რობერტინიო: გარსიამ "ბარსელონიდან" სათამაშო სტილი გადმოიღო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური ფან-კლუბის "გლადიატორების" ინტერნეტ ტელევიზიამ დაიწყო ახალი პროექტი, რაც გულისხმობს ვიდეო ინტერვიუების ჩაწერას. გადაცემის "საუბრები დინამოელთან" პირველი სტუმარი ბრაზილიელი ლეგიონერი რობერტინიოა.

- რობი ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ პერიოდით, როდესაც ჩამოხვედი თბილისში და დაიწყე "დინამოში" თამაში.
- პირველ რიგში გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, "დინამო" არის საუკეთესო გუნდი საქართველოში, ძალიან კარგი მწვრთნელით, მსიამოვნებს "დინამოში", რომ ვარ და მსურს უფრო მეტად დავიხარჯო და მოვაწონო თავი ალექს გარსიას.

- როგორ გახდი ფეხბურთელი?
- 17 წლის ვიყავი, როდესაც ატლეშ მინეიროში მივედი,
შემდეგ მინეზეიროში დავიწყე თამაში, ამ გუნდში რამდენი წელი გავატარე, ამის შემდეგ გადავედი მინეიროში, რის შემდეგაც უკვე აღვმოჩნდი "დინამოში".

- რობი მოდი შენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ, როგორც ვიცით შენ მეუღლე გყავს.
- მინდა ვთქვა, რომ მშვენიერი ცხოვრება მაქვს, ძალიან კარგი ოჯახი მყავს, ძალიან კარგი ცოლი მყავს, რომელიც თბილისში ჩემთან ერთად არის და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

- როგორ გრძნობ თავს "დინამოში"?

- ბედნიერი ვარ "დინამოში" ყოფნით, შეიძლება მიწევდეს თამაში ან არ მიწევდეს, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, რაც ფეხბურთელისთვის სავსებით ნორმალურია. ასეა თუ ისე, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ფიქრობ თუ არა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ "დინამოში"?
- დღესდღეობით, საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან: ჩისკო, იაგუე, კოტო, კოშკა; მწვრთნელისთვის გუნდში ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

- "დინამოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ალექს გარსია, რას ფიქრობ მის ახალ სამწვრთნელო სისტემაზე?
- მომწონს გარსიას მიდგომა, გარსია "ბარსელონაში" მუშაობდა და სწორედ იქიდან გადმოიღო ძალიან კარგი სათამაშო სტილი.

- რას ფიქრობ ჩვენს ჩემპიონატზე და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე?
- საქართველოს ჩემპიონატი  ძალიან რთულია, არაერთი ძლიერი გუნდია თავმოყრილი, მაგალითად, "ზესტაფონი", "მეტალურგი". მინდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ და მომწონს ეს ჩემპიონატი.

- მიმდინარე სეზონში "დინამო" ლიდერია, რას იტყვი გუნდის შედეგსა და თამაშზე?
- ამ სეზონში "დინამოს" ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ გახდეს ჩემპიონი, ყოველდღე ვმუშაობთ რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

- რობი საინტერესოა, რომელია შენი რჩეული გუნდი?
- მადრიდის "რეალი"

- საუკეთესო ფეხბურთელი?
- კრიშტიანო რონალდო

- მოდი კვლავ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ, შემდეგი მატჩი საკმაოდ რთულ მეტოქესთან გვიწევს-რუსთავის "მეტალურგთან", საინტერესოა შენი წინასამატჩო შეფასება.
- მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება აუცილებელია და ჩვენ ამის ძალა შეგვწევს.

- თუ გაქვს რაიმე შემოთავაზებები, რომელიმე გუნდიდან?
- ჯერ-ჯერობით არა.

- რას იტყვი "დინამოს" ფან-კლუბ "გლადიატორებზე"?
- ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, მუდამ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მათთან, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია "დინამოსთვის". გამარჯვებისთვის და მიზნის მიღწევისთვის "გლადიატორები" ყველაფერს აკეთებენ.

- როგორ გრძნობ თავს საქართველოში, კერძოდ კი თბილისში?
- ძალიან კარგი ქალაქია თბილისი, მართალია ბრაზილიას არ გავს, თუმცა აქ კარგი გარემოა და მომწონს აქაურობა.

- რობი დიდი მადლობა და მინდა გისურვო წარმატებები და ყველაფერი საუკეთესო "დინამოში".

gladiators.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული