- უპირველესად უკანასკნელ შეხვედრებზე დაგეკითხებით. რა კომენტარს გააკეთებდით ?
- მნიშვნელოვანია და ამავდროულად სასიხარულოც, რომ გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა, რის შედეგადაც ჩვენი თამაში ვიპოვეთ და აგერ უკვე ზედიზედ მეორე მატჩია მოედანს გამარჯვებულნი ვტოვებთ.
- უმაღლესი ლიგის პირველი წრე დასრულდა, როგორ შეაფასებდით გუნდის გამოსვლას?
- რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს
ყველაფრის მიუხედავად, სამწვრთნელო შტაბის წევრები კმაყოფილნი ვართ "დინამოს" გამოსვლით. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ფეხბურთს, რომლისკენაც ვისწრაფვით. გუნდის ფილოსოფია მხოლოდ და მხოლოდ შემტევ ფეხბურთს ქადაგებს. ამ კომპონენტში ვპროგრესირებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიხვეწებით, რასაც უკანასკნელი შეხვედრებიც მოწმობენ. რომ არა ის უიღბლობა, რომელიც "დინამოს" თან სდევს, ვფიქრობ ჩვენ ქულათა გრაფაში გაცილებით მეტი ეწერებოდა.
- თქვენ ახსენეთ ჩავარდნა, რა არის ამის მიზეზი?
- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ და რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენთვის ეს კითხვა პასუხგაუცემელია.
- ვის მიიჩნევთ საჩემპიონო მარათონში "დინამოს" უშუალო კონკურენტად?
- პირველ წრეში ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე "ზესტაფონი" იყო. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტიც ეს გუნდი იქნება.
- მიმდინარე სეზონში რომელი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა "დინამომ" ყველაზე რთული და ყველაზე კარგი მატჩი?
- ვფიქრობ "ზესტაფონთან". ევროპული ბატალიების შემდეგ, ჩემპიონატში ჩართვა ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა და რომ არა ჩისკოს გოლები, შეიძლებოდა მათთან შეხვედრაში დავმარცხებულიყავით. პირველ წრეში ნაჩვენები საუკეთესო შეხვედრა ჩვენმა გუნდმა, "გაგრასთან" ითამაშა. მათ წინააღმდეგ ნათამაშები ფეხბურთი სწორედ იმ ფილოსოფიასთან გახლავთ მიახლოებული, რომლის დასანერგადაც ვმუშაობთ. ამ ფეხბურთს შედეგის მოტანა და გულშემატკივართა გახარება შეუძლია.
- "დინამოს" წინ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. რა კომენტარს გააკეთებდით თასის საპასუხო მატჩის წინ?
- წინ რთული მატჩი გველის. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო, მჯერა ჩვენ ამ ეტაპს გადავლახავთ და ეროვნული თასისთვის ბრძოლას განვაგრძობთ. ვეცდებით საპასუხო მატჩში მეტოქეზე ერთი გოლით მეტის გატანას, რაც 1/4 ფინალურ ეტაპზე თამაშის საშუალებას მოგვცემს.
- გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი უმაღლესმა ლიგამ?
- საქართველოს ჩემპიონატი ძალზედ კონკურენტუნარიანია. განსაკუთრებით გასვლითი შეხვედრების თამაში არის რთული. ნებისმიერ ქალაქში განსაკუთრებულად ელოდებიან "დინამოს" ჩასვლას, ჩვენს წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებულად გამოდის მოედანზე სათამაშოდ.
მატჩამდე არცერთ გუნდს აქვს გარანტირებული სამი ქულა. ვფიქრობ საინტერესო პირველობაა და დასკვნით ფაზაში კიდევ უფრო დაძაბული გახდება. ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, მათი მხურვალე მხარდაჭერა გუნდის თითოეული წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ სეზონის ბოლოს მათ ტიტულებით გავახარებთ.
fcdinamo.ge