ელგუჯა გუგუშვილი - მწვრთნელი, მეცნიერი, პედაგოგი

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში კი არა, საერთოდ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა კონკრეტული მწვრთნელი ერთსა და იგივე გუნდს "გადაბმულად" 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს; თუმცა ქართველებს მართლაც საამაყოდ უნდა გვქონდეს საქმე: ცნობილი ქართველი სპეციალისტის ელგუჯა გუგუშვილის სამწვრთნელო მოღვაწეობა უკვე 40 წელს ითვლის და მთელი ეს პერიოდი ერთსა და იგივე გუნდს, "ზოოვეტს" უკავშირდება!

არ არის პატარა ამბავი, 40 წლის განმავლობაში ერთი და იგივე გუნდის გაწვრთნა; ვიდრე ჩვენი დღევანდელი რესპოდენტის სამწვრთნელო მიღწევებზე ვისაუბრებდეთ, ელგუჯა გუგუშვილის პედაგოგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მართლაც
შთამბეჭდავი ნუსხაც გვინდა შემოგთავაზოთ.

საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (აღიარებული XX საუკუნის საუკეთესო მეცნიერად), ნიუ იორკის აკადემიის წევრი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა გუგუშვილი წლების განმავლობაში გახლდათ ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის რექტორი, შემდეგ კი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი. დღესდღეობით აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს 151 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული და 25 მეცნიერებათა დოქტორი ჰყავს მომზადებული.

არანაკლებ შთამბეჭდავია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და სპორტის დამსახურებული მუშაკის სპორტული მიღწევებიც: სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მოყვარულთა ნაკრების, საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას", საქართველოს სტუდენტთა ნაკრების, საქართველოს სპორტსაზოგადებათა ნაკრების, თურქმენეთის ეროვნული ნაკრების, ამ ქვეყნის უძლიერესი კლუბის "კოპეტდაგის", ბერძნული "იანინას" და საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოებათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი! აღარაფერს ვამბობთ მისთვის ყველაზე ძვირფას და მშობლიურ "ზოოვეტზე" - 40 წელიწადი რომ ავარჯიშებს და პატრონობს;

მომავალ კვირაში, კერძოდ კი 20 ოქტომბერს, სწორედ "ზოოვეტის" დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებული ამხანაგური მატჩი უნდა ჩატარდეს: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ზოოვეტის" სხვადასხვა თაობის ფეხბურთელთაგან შემდგარი ნაკრები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. იმის თქმა წინდაწინვე შეიძლება, რომ მართლაც საინტერესო მატჩი გველოდება, არანაკლებ საინტერესო "პერსონაჟებით". ცნობილ მწვრთნელსა და მეცნიერს გუშინ შევხვდით და ჩვენი საუბარი სწორედ მოახლოვებული მატჩზე საუბრით დაიწყო.

- "ზოოვეტის" შემადგენლობაში ვის ვიხილავთ?
- თითქმის ყველა იმ ცნობად სახეს, ამ 40 წლის განმავლობაში ვისთანაც მიმუშავია - ნუკრი კაკილაშვილს, ავთანდილ ქანთარიას, გიორგი დარასელიას, სოსო ფრუიძეს, ვიაჩესლავ მერეჩკოს, ზაზა რევიშვილის, კახა და ქართლოს ჭუმბურიძეებს, ზურაბ თოფურიას, დათო კევლიშვილს, გურამ ასპინძელაშვილს, გია ჭიაბრიშვილსა და სხვებს.

- თქვენ მიერ ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა კვლავაც ფეხბურთში საქმიანობს; "ზოოვეტის" ყოფილი მოთამაშეები და დღესდღეობით სხვა სფეროს წარმომადგენლებიდან ვინ შეიძლება ვიხილოთ?
- სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი ლევან კვიციანი, ისანი-სამგორის პოლიციის უფროსი გოდერძი ნატროშვილი; ამათ გარდა, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ თქვენი კოლეგებიც ითამაშებენ: ლაშა დვალიშვილი, დიმიტრი ობოლაძე, გიორგი გულბანი.

- ახლა, იმაზე ვისაუბროთ, "ზოოვეტი" როდის და როგორ ჩამოყალიბდა.
- ამ სასწავლებლის სტუდენტი ვიყავი და 19 წლის ასაკში "ზოოვეტის" მწვრთნელი გავხდი. იმდროინდელი რექტორის, გოგოთურ აგლაძის ინიციატივით სტადიონიც გაკეთდა და გუნდიც ჩამოყალიბდა, - აი, იქიდან მოყოლებული, რა თანამდებობაზე არ მიმუშავია, მაგრამ "ზოოვეტის" არც ერთი ვარჯიში არ გამიცდენია.

- მწვრთნელობა ერთობ ადრეულ ასაკში დაგიწყიათ.
- შესაძლოა, არ დამიჯეროთ, მაგრამ ბევრად უფრო ადრე - 8 წლის ასაკში, როცა "ტყავის ბურთის პრიზი" გათამაშება იყო, ასე ვთქვათ, მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ვასრულებდი.

- საერთოდაც, თქვენი საფეხბურთო კარიერა როგორ წარიმართა?
- 35-ე საფეხბურთო სკოლის მერე თბილისის "სინათლეში" ჩავირიცხე და ამ გუნდთან ერთად ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი, სამჯერ თასი მოვიპოვე; ერთხელ კი, საკავშირო მასშტაბის ტურნირშიც გავიმარჯვეთ - "მილიონთა თასი" მოვიგეთ. სამწუხრაოდ, ტრავმის გამო 26 წლის ასაკში კარიერის ნაადრევად დამთავრება მომიწია. აი, იმის შემდეგ კი პედაგოგიურ, სამეცნიერო და სპორტულ საქმიანობას ერთმანეთს ვუთავსებ.

- წლევანდელ სეზონში პირველ ლიგაში "ზოოვეტი" გამოჩნდა.
- ვიდრე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყებოდა (ანუ, 1990 წლამდე) "ზოოვეტს" არაერთი წარმატებული სეზონი ჰქონია და საერთაშორისო მატჩებში ისეთი მეტოქეებიც დაგვიმარცხებია, როგორებიც არიან კიევის "დინამო", მოსკოვის "დინამო", "ჟალგირისი", "ნანტი", "საარბრიუკენი". ორჯერ გავიმარჯვეთ უმაღლეს სასწავლებლებს შორის საკავშირო ჩემპიონატში, მოგებული გვაქვს საკავშირო უნივერსიადაც, 1982 წელს კი საქართველოს თასი მოვიპოვეთ. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, 1990 წლიდან ყველაზე ქვედა, IV V ლიგიდან დავიწყეთ ასპარეზობა და ასე ეტაპობრივად გავიარეთ III, II, I ლიგა და 1997 წელს უმაღლესში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ.

- უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თავდაპირველად "მორკინალი-კოდაკოს" სახელით ასპარეზობდა, მეორე ეტაპიდან კი "ვიტ ჯორჯია" დაერქვა და სწორედ ასე "გავიცანით" ეს კლუბი.
- სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე ჩვენი სასწავლებლის ყოფილი სტუდენტია და IV ლიგიდან მოყვებოდა "ზოოვეტს".

- პირველი ქართველი მწვრთნელი ბრძანდებით, უცხოური ქვეყნის ნაკრებს ვინც თავკაცობდა - თურქმენეთში როგორ აღმოჩნდით?
- საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოებათა ნაკრებში ერთი თურქმენი ფეხბურთელი მყავდა - მინგაზოვი, სწორედ მისი და ორი ჩვენებურის, კახა ჭუმბურიძისა და ბუბა ტყავაძის (სამივენი იმ დროს იქაურ კლუბში, "კოპეტდაგში" ასპარეზობდნენ) რეკომენდაციით აღმოვჩნდი ამ ქვეყანაში. ჯერ "კოპეტდაგის" გაწვრთნა შემომთავაზეს, სულ მალე კი ნაკრებიც ჩამაბარეს და იმ პერიოდში ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი რომ იყო, ჩემი "მოკრძალებული" წვლილიც გახლდათ.

- მსგავსი შედეგი თურქმენეთის ნაკრებს არც მანამდე და არც მერე არ ჰქონია.
- ნაკრებთან ერთად 23 მატჩი ჩავატარე: 18 მოვიგეთ, 3 წავაგეთ და 2 ფრედ დავამთავრეთ; განსაკუთრებულად ის შეხვედრა მახსენდება, აზიის თასზე, თეირანში, 80 000 მაყურებლის წინ ირანის ნაკრებს 1:0 რომ მოვუგეთ (თანაც, ირანელებს 10 წელი არ ჰქონდათ სახლში წაგებული ოფიციალური მატჩი). ამას გარდა, თურქმენულმა გუნდმა პირველად გააღწია დსთ-ს თასის ფინალში - "კოპეტდაგი" მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა მოსკოვის "სპარტაკთან".

- აბა, ორწლიანი,მართლაც ნაყოფიერი, მუშაობის შემდეგ რატომღა წამოხვედით თურქმენეთიდან?
- მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოითხოვეს, რაც, დამეთანხებით, რომ არარეალური იყო.

- თურქმენეთამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში შოთა ჭეიშვილთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ (ოლიმპიურ) ნაკრებშიც მუშაობდით - სადებიუტო ციკლში.
- ძალიან ნიჭიერი თაობა იყო: არჩილ არველაძე, გიორგი ანჩაბაძე, დავით ჯანელიძე, გურამ ასპინძელაშვილი, გიორგი ღუდუშაური, დავით ჭიჭვეიშვილი, ლევან ხომერიკი, ალექსანდრე ბურნაძე, გიორგი კიკნაძე, დავით გვარამაძე. ამირან მუჯირი; შესაძლოა, ვინმე გამომრჩა კიდეც. მერე, მათზე უმცროსებიც გამოჩნდნენ - კახა კალაძე, კახა კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი.

- ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზეც გვინდა გკითხოთ. უპირველესად კი ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი აზრი.
- ჩემი აზრით, ბოლო წლებში ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა იყო - ნებისმიერ სპეციალისტს საკუთარი იდეების რეალიზებისათვის 4 წელი მაინც სჭირდება. ჩვენ კი, ფაქტობრივად, ყოველ მეორე წელიწადს ახალ-ახალი მწვრთნელები გვყავდა.

ამას გარდა, მიმამჩნია, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი კრიტიკულ ასაკს მიუახლოვდა, ანუ მათი საუკეთესო წლები უკან დარჩა; არანაკლებ პრობლემატურია ის ფაქტიც, რომ რასაც ვაკვირდები, ჩვენს ფეხბურთელებს ის ტემპი და სისწრაფე არა აქვთ, თანამედროვე ფეხბურთი რასაც "ითხოვს".

ბოლოს, ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონეც უნდა აღინიშნოს, ბუმერანგივით რომ უბრუნდება ყველა მწვრთნელს - ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებულებით დაწყებული და ეროვნულით დამთავრებული.ნაკრების დღევანდელი მწვრთნელის მიმართ კრიტიკული შეფასებები ისმის - ქეცბაია მარტო ვერაფერს შეძლებს, თუ მას სათანადო დონის ფეხბურთელები არ ეყოლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
sheeshvit ra am kecbaias dacvas ra tavi ar gaachires sakme,tkvenma kebam da pulma gamoigo eger shedegi, exla aket daadidet eg kecbaia............
სანდრო777
20:20 15-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული