"საფეხბურთო ღამე" ბრუნდება!

AutoSharing Option
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ (აგვისტოს დასაწყისში) "ლელომ" მკითხველს ჩვენი კოლეგები, ცნობილი ტელესახეები "შეახვედრა": დავით მინაშვილი ("საზოგადოებრივი მაუწყებელი"), დიმიტრი ობოლაძე ("რუსთავი-2") და ლაშა დვალიშვილი ("მზე"). ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი ვრცელი მასალა ("კაცურად, გაგვიგეთ კაცებს: გვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი!") კოლეგების საქმიანობას ეძღვნებოდა, სამ სხვადასხვა არხზე კვირაში ერთხელ მაღალპროფესიული საფეხბურთო გადაცემებით რომ ანებივრებდნენ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ახალი სეზონის დაწყების შემდეგ დიმიტრი ობოლაძის "საფეხბურთო ღამეც" დაიხურა და ლაშა დვალიშვილის საავტორო გადაცემაც "105 წუთი"; კიდევ კარგი, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა კვლავაც რჩება
სპორტის დიდ ქომაგად და ამა წლის აგვისტოდან მოყოლებული, პირველი არხის ეთერით კვირაში ორი სპორტული გადაცემა გადის: ორშაბათობით "გოლი" და ხუთშაბათობით "არენა".

და აი, ქართულ ტელესივრცეში დღეიდან კიდევ ერთი საფეხბურთო გადაცემა გამოჩნდება (უფრო ზუსტად, ბრუნდება) - ტელეკომპანია GMG-ის ეთერით, კერძოდ კი "GMG-ფეხბურთის" არხზე ყოველ ხუთშაბათს, 23 საათიდან "საფეხბურთო ღამე" დაიწყება, რომელსაც კვლავაც დიმიტრი ობოლაძე წაიყვანს! აქვე, დავაზუსტებთ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმ გადაცემებზე, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე რომაა ორიენტირებული. ახლა კი, აღდგენილ "საფეხბურთო ღამეზეც" ვისაუბროთ; უფრო ზუსტად, ძველ-ახალი გადაცემის თაობაზე ჩვენი კოლეგის, " GMG ფეხბურთის" პროდიუსერის ლევან სალუქვაძის ნაამბობი გვინდა შემოგთავაზოთ.

- გადაცემა "საფეხბურთო ღემე" სრული პროექტით ამიერიდან " GMG-ფეხბურთის" არხზე გავა ზუსტად იმ ფორმატით, როგორიც ადრე იყო; ანუ, გადაცემის ხანგრძლივობა, სულ მცირე, საათნახევარი იქნება - წამყვანიც იგივეა, დიმიტრი ობოლაძე. ყველა გადაცემაში იქნებიან სტუმრები, ამას გარდა მაყურებელს პირდაპირ ეთერში დარეკვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ექნება.

მინდა გითხრათ, რომ გადაცემა მხოლოდ ქართული ფეხბურთის მოვლენებს არ გააშუქებს - ჩემპიონთა ლიგის ამსახველი კადრებიც იქნება და უცხოეთში მოასპარეზე ქართველი მოთამაშეების ასპარეზობასაც სისტემატიურად გავაშუქებთ. გაგიმხელთ, რომ სხვა არანაკლებ საინტერესო თემებთან ერთად ქართველი გულშემატკივარი ამ საღამოს ჰოლანდიურ "ვიტესში" მოასპარეზე გიორგი ჭანტურიაზე მომზადებულ სიუჟეტსაც ნახავს.

დიმიტრი ობოლაძესთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კი შევიტყვეთ, რომ "რუსთავი 2"-ზე მისი გადაცემა დაიხურა, მაშინვე შევთავაზეთ თანამშრომლობა. რაც მთავარია, ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი სურვილი გვქონდა, უბრალოდ, მოსამზადებელ სამუშაოებს გარკვეული დრო სჭირდებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, გადაცემის ძირითადი მიმართულება ქართული ფეხბურთის პრობლემებზე მსჯელობა-საუბარი იქნება. მოგეხსენებათ, რომ აქამდე GMG ძირითადად უცხოურ ფეხბურთზე იყო ორიენტირებული და "საფეხბურთო ღამის" ჩვენ არხზე გადმოსვლით ეს ვაკუუმიც შეივსება. მეტსაც გეტყვით: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ტრანსლირებაც მოვახდინოთ, მაგრამ ჩვენს კომპანიას (ჯერ ერთი წელიც რომ არ შესრულებია) ამის საშუალება არა აქვს. ვგულისხმობთ, პირდაპირი რეპორტაჟებისათვის აუცილებელ მოძრავ სატელევიზიო სადგურს, თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ კიდეც; ანუ, თუ სატელევიზიო სიგნალს მოგვაწვდიან, ჩვენ მზად ვართ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებისთვისაც.

ისე, ამ ზაფხულს "GMG ფეხბურთის" არხზე "დინამოს" გასვლით მატჩებზე მომზადებული 4 სიუჟეტი გავიდა - ევროტურნირებზე ასპარეზობის დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი გუნდს ოთხივე საგარეო მატჩზე (მოლდოვაში, უელსში, ისლანდიაში, საბერძნეთში) ახლდა. მოგეხსენებათ, რომ "დინამო" და GMG პარტნიორები არიან და ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ნებისმიერ საშინაო მატჩს მუდმივად ვაანონსებთ.

ზემოთაც აღვნიშნე, რომ აქამდე, ჩვენთან ძირითადი პრიორიტეტი უცხოურ ფეხბურთს ჰქონდა მინიჭებული, - შესაძლოა, ვინმემ არც დაიჯეროს, მაგრამ უცხოეთიდან სატელევიზიო სიგნალი ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აქაური სატელევიზიო მომსახურება. ხშირად მომისმენია, ჩვენ კომპანიას პოპულარულ რუსულ სპორტულ არხს HTB-ს რომ ადარებენ ხოლმე: აი, იმათთან ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემა, საქართველოში კი ამას რატომ ვერ ახერხებენო?

ამ საკითხთან დაკავშირებით მოკრძალებულ კითხვას დავსვამ: HTB-მ დაარსებიდან მერამდენე წელიწადს შეძლო ასეთი მართლაც მაღალი დონის მიღწევა? იგივეს თქმა შემიძლია "ნაშ ფუტბოლზეც", სულ ახალ საფეხბურთო არხზეც.

მოკლედ, ყველაფერს დრო სჭირდება, - ბოლოს და ბოლოს, GMG-ზე სამი სპორტული არხია და ეს მხოლოდ დასაწყისია. თანაც, "საფეხბურთო ღამე" ჩვენი ერთადერთი გადაცემა არ არის: ყოველდღიურად საინფორმაციო გამოშვება "სპორტ-ნიუსი" ოთხჯერ გადის ჩვენი ეთერით, კვირაში სამჯერ - "იმედის ფსონი", აგრეთვე საფეხბურთო მიმოხილვა "გოლი". დღეიდან კი ჩვენს არხს დიმიტრი ობოლაძესთან ერთად "საფეხბურთო ღამე" შეემატება.

* * *
გუშინვე დიმიტრი ობოლაძესაც შევეხმიანეთ და "საფეხბურთო ღამის" დაბრუნების თაობაზე მცირე კომენტარიც ვთხოვეთ:

"რუსთავი-2"-ზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის გადაცემები გადიოდა, ვიდრე "საფეხბურთო ღამე" იყო და ამიტომაც ლოგიკურად მიმაჩნია, რომ სხვაგან, კერძოდ კი საფეხბურთო არხზე გადმოვსულიყავით. გადაცემის ფორმატი უცვლელი რჩება, უბრალოდ, უფრო მრავალფეროვანი გვინდა გავხადოთ და ქართული ფეხბურთის გარდა, სხვა საჭირბოროტო თემებსაც შევეხებით (ჩემპიონთა ლიგა, ქართველი ლეგიონერები, ბავშვთა ფეხბურთი და ასე შემდეგ).

ისიც სიახლეა, რომ გადაცემა დროში შეზღუდული არ იქნება და, ტრადიციულად, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მიეცემა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
შეფასების გაკეთება რამდენიმე გადაცემის ნახვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმედია დასაწყისი კარგია.

GMG რაიონებში არის? იმ ხალხმა რა ქნას ვინც თბილისში არ ცხოვრობს და ქართული ფეხბურთის ბედით არიან დაინტერესებული?
Aleqsa
13:39 20-10-2011
0
უკაცრავად კომენტარი არასრულია, ეტყობა რაღაც წამეშალა.

იმედია თვალის ასახვევად არ კეთდება ყველაფერი. დასაწყისი კარგია.
Aleqsa
13:53 20-10-2011
0

სიახლეები პოპულარული