მამუკა კვარაცხელია: ევროფინალი თბილისში? რეალურია!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" რომან ფიფიას მისვლისა და მის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის გენერალურ დირექტორად მიწვევის მერე "დინამო" აქტიურად იყენებს საერთაშორისო კონტაქტებს, რაშიც უეფას მედიაოფიცერი, აწ უკვე კლუბის მუშაკი მამუკა კვარაცხელიაც აქტიურადაა ჩართული.

"დინამო" დონეცკის "შახტარის" მოდელითაც დაინტერესდა. უკრაინელთაგან გადმოსაღები მართლაც ბევრი გვაქვს, ამ საქმეში კი კვარაცხელიას უკრაინული კავშირებია გამოსადეგი - მისი მეშვეობით სამი დინამოელი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე, თამაზ სამხარაძე და გიორგი ყოლბაია, დონეცკში მწვრთნელთა სემინარზე მიავლიეს, სადაც ბავშვთა ფეხბურთზე ლექციებს "ბარსელონას", "ინტერისა" და "აიაქსის" აკადემიების მწვრთნელები და სკაუტები კითხულობდნენ.

ამ კვირაში კი
კვარაცხელიას ინიციატივით დონეცკს დინამოელ მუშაკთა ოთხკაციანი დელეგაცია ეწვია - კლუბის უსაფრთხოების ოფიცერი გია ისიანი, ინტერნეტხელმძღვანელი სანდრო მოისწრაფიშვილი, "დინამო არენას" დაცვის უფროსი შალვა აბუაშვილი და სტადიონის დირექტორის მოადგილე ნიკა ჯღარკავა. მათ მასპინძლობა ქართველებმა, მამუკა კვარაცხელიამ და დავით პეტრიაშვილმა გაუწიეს. თამაში კი ისეთი იყო, სწავლისთვის უკეთესს ვერ ინატრებდი: ჩემპიონთა ლიგაში "შახტარი" პეტერბურგის "ზენიტს" მასპინძლობდა! რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებას უეფაც დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს და დონეცკში უსაფრთხოების შოტლანდიელი ოფიცერი დერეკ კირკვუდი საგანგებოდ მიავლინა.

კვარაცხელიას გუშინ გავესაუბრეთ.

- "შახტარი"-"ზენიტის" მატჩს ქართველები ხელმძღვანელობდით და ქართულ დელეგაციას როგორ უმასპინძლეთ?
- სულ ორი დღით იყვნენ ჩამოსულები და გადატვირთული გრაფიკი შევუდგინეთ; დაათვალიერეს სტადიონი, "შახტარის" მუზეუმი, ვიპ-ლოჟები, შეხვდნენ კლუბის ხელმძღვანელ მუშაკებს, დაესწრნენ მატჩის საორგანიზაციო თათბირს, უყურეს თამაშს. მეორე დღეს საგანგებო შეხვედრა-სემინარი ჰქონდათ სტადიონის დირექტორთან და უსაფრთხოების ოფიცერთან. ჩვენთვის ასე აქტუალურ უსაფრთხოებას დონეცკში გაათმაგებულ ყურადღებას აქცევენ: "დონბას არენაზე" 520 კამერაა დამონტაჟებული - 460 სტადიონის პერიმეტრის შიგნით და 60 გარეთ!

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაათმაგებული იყო ყურადღება. თამაშის წინა დღეს "ზენიტის" 14 გულშემატკივარი დააკავეს.

პეტერბურგელებს ოფიციალურად 3 000 ფანი ჩამოჰყვათ და ვინ იცის, არაოფიციალურად კიდევ რამდენი ჩამოვიდა. დონეცკის პოლიცია სრულ მზადყოფნაში იყო. ორი უსაფრთხოების თათბირი გვქონდა, ფაქტიურად, ყველაფერი მზად იყო და, დეტალური შემოწმების მიუხედავად, პეტერბურგელმა ფანებმა სტადიონზე 20-მდე მაშხალა მაინც შემოაპარეს და აანთეს. ბუნებრივია, "ზენიტს" უეფა სოლიდურადაც დასჯის.

მალე ათენში, უეფას მედიაოფიცერთა სემინარზე მივემგზავრები, იქიდან დაბრუნებული კი ჩვენი სტადიონის დირექტორ სანდრო შახოვს "დინამო არენას" მედია მოწყობის ახალ გეგმას წარვუდგენ. ნახავთ, როგორ ევროპულად გადასხვაფერდება ჩვენი სტადიონის მედიასერვისი.

-კლუბში რა ფუნქციები  და მიზნები გაქვთ?
- კლუბის პრეზიდენტი- რომან ფიფია ამის თაობაზე რომ შემეკითხა, ვუპასუხე - სამი ოცნება მაქვს: სტადიონს და გუნდს ქომაგი დაუბრუნდეს; კლუბი ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპა ლიგის მუდმივი ბინადარი გახდეს; "დინამო არენაზე" ევროპის ლიგის ფინალი ან სუპერთასის მატჩი ჩატარდეს.

მე სამივე რეალური მგონია, მით უმეტეს, რომ ეს კლუბის პრეზიდენტის დიდი სურვილია. პირველი ორი ზურაბ პოლოლიკაშვილის ოცნებაცაა და ესპანელთა ჩამოყვანაც ამას ემსახურება, მესამის განხორციელებას კი სანდრო შახოვთან ერთად ვეცდებით, მით უფრო, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ამის შესახებ უკვე განაცხადა. მთავარია სამი პოზიცია - სტადიონი, ფედერაცია და მერია. ვფიქრობ, ფინალის თბილისში ჩატარება რეალურია და ეს ჩვენი დიდი გამარჯვება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული