ერთი სურათის ისტორია: ევროპის ჩემპიონატიდან დაკარგული თაობა

AutoSharing Option
"თაობები არ მოდიან", "ფეხბურთელების დეფიციტია", "იქნებ, უახლოეს მომავალში მაინც წამოვიდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები" - დიდი ხანია, გვესმის ასეთი ფრაზები, მაგრამ ძნელია, დაეთანხმო ამ სიტყვებს. თაობები კი მოდიან, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ფეხბურთში გადასვლამდე იკარგებიან.

მაგალითისთვის ერთი ფოტოს ისტორიას მოგიყვებით და აქვე ვიტყვი, რომ კიდევ ბევრი მსგავსი ფოტოს მოძებნა შეიძლება.

სურათი 2000 წელს არის გადაღებული და მასზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებია ასახული. გუნდი, რომელსაც კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა, ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, იქ კი მეოთხედფინალში პენალტების სერიაში შვეიცარიასთან დამარცხდა, რომელიც ტურნირის გამარჯვებული
გახდა.

ფეხბურთში ასეთი მაღალი ადგილი საქართველოს არც ერთ გუნდს არ დაუკავებია, სანდრო იაშვილი კი 4 გოლით გერმანელ ლუკას პოდოლსკისთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის შვიდი მოთამაშე აღარ თამაშობს: მეკარე ზვიად ჩალაძემ კარიერა 22 წლისამ დაასრულა, ისევე, როგორც კაპიტანმა ბესო მიქიაშვილმა, რომელიც ბოლოს უმაღლესლიგელი "თბილისის" კაპიტანიც იყო.

ნაადრევად შეეშვა თამაშს გივი კაპანაძე. სამწუხაროდ, ტრავმების გამო დიდი ფეხბურთი ვერც შოთა ჭელიძემ ითამაშა, რომელიც ძმაზე, გიორგი ჭელიძეზე არანაკლებ ნიჭიერი იყო. გაუთავებელმა ტრავმებმა საყვარელ საქმეს ჩამოაშორა საყრდენი ზურაბ კვახაძე, რომელიც თავიდან გუნდის კაპიტანი იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

სურათზე არ ჩანს გიორგი (ნოდარის ძე) ჭელიძე, რომელიც ამ ნაკრების თავდამსხმელი იყო, მოსკოვის "ლოკომოტივში" გამოდიოდა და კარგი პერსპექტივაც ჰქონდა, მაგრამ 24 წლისამ მწვრთნელობა დაიწყო.

ტრაგიკული ბედისა იყო 13 ნომრით მოთამაშე მარჯვენა მცველი ზურაბ ბარაბაძე - იგი გასულ წელს მოკლეს. ზურა სწრაფი და ნიჭიერი მცველი იყო. ახლა თანაგუნდელები მეგობარს მისი სახელობის ტურნირით იხსენებენ.

ამ გუნდიდან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა, დღეს ფეხბურთს მხოლოდ რამდენიმე შემორჩა: "ზესტაფონში" თამაშობენ გოგი ფიფია და ზაალ ელიავა, ყველაზე შორს გოჩა ხოჯავა წავიდა და რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პლეიმეიკერია, თუმცა ამჟამად გოგიტა გოგუასთან და ლაშა სალუქვაძესთან ერთად დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, სანდრო იაშვილმა თბილისის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა და უცნობია, აპირებს თუ არა თამაშს. ნიჭიერი ცენტრალური მცველი ანზორ კალაძე ბოლოს ფინეთში ცდილობდა კარიერის აწყობას, მაგრამ მასზეც არაფერი ისმის.

ცხადია, კარიერა რომ ვერ აიწყვეს, მხოლოდ სხვას ვერ დავაბრალებთ, ზოგმა ნიჭი ვერ გამოიყენა, ზოგს ფეხბურთის სიყვარული არ აღმოაჩნდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ჩემპიონატი და კლუბები რომ მძლავრობდნენ, დარჩენის სტიმული გაუჩნდებოდათ. ასეთებს "ფეოლა" მწვრთნელებიც სჭირდებოდათ, რომლებიც ფეხბურთისკენ მოაბრუნებდნენ.

ასეა თუ ისე, სამწუხარო ამბავია, ნიჭიერი თაობა იმ დროს დაიკარგა (ახლა 26 წლისანი არიან), როდესაც ეროვნულ ნაკრებში წამყვანი როლები უნდა ეთამაშათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მალხაზ, ამ ჩემპიონატში კაცმა 21 წლამდე რო ითამაშოს, ჩათვალე, დიდი ფეხბურთისთვის ის კაცი დაკარგულია. გადახედე მაგალითებს და ნახავ.
0
თაობები მოდიან ყოველთვის. დღეს, როცა ნაკლები ბავშვი ვარჯიშობს, მაინც უამრავი ნიჭიერი ჩანს, მაგრამ აქ ფეხბურთელის ზრდა შეუძლებელია. ამიტომაც, რაღაც ასაკში ყველა იჭედება. იმიტომ, რომ არ ცხოვრობენ რეჟიმში, არ იკვებებიან სწორად, არ ვარჯიშობენ სწორად, არ აქვთ სწორი აღდგენა, არ სწავლობენ თეორიას და ა. შ.
აქ რო ევროპის დონის ფეხბურთელები არ იზრდებიან, უკვე დიდი ხანია, ფაქტია. ტრანსფერებს დააკვირდით და ნახავთ. ჩვენი საუკეთესო საფეხბურთო სკოლა ვერცერთ ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში ლიცენზირებას ვერ გაივლიდა მილიონი მიზეზის გამო.
0

სიახლეები პოპულარული