"კოლხეთი": პრობლემა? რამდენიც გინდათ

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" წლევანდელი ჩემპიონატი ჩინებულად დაიწყო, სტუმრად "მეტალურგთან" (0:0) და "ზესტაფონთან" (1:1) ფრედ ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კოლხებს გამოცდილი სოსო ფილია თავკაცობს, რომლის ხელიც გუნდს აშკარად დაეტყო.

მერე კი კოლხებს საქმეები აერიათ. მართალია, "გაგრასთან" თბილისში 2:1 მოიგეს, მაგრამ მდგომარეობა გაუუარესდათ. "ფაზისზე" მოედნის განახლების გამო გუნდი შინ ვერ თამაშობს, მაგრამ ლიდერებთან ტოლსწორი მეტოქეობის შემდეგ მარტვილის "მერანთან" წაგება მაინც გასაკვირი იყო. 8 ტურის შემდეგ "კოლხეთმა" მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. ცხადია, ფოთელებს რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის მცირე
შანსი აქვთ.

როგორც შევიტყვეთ, ეს ყველაფერი კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შედეგია. მართალია, ხელფასები არც ისე დიდია (500-დან მაქსიმუმ 1500 ლარამდე), პრემიები კი სასაცილოდ მცირე (100-დან 200 ლარამდე), მაგრამ მოთამაშეებს ამასაც ვერ უხდიან და დავალიანების ნაწილს ნასესხები ფულით ისტუმრებენ.

"კოლხეთს" ტრანსპორტირებაზე უმაღლესი ლიგის გუნდებში ყველაზე მეტი ხარჯის გაღება უწევს. ახლა იმის გამოც გაუჭირდა, რომ საშინაო მატჩებს ვერ ატარებს და მგზავრობის ხარჯი უფრო გაეზარდა, უფულო გუნდისთვის კი ყოველ ტურში ავტობუსის დაქირავება, საწვავის შეძენა და სტადიონზე მისვლა დიდი ტვირთი და სტრესია.

ასეთ პირობებში პრობლემურია მოთამაშეთა კვებაც, რაც კლუბის გამოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს - თანამედროვე ფეხბურთში ეს საკითხი მეცნიერულ დონეზეა. 2 ოქტომბერს "მერანთან" მატჩის შემდეგ ოთხი დღე გავიდა, "კოლხეთი" კი მხოლოდ გუშინ შეიკრიბა და ივარჯიშა.

არადა, ეს არის გუნდი, სადაც ყოველთვის ნიჭიერ მოთამაშეებს ზრდიდნენ და ახლაც ასეა - სოსო ჭედიამ ახალგაზრდულ ნაკრებში "კოლხეთიდან" გიორგი ლემონჯავა და ლაშა გვალია გამოიძახა.

კოლხებს სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ორი ქართველის დამატება სურდათ, მაგრამ ტრანსფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, ასეთ შეჭირვებაში მყოფნი კი თამაშს ვერავის სთხოვენ.

არსებობს იმედი, რომ ფოთელებს დაეხმარებიან, მაგრამ ჩემპიონატის ერთი წრე დასასრულს მიუახლოვდა და გუნდი როდისღა უნდა დააფინანსონ? "კოლხეთს" მიხედვა მანამდე სჭირდება, სანამ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის თეორიული შანსი კიდევ აქვს, თორემ მერე ურემი ისევე გადაბრუნდება, როგორც წლების წინ და პირველ ლიგას დაუბრუნდება იმ ქალაქის გუნდი, სადაც ქართული ფეხბურთის აკვანი დაირწა.

ერთადერთი, რაც ფოთელებს ახარებთ, "ფაზისის" სტადიონის მოედნის განახლებაა. სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, დაიწყო მოხრეშვა და, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში საფარს დააგებენ. თუმცა გუნდი იქ ერთი თვე ვერ ითამაშებს, რადგან ახალდაგებულ საფარს ნიადაგთან "შეხორცება" და ადაპტაცია სჭირდება.

ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში "კოლხეთი" ფოთს ნოემბრის ბოლოს თუ დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დომენტი ესაა უფულო გუნდები არ იქნებიანო?ასეთი გუნდის ფეხბურთელმა თამაში რომ გაყიდოს გასაკვირი იქნება ვითომ?თუ დომენტია შენი საქმე მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგაში ჩაწყობილი თამაშების პროცენტული მაჩვენებელის დადგენაა?და ერტი მინდა ვიკიტხო და სპორტულ ჟურნალისტებსაც მინდა გთხოვოთ,იქნებ კიტხოთ ფედერაციის მესვეურებს,გუნდი რომელიც სამგზავრო თანხაც კი სასესხებელი აქვს,განახლებულ მინდორს მოუვლის?ეს ხომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული?
daviti
09:12 09-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული