მარადიული ”ზოოვეტი”

AutoSharing Option
ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი ისეთი დღეებით, როცა ამა თუ იმ ქართული გუნდის საიუბილეო თარიღი შესაბამისად აღინიშნება. საბედნიეროდ, სასიამოვნო გამონაკლისიც არსებობს და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღეც: ქართული სტუდენტური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს თბილისის ”ზოოვეტს” 40 წლის იუბილე ჰქონდა!

შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, დაარსებიდან დღემდე ამ გუნდში ვისაც უთამაშიათ, აი, იმას კი შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, რომ თბილისის ”ზოოვეტს” თავის დროზე საკავშირო უნივერსიადაც აქვს მოგებული და საქართველოს თასიც (1982 წელს); ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისიდან კი სეზონი არ გამოუტოვებია და ამ სახელწოდების
გუნდი დღესაც ასპარეზობს ჩვენ პირველობაში (ამჟამად - პირველ ლიგაში).

”ზოოვეტის” დამაარსებელი, ”მარადიული” პატრონი და ასევე მარადიული მთავარი მწვრთნელი ცნობილი ქართველი საფეხბურთო სპეციალისტი და არანაკლებ ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი ელგუჯა გუგუშვილი გახლავთ, გუშინაც ენერგიულად რომ ხელმძღვანელობდა... ექვსი თაობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ”ზოოვეტს”!

ჰო, გუშინ მართლაც საინტერესო მატჩი ჩატარდა: ”ზოოვეტის” სხვადასხვა თაობის ნაკრები თბილისის ”დინამოს” ვეტერანებს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა თბილისში, ”მიხეილ მესხის” სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, სუბიექტურ (!) მიზეზთა გამო ვეტერანთა დაპირისპირება კინაღამ ჩაიშალა, მაგრამ საბედნიეროდ, ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძისა და საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგის” მმართველი დირექტორის ბუბა ტყავაძის კეთილი ნებით ამხანაგურ პაექრობას რუსთავის ”ფოლადის” სტადიონმა უმასპინძლა.

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მსაჯის, ანატოლი მილჩენკოს (ვისაც ვლადიმერ ეჯიბია და ოთარ გუნთაძე ეხმარებოდნენ) სასტვენზე გუნდებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:

”ზოოვეტი”: ავთანდილ ქანთარია-სოსო ფრუიძე, დავით კევლიშვილი, ირაკლი ვაშაკიძე, ლევან კვიციანი-ავთანდილ წიკლაური, დავით ჭიჭვეიშვილი, ლაშა ნოზაძე, დავით სოლოღაშვილი-ლაშა დვალიშვილი, გურამ ვასაძე.

”დინამო”: ოთარ გაბელია-გია ფირცხალავა, გოჩა ჩიქოვანი, ზაურ სვანაძე, ლევან ბარათაშვილი-მიხეილ მაზიაშვილი, გრიგოლ ჭანტურია, გელა ინალიშვილი, გოჩა ჯამარაული - კახა კაჭარავა, ლევან ნოდია.

მოგეხსენებათ, ასეთი ”რანგის” მატჩებში შეცვლების რაოდენობა ლიმიტირებული არ არის ხოლმე და გამონაკლისი არც გუშინდელი დღე იყო; თუმცა, მეტოქეები აშკარად არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ: ”ზოოვეტის” რიგებში 40-მდე ფეხბურთელმა ითამაშა, აი, ”დინამოს” შემადგენლობაში კი ერთი ცვლილება მოხდა და ისიც იძულებითი: უჩვეულო ამპლუაში მოასპარეზე გრიგორ ჭანტურიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დინამოელთა მწვრთნელი ვაჟა ჟვანია გამოჩნდა.

ვიდრე ამ მართლაც საინტერესო მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ: ”ზოოვეტის” ის დანარჩენი ფეხბურთელებიც ვახსენოთ, სხვადასხვა ხანგრძლივობის დრო რომ დაჰყვეს მოედანზე: სერგო გუგუშვილი, ლევან მახათაძე, ვასილ გამხიტაშვილი, გოგა მახარობლიშვილი, გიორგი გულბანი, ზურაბ კენჭუაშვილი, კახა ეფრემიძე, პაატა ჯინჭარაძე, თენგიზ კუკავა, გიორგი ღამბაშიძე, ბადრი დარასელია, ზაზა ბაკურაძე, ირაკლი ჭეიშვილი, კახა დვალიშვილი, სოსო ბაბულაიძე, გოგა არჩვაძე, აჩიკო კაპანაძე, გიორგი ჭუნიაშვილი, ზაზა დგებუაძე.

პირველი რეალური მომენტი დინამოელებმა შექმნეს: გოჩა ჯამარაულმა, ისე როგორც თავის საუკეთესო წლებში, შორი მანძილიდან ზუსტად და ეფექტურად დაარტყა, მაგრამ ავთანდილ ქანთარიამ მაინც შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. ამას უკვე ”ზოოვეტელთა” საპასუხო იერიში მოჰყვა, მაგრამ ლაშა დვალიშვილის შორეული დარტყმის მოგერიება ოთარ გაბელიას არ გასჭირვებია.

ისე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ამ მატჩში ჩვენმა კოლეგამ ლაშა დვალიშვილმა მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. აღარაფერს ვამბობთ 58 წლის ოთარ გაბელიაზე - დღესდღეობითაც ბევრ ”მოქმედ” მეკარეს რომ სჯობია თავისი რეაქციით.

ისევ მატჩს დავუბრუნდეთ და კვლავაც შორეული დარტყმა უნდა ვახსენოთ - ამჯერად უკვე ლევან ბარათაშვილი უმიზნებდა ”ცხრიანს”, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მოკლედ, შორეული დარტყმებისგან ხეირი რომ ვერ ნახეს, დინამოელებმა აქცენტი კომბინაციურ თამაშზე გააკეთეს და ამან შედეგიც მოიტანა: გელა ინალიშვილმა კახა კაჭარავასთან ეფექტური ”კედელი” გაითამაშა და მერე, ”ზოოვეტის” კარში გოლის გატანაც არ გასჭირვებია. ამ ეპიზოდიდან სამიოდ წუთში ინალიშვილი კვლავაც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ”დუბლი” მიითვალა - აქვე, გია ფირცხალავას მართლაც ჩინებული საგოლე პასიც უნდა აღვნიშნოთ.

ინალიშვილმა ორივე გოლი იმ დროს გაიტანა, ”ზოოვეტის” კარს გიორგი გულბანი რომ იცავდა, მაგრამ ამ შეხვედრის მონაწილე კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა ორივე ეპიზოდში თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარებოდა.

მეორე ტაიმი, ფაქტობრივად, ცალკარას ჰგავდა: ”ზოოვეტმა” ტემპსაც მოუმატა და შეტევას-შეტევაზეც ახორციელებდა, მაგრამ ”დინამოს” ცენტრალური მცველებიც (ზაურ სვანაძე, გოჩა ჩიქოვანი) უშეცდომოდ თამაშობდნენ და ოთარ გაბელიამ ხომ, საერთოდ, ახალგაზრდობა გაიხსენა!

ჰო, მართლაც ძნელი ჩამოსათვლელია, თუ რამდენჯერ გადაარჩინა გაბელიამ ”დინამო”: ჯერ ლაშა დვალიშვილის შორეული დარტყმა მოიგერია, მერე დავით ჭიჭვეიშვილს აუღო ურთულესი ბურთი, შემდეგ სერგო გუგუშვილის დარტყმა მოიგერია და ასე შემდეგ. თუმცა, ერთ ეპიზოდში გაბელიაც უძლური იყო: დვალიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას ირაკლი ვაშაკიძემ დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით გოლი გაიტანა.

”ზოოვეტი” ბევრს ეცადა ანგარიში რომ გაეთანაბრებინა, მაგრამ გაბელიას ”სინდრომიც” ვერ დაძლია და უიღბლობამაც დააღალატა: სერგო გუგუშვილის შორეული დარტყმა ”დინამოს” კარის ხარიხამ აისხლიტა, ხოლო ლევან კვიციანის (ამჟამად, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსი) ძლიერად დარტყმული ბურთი სანტიმეტრებით აცდა მიზანს.

ვიდრე საფინალო სასტვენი გაისმებოდა და ”მესამე ტაიმისათვის” მომზადებაც დაიწყებოდა, სტადიონზე მყოფნი ოთარ მამასახლისმაც გაამხიარულა - მსაჯისგან დაუკითხავად მოედანზე რომ შეიპარა და ”ზოოვეტის” ერთ შეტევაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოოვეტში თამაშობდა ერთი კარგი ბიჭი სამეგრელოდან, კერძოდ მარტვილელი "რევაზ ბართია" დაფრინავდა მაგ პერიოდში მახსოვს.. სამწუხაროდ მისი კარიერა ვერ განვითარდა. ზოოვეტი კარგი გუნდი იყო, ელგუჯა გუგუშვილთან ერთად!
ქომაგი თბილისიდან.
14:31 22-09-2019
0

სიახლეები პოპულარული