის.

- საქართველოს ჩემპიონატსაც უყურებ?
- შეძლებისდაგვარად. სხვათა შორის, ქუთაისში "ტორპედო"-"ბაიას" შეხვედრას დავესწარი და ძალიან გამიკვირდა, გუნდებს ცუდად არ უთამაშიათ.
"ტორპედო"-"დინამოს" მატჩი კი ძალიან მომეწონა, ორივე გუნდმა აზრიანი და სწრაფი ფეხბურთი ითამაშა.

- მოსკოვში მყოფს ჩამორჩენა უფრო მეტი გეგონა?
- მეგონა, მაგრამ ახლა მოედნების გაკეთება დაიწყეს და ეს გუნდების თამაშზე უცებ აისახა. ჩვენი ბიჭები ხარისხიან მოედანზე ბევრად უკეთესები ჩანან, რადგან ტექნიკა და სისწრაფე აქვთ. არადა, კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ქუთაისში და სხვა ქალაქებშიც რა საფარი იყო.

- ფეხბურთში დაბრუნების სურვილი არ გაქვს?
- თამაშს გამოვრიცხავ, საფეხბურთო მენეჯერად ან კლუბის ადმინისტრაციაში მუშაობა კი შესაძლებლად მიმაჩნია. რომელიმე გუნდს ჩემი თანადგომა თუ დასჭირდება, სიამოვნებით დავუდგები გვერდში, ფეხბურთი მიყვარს და მენატრება, მაგრამ ჯერ არავის არაფერი შემოუთავაზებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული