გია მეგრელაძე: ჩემი თამაშით კმაყოფილი, ყველაზე მეტად უზბეკეთში დავრჩი

AutoSharing Option
"ტორპედოს" 33 წლის თავდამსხმელი გია მეგრელაძე საფეხბურთო დღეგრძელობით განთქმული ოჯახიდანაა. მამამისი, წარსულში ცნობილი ბომბარდირი - მერაბ მეგრელაძე 41 წლის იყო, როცა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. შვილი მამის ტრადიციას არ ღალატობს, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში თქვა, ამ კომპონენტში მასთან შეჯიბრს არ აპირებს.

"ტორპედოს" საიტის დღევანდელი სტუმარი იუბილეს მოლოდინშია. პირველივე თამაში, რომელშიც მას მწვრთნელები ჩემპიონატზე გუნდის მაისურით გამოსვლის ნებას დართავენ, გია მეგრელაძისთვის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 250-ე მატჩი იქნება.

1993 წლიდან ეროვნულ ასპარეზზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის, ეს რიცხვი შეიძლება რეკორდული არ
იყოს, მაგრამ ვინც მის საფეხბურთო წარსულს და ბომბარდირულ ნიჭს (უმაღლეს ლიგაში 125 გატანილი გოლი) იცნობს, მისადმი სხვაგვარი განწყობა დაეუფლება. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენს ფორვარდს სხვადასხვა დროს 5 უცხო ქვეყნის ჩემპიონატშიც მოუწია თამაში.

- გია, ჩვენს ჩემპიონატში დებიუტი საკმაოდ ადრეულ ასაკში მოგიწია. თუ გაიხსენებ იმ შეხვედრას.
- მახსოვს 15 წლის ვიყავი. წყალტუბოს "სამგურალში" ვთამაშობდი და პირველი თამაში ბათუმის "დინამოსთან" მომიწია. თემურ სვანაძემ შეცვლაზე შემიყვანა, მომავალ ტურში კი, რომელშიც ლანჩხუთში გავდიოდით, თავიდანვე დამაყენა და 2 გოლი გავიტანე. "გურიასთან" ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ჩემთვის პირველი გოლები იყო და მაინც კარგად დამამახსოვრდა.

- როგორც გვსმენია, ჩვენთან პირველ ჩემპიონატებში უფრო მაღალი დონე იყო. ამიტომ 15 წლის ბიჭისთვის ნდობის გამოცხადება ცოტა მოულოდნელია - ცოტა წლები ხომ არ გაქვს მოკლებული?
- ნეტა მართლა მომეკლო ეს წლები, ახლა ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ალბათ ამჩნევთ, საქართველოში 30 წელს თუ გადაშორდა ფეხბურთელი, უკვე მისკენ არავინ იხედება. ამაზე ერთი ენამოსწრებული ნათქვამი მახსენდება. ერთ ქართველ ფეხბურთელს უთქვამს - ასაკი მოვიკლო კი არა, ნეტა მომამატებია და ამ ფეხბურთისთვის თავი დამანებებიაო.

კითხვის პირველ ნაწილზე კი ასე გიპასუხებთ. მთლად ასე იოლიც არ იყო მაშინ ჩემთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა.

"სამგურალის" შემდეგ ნახევარი წელი ოზურგეთის "მერცხალში" გადავედი, რომელიც პირველ ლიგაში გამოდიოდა. მერე რეზო ბურკაძემ "ტორპედოში" მიმიწვია და სანამ ჩემპიონი არ გახდა ჩვენი გუნდი (2000 წელს), მანამდე აქ ვითამაშე.

- პენალტებს იშვიათად ურტყამ, მაშინაც კი, როცა ამის შანსი თასის მატჩისშემდგომ სერიაში გეძლევა.
- ბედი მაქვს ისეთი, არასდროს არ მომიწია ამის გაკეთება. 1999 წელს, "ტორპედო" თასის ფინალში ჩემს პირველ გუნდს "სამგურალს" შეხვდა და ისე მოვიგეთ პენალტების სერიაში (4:2), ჩემს დარტყმას აზრი აღარ ჰქონდა. კიდევ ერთ ფინალში უნდა დამერტყა, მაგრამ არც მაშინ მომიწია. რუსთავის "ოლიმპში" ვთამაშობდი და 2009 წელს თბილისის "დინამოსთან" წავაგეთ პენალტებში (0:2). ბოლოს მე უნდა დამერტყა, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა.

- თასის ფინალებში მართლაც არ გიმართლებს. მხოლოდ პირველში მოიგო შენმა გუნდმა თასი, მას შემდეგ 3-ჯერ წააგეთ.
- სამწუხაროდ ასეა. 2000-ში "ლოკომოტივთან" წავაგე "ტორპედოში", "ოლიმპზე" უკვე ვთქვით და ბოლოს, წლევანდელი თასის ფინალი - ისიც "ტორპედოს" შემადგენლობაში, რომელიც "გაგრასთან" წავაგეთ.

- გია, სხვადასხვა დროს საბერძნეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში გითამაშია. მათგან რომელი ქვეყნის ჩემპიონატს გამოჰყოფდი?
- ჩემი თამაშით კმაყოფილი, ყველაზე მეტად უზბეკეთში დავრჩი. ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სწორედ ამ ქვეყანაში იყო ჩემი იქ ყოფნისას ფეხბურთის ბუმი. რაც არ უნდა იყოს, ბრაზილიელი რივალდო თამაშობდა იქ და ბევრი სხვა სახელიანი უცხოელიც. იქ რომ ფული იდებოდა ფეხბურთში, ალბათ ჩვენთან კიდევ კარგა ხანს არ იქნება.

- შესაბამისად, ალბათ დასწრებაც ბევრი ექნებოდა იქაურ ჩემპიონატს.
- ხშირად მითამაშია სავსე ტრიბუნების წინაშე, მაგრამ უზბეკეთში რომ დასწრება იყო, ასეთს სხვაგან ვერ ვიხსენებ. მიკვირდა კიდეც, როგორ ახერხებდნენ ასეთ არასაფეხბურთო ქვეყანაში მაყურებლის სტადიონზე მოზიდვას. დონეც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩვენზე მაღალია. ალბათ ისევ მაღალი დონის უცხოელების ხარჯზე. გუნდში მწვრთნელად სკოლარი და ფეხბურთელად რივალდო რომ გეყოლება, ე.ი. საკლუბო ინფრასტრუქტურაზეც იზრუნებ.

- გულშემატკივარს არც ქუთაისში თამაშისას უნდა ემდუროდე. საქართველოში "ტორპედოს", სტადიონზე მოსიარულე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქომაგი ჰყავს.
- რა თქმა უნდა, რა შედარებაა, ჩვენ გულშემატკივარს ხშირად დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს გუნდის თამაშზე. მიხარია, რომ "ტორპედოს" ასეთი ქომაგი ჰყავს. ისინი თასის წლევანდელ ფინალშიც ძალიან გვიწყობდნენ მხარდაჭერით ხელს, მაგრამ ჩვენზე მეტად მეტოქეს გაუმართლა.

- დღევანდელ "ტორპედოზე" ვთქვათ. გუნდში გია გეგუჩაძის სახით ახალი მთავარი მწვრთნელია და ალბათ საქმისადმი მიდგომა ცოტათი სხვაგვარი გახდა.
-გუნდში ძალიან ნორმალური სიტუაციაა. კარგი განწყობით ვემზადებით, თუმცა ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდები აქვს და ახალი გუნდის მუშაობის სტილი ჩემთვის ბოლომდე მისაღებია. ახლავე ჩემპიონები გავხდებითო, ასეთი ჩვენთვის არავის უთქვამს, მაგრამ ყველაფერი თანდათანობით რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.

- ქართველ მეგოლეთა სამეულში ხარ, მაგრამ აქამდე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი არ გამხდარხარ.
- გოლების გატანაში არავის ვეჯიბრები. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო და არის, რომ გუნდმა მოიგოს. იღბალიც არ მწყალობდა. "დინამოში" თამაშისას, მე და ჩემს თანაგუნდელ ჯაბა დვალს, ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე 14-14 გოლი გვქონდა გატანილი. მე ფეხი ვიტკინე, ჯაბამ კი ბოლო თამაშებში 7 გოლი შეაგდო და დამსახურებულად გახდა ბომბარდირი.

- მეგრელაძეებს, ქართველებისთვის უნიკალური მიღწევა გეკუთვნით. მამა-შვილს ერთ გუნდში არაერთი მატჩი გითამაშიათ და გოლიც ორთავეს გაგიტანიათ. მამის რეკორდის მოხსნას ხომ არ აპირებ, რომელმაც უმაღლეს ლიგაში 41 წლისა და 5 თვისამ ითამაშა.
- არა მგონია. მაშინ სხვა დრო იყო. ფეხბურთელს თუ შეეძლო, ხომ ხედავთ რა ასაკამდე ითამაშებდა. ახლა კი, ტელევიზორს ვერ ჩართავ ისე, ვინმემ არ თქვას, რომ აი, ხომ ხედავ, ეს ფეხბურთელი რა ხნისაა და რა დროს ამის თამაშიაო. მარტო საქართველოში გაიგონებ ასეთ რამეს.

- ფეხბურთელის ასაკის გამო ჩამოწერა ჩვენთან მოდაში შემოდის. ხედავთ რა ასაკის თამაშობს ინგლისში გიგზი? მისთვის რომ რამდენიმე წლის უკან ვინმეს ეთქვა, შენ 30-ს გადაცდი და თავი უნდა დაანებო ფეხბურთის თამაშსო - უსამართლობა ხომ იქნებოდა?
- საქართველოში, სადაც დატვირთვები უცხოეთზე ბევრად ცოტაა, ფეხბურთელს სულ პასპორტში არ უნდა უყურებდნენ. არა მგონია ჩვენს ჩემპიონატში ვინმემ 13-14 კილომეტრს დარბოდეს ყოველ თამაშში, რაც ასაკიანი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ახდენდეს გავლენას.

- მე-13 სეზონს თამაშობ ეროვნულ ჩემპიონატზე და აქედან მეცხრეს "ტორპედოში". ალბათ საკლუბო ინფრასტრუქტურის შედარება შეგეძლება, როგორი იყო იგი 90-იან წლებში და ახლა როგორია?
- კი, როცა "ტორპედოში" დავით ყიფიანი მუშაობდა, ფეხბურთელებს კარგ პირობებში გვიწევდა თამაში, მაგრამ ახლანდელს ვერ სჯობდა. ძალიან ბევრი კეთდება უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აშკარად ეტყობა, რომ კომპანია "ვისოლი" სერიოზულადაა დაინტერესებული ქართული ფეხბურთის განვითარებით. "ტორპედოს" სკოლებში ვარჯიშისას საოცარი მონდომებაა ბავშვებს შორის - სირბილი არავის ეზარება და ყველა მონდომებულია, რომ მწვრთნელს თავი უკეთესი თამაშით მოაწონოს.

- გია, ბევრი გატანილი გოლით, შენ მომავალი თაობის ბევრი ფეხბურთელისთვის კარგი მაგალითის მიმცემი ხარ. რას უსურვებ მათ და რით დაარიგებდი?
- შრომა არ დაიზარონ და ყოველდღიური დაუღალავი ვარჯიშით, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული