მარტვილში სტადიონის განახლებას აპირებენ

AutoSharing Option
თუ მარტვილის "მერანის" სტადიონი გინახავთ, დამეთანხმებით, რომ ის საფეხბურთო არენისთვის ჩინებულ ადგილზე მდებარეობს, მწვანეშია ჩაფლული და არის პერსპექტივა, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო კომპლექსი აშენდეს.

მარტვილის "მერანის" გენერალური დირექტორი ელდარ ბაკურია ამბობს, რომ სხვა სტადიონების განახლების პარალელურად, მალე ხელი "მერანის" სარბიელსაც შეევლება.

"სტადიონის განახლების გეგმის თანახმად, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ორი მოედნის გაკეთება იგეგმება - შეიცვლება ცენტრალური არენის საფარი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხელოვნურსაფრიანი სავარჯიშო მოედანი გაკეთდება.

ცენტრალური მოედნის საფრის შეცვლას ფეხბურთის ფედერაცია მომავალი წლისთვის გვპირდება, სათადარიგო მოედნისა და მთლიანად სტადიონის კეთილმოწყობას კი
"მერანის" პრეზიდენტი გეგმავს. უკვე კონკრეტული პროექტიც არსებობს - ხელოვნურსაფრიან მოედანზე 2 500-3 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა უნდა აშენდეს, სადაც ცენტრალური სექტორი გადაიხურება, მთავარ სარბიელზე კი, დღეს არსებულ 2 000-ან ტრიბუნას ერთი ამდენი მოპირდაპირე, აღმოსავლეთ მხარეს დაემატება, თანაც, არენა შეიკვრება, განახლდება გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები და, რაც მთავარია, გვექნება ახალი საფარი, რომელზეც თამაში სასიამოვნო იქნება.
მაგრამ წლეულს კლუბი გამოცდის წინაშეა, ახლა მთავარია, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ღირსეულად ჩავატაროთ, სტადიონის სრული განახლება კი მომავალი წლიდან იგეგმება", - ამბობს ბაკურია.

უმაღლეს ლიგაში უკვე რვა ტური ჩატარდა, "მერანი" 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა (3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება), შეძლებისდაგვარად ღირსეულად ასპარეზობს და ლიდერებსაც არაფერს უთმობს. ამან რაიონში ისედაც პოპულარული სპორტის სახეობის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

"დღეს მარტვილის რაიონში ფეხბურთის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია და შემიძლია ვთქვა, რომ რაიონი ფეხბურთითა და "მერანით" ცხოვრობს. სამწუხაროდ, აქ ხალხს ბევრი გასართობი არც აქვს და ინტერესს ესეც განაპირობებს. ჩვენს საშინაო თამაშებზე სტადიონი ყოველთვის სავსეა და, რადგან მხოლოდ 2 000-ადგილიანი არენა გვაქვს, ქომაგები თამაშს სტადიონის გარშემო მდებარე ფერდობებიდან ადევნებენ თვალს. სხვათა შორის, ხალხის თანადგომამაც განაპირობა, "მერანი" წლეულს საკმაოდ ღირსეულად რომ ასპარეზობს. ეს კლუბის ხელმძღვანელთა დამსახურებაა, რომლებმაც მშვიდი სამუშაო გარემო შექმნეს".

ელდარ ბაკურია ათი წელი საბერძნეთში თამაშობდა, იქაურ უმაღლეს ლიგაში გამოსვლის გამოცდილებაც აქვს და, ცხადია, კავშირებსაც ინარჩუნებს. მაგრამ ამბობს, რომ მათი გამოყენება გუნდზეა დამოკიდებული: "საბერძნეთში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მათთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად "მერანი", როგორც კლუბი, უნდა გაიზარდოს, დაიხვეწოს, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რათა მერე არა მხოლოდ ნაცნობებისთვის, უცნობებისთვსაც საინეტრესო გახდეს. ჩვენი მიზანი მხოლოდ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა არ არის, კლუბი სერიოზულ ძალად უნდა აღიქვან. ამას კი დრო სჭირდება".

ვერ გეტყვით, რა ბიუჯეტი აქვს უმაღლესი ლიგის ყველაზე შეჭირვებულ კლუბ ბოლნისის "სიონს", უმეტესობის ბიუჯეტი კი მინიმუმ მილიონი ლარი მაინც არის. რა მდგომარეობაა ამ მხრივ მარტვილის "მერანში"?

"ჩვენს კლუბს ამხელა ბიუჯეტი არ აქვს, მაგრამ ჩვენი მუშაობა არსებული ფინანსური რესურსის ეფექტურ ათვისებაზეა დამყარებული. დროულად გაიცემა ხელფას-პრემიები, დაგვიანება არც მახსენდება. ეს კი გუნდში სტაბილურ გარემოს განაპირობებს," - განმარტავს "მერანის" დირექტორი.

"მერანი" იყო პირველი კლუბი პირველი ლიგიდან, რომელიც პროფლიგაში გაერთიანდა. მაგრამ ერთი წლის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზების ფუნქცია ისევ ფედერაციას დაუბრუნა და, ფაქტობრივად, პროფლიგა გააუქმა.

გავიდა დრო და კლუბები მიხვდნენ, რომ საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბება სჭირდებათ. "ვიტ ჯორჯიამ" საქართველოს კლუბების ასოციაციას იდეა გააჟღერა.

ბაკურიას კომენტარი ამის თაობაზე ასეთია:
"რა თქმა უნდა, პროფლიგის მსგავსი ორგანიზაცია საქართველოში უნდა არსებობდეს, რადგან ეს საჭიროა. ლიგა მუშაობდა და რაღაცას აკეთებდა, მაგრამ შემდეგ პრობლემები შეექმნა. მთავარია, საკლუბო საქმეებს მოევლოს, ჩვენი ჩემპიონატის კომერციალიზაცია დაიწყოს, ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამას ფედერაცია გააკეთებს თუ ლიგა, ისევე, როგორც სულერთია, რა ერქმევა ორგანიზაციას, პროფლიგა თუ საკლუბო ასოციაცია.

თუ ასეთი ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, მთავარია, საინტერესოდ იმუშაოს, კლუბებს კი მიმზიდველი პროექტი შემოგვთავაზონ, საქმე აკეთონ. კლუბების ასოციაციაში, რა თქმა უნდა, გავწევრიანდებით, მაგრამ ეს ჩვენთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის უნდა იყოს საინტერესო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში დავუდგებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული