"ტორპედომ" ლატვიიდან ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსა" და ხარაგაულის "ჩხერიმელას" ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში ქუთათურთა შემადგენლობაში ლატვიის "ოლიმპსის" 21 წლის ფორვარდი დავით ჯანელიძე გამოჩნდა, რომელიც აქტიური თამაშით გამოირჩეოდა.

როგორც შევიტყვეთ, ჯანელიძემ ლატვიურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა "ტორპედოში" მისი ჩარიცხვა ჯერ არ გადაწყვეტილა.

არც ისე შორეულ წარსულში დათოს პერსპექტიული თავდამსხმელის სახელი ჰქონდა და ხმაურიანი სკანდალის მონაწილეც გახდა: 2006 წელს "თბილისის" რამდენიმე ფეხბურთელი კობა ჟორჟიკაშვილმა "ზესტაფონში" გადაიყვანა, რამაც ეს ორი კლუბი ერთმანეთს დააპირისპირა -"საბითუმო" გადაბირების შემდეგ ხომ "ზესტაფონში" მისი დღევანდელი ლიდერები აღმოჩნდნენ - როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი,
ბუბა დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, ირაკლი ძარია. მათ შორის იყო დავით ჯანელიძეც, იმჟამად ასაკობრივი ნაკრებების ფორვარდი.

ის "ზესტაფონში" სკანდალით მივიდა და კლუბი სკანდალითვე დატოვა. მერე ნახევარი წელი უმაღლეს ლიგაში, ცხინვალის "სპარტაკში" იჯარით ითამაშა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკო რეხვიაშვილმა უცხოეთის გზას გაუყენა - ჯერ ვენტსპილსის "ტრანზიტში" გადაიყვანა, მერე რიგის "სკონტოს" ფარმკლუბ "ოლიმპსში", სადაც "სკონტოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე სტარკოვსმა შენიშნა და მიიწვია.

"სკონტოში" თავიდან ძირითადში თამაშობდი, თუმცა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან კოჭი გადაუტრიალდა, იძულებით დაისვენა და შემადგენლობიდან ამოვარდა. მერე კლუბთან კონტრაქტიც დაუსრულდა და 2011 წლის დასაწყისში ისევ "ოლიმპსში" დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული