"დინამოში" ორ ენაზე ერთზე ფიქრობენ: რა იქნება თუ...

AutoSharing Option
საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალურ მატჩებს უსენსაციოდ არ ჩაუვლია - ტურნირს გამოეთიშა ამ გათამაშების ერთ-ერთი რეალური ფავორიტი თბილისის "დინამო"! ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი "დუბლს" ვერც ამ სეზონში შეასრულებს.

უსიამოვნო პარალელი
საერთოდ კი, ერთ სეზონში ორივე ტიტული (ჩემპიონობა, თასი) "დინამომ" რვა წლის წინ მოიპოვა, როცა გუნდს ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი წვრთნიდა. თუმცა, რომელ "დუბლზეა" ლაპარაკი, როცა "დინამო", შესაძლოა, საერთოდ უტიტულოდ დარჩეს: მართალია, ჯერ ჩემპიონატის პირველი ეტაპი არ დამთავრებულა და პირველ ადგილზე მყოფ "ზესტაფონთან" ჩამორჩენა მხოლოდ და მხოლოდ
ერთი ქულაა, მაგრამ დინამოელთა არასტაბილური და, რაც მთავარია, არადამაჯერებელი ასპარეზობა გუნდის ერთგულ ქომაგებს, ცოტა არ იყოს, პესიმისტურ განწყობაზეც ამყოფებს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ჩემპიონატის ახლებური და "ნოვატორული" ფორმატიდან გამომდინარე, "დინამო" დღესდღეობით 9 ქულით ჩამორჩება "ზესტაფონს". ოღონდ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ამ "მეორე ცხრილში" (სადაც პირველ-მერვე ადგილებზე მყოფ გუნდებს ერთმანეთში მოგროვილი ქულები გადაყვებათ) ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, ის კი ნაღდია, რომ "დინამოს" სამომავლოდ მართლაც ძვირად დაუჯდება "ტორპედოსთან", "მეტალურგთან" და "ბაიასთან" წაგებები თუ "ზესტაფონთან" საშინაო ფრე; ანუ, იმ გუნდებთან ნაჩვენებ არასახარბიელო შედეგს ვგულისხმობთ, რომლებიც პირველი ეტაპის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა, ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ.

ისე, არცთუ "ლამაზი სურათიც იხატება": სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ (ლამის, ერთადერთ) უმთავრეს ფავორიტად შერაცხული გუნდი თასის გათამაშებას მეტისმეტად ნაადრევ ეტაპზე ეთიშება და ჩემპიონატში ვერც ერთი კონკურენტის დამარცხებასაც ვერ ახერხებს! აქედან გამომდინარე, კი, ალბათ, იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს და ნებისმერი სეზონის დაწყების წინ "მარადიულ ფავორიტად" მიჩნეულ გუნდს კრიზისი აქვს! არ დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბსა თუ მოთამაშეებს არასაფეხბურთო თემებზე საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეთ: სეზონის დაწყების წინ გავლილი უცხოური შეკრებით, მართლაც შესაშური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დროული და სოლიდური ხელფას-პრემიებითა თუ კიდევ მრავალი სხვა "ნიუანსით" საქართველოში ბევრი კი არა, ალბათ, ვერც ერთი გუნდი ვერ მოიწონებს თავს.

აღარაფერს ვამბობთ კლუბის "უცხოურ დესანტზე": სეზონის დაწყების წინ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში ნამუშევარი ალექს გარსია დაინიშნა, რომლის რეკომენდაციითაც საქართველოში თანამემამულე მწვრთნელებიც (ერთი-ფიზმომზადების სპეციალისტი, მეორე-ბავშვთა აკადემიაში) ჩამოვიდნენ და ოთხი ფეხბურთელიც. ამ ოთხეულიდან სამი (ალვარო, კოტო, იაგუე) თუ მეტ-ნაკლებად უცნობი იყო ქართველი გულშემატკივარისათვის, აი, ჩისკოს კი "ზედმეტი" წარდგენა არ სჭირდებოდა და "ვალენსიას" ყოფილ ვარსკვლავს "დინამოს" უპირობო ლიდერობასაც სავსებით ლოგიკურად უწინასწარმეტყველებდნენ.

ნდობის მანდატი: როდემდე?
რამდენიმე წლის წინათ იყო, ჩვენი კოლეგის და მეგობრის კოტე გოგიშვილის "გემრიელი ფრაზა" (როგორც სჩვევია) რომ წავიკითხე: უცხოური საუცხოოს ყოველთვის არ ნიშნავსო; ძნელია ამ სიტყვებში არ დაეთანხმო, მით უფრო, რახან "დინამოზე" ვსაუბრობთ, აქ ხომ არაერთი უცხოელი მწვრთნელი თუ ფეხბურთელიც გვინახავს, ჩვნებურებს ვერაფრით რომ ჯობდნენ.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "დინამოს" თასიდან გამოვარდნა თუ ჩემპიონატში არცთუ შთამბეჭდავი ასპარეზობა, მხოლოდ და მხოლოდ ესპანელი მწვრთნელის თუ მისი თანამემამულე ფეხბურთელების ბრალია; ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონატის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მეტოქეთა კარში გატანილი 25 გოლიდან ნახევარზე მეტი (16) ხომ სწორედ ესპანელების ანგარიშზეა: ჩისკო 8 ბურთით ბომბარდირობას იყოფს, ალვარომ 4 ბურთი გაიტანა, კოტომ - 3, იაგუემ - 1; ნურც ევროტურნირები დაგვავიწყდება - ესპანელებს დაახლოებით იგივე პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ და საერთოდაც, ამ ზაფხულს "დინამოს" ასპარეზობას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული უნდა ვუწოდოთ: შვიდწლიანი პაუზის მერე გუნდმა პირველად შეძლო ევროტურნირებზე სამი ეტაპის გავლა და ერთი ნაბიჯიღა დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

არც ის იყო პატარა ამბავი, რომ ამ წარმატებას, ფაქტიურად, ახლადშექმნილმა გუნდმა მიაღწია: ალექს გარსია საქართველოში ხომ ივნისის დასაწყისში ჩამოვიდა და უკვე ერთ თვეში გუნდს ოფიციალური მატჩები ელოდა; ისიც გვიხაროდა, რომ "დინამო" საკმაოდ შედეგიანად თამაშობდა და შინ თუ გარეთ მეტოქეებს სოლიდურზე-სოლიდური ანგარიშებითაც (3:1, 4:1, 5:I) ამარცხებდა; თუმცა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქეებშიც, ასე თუ ისე, გვიმართლებდა: მოლდოვური "მილსამიც", უელსური "ლანელიც" და ისლანდიური "რეიკიავიკიც" ნამდვილად არ განეკუთვნებოდნენ "უძლეველთა კატეგორიას"; გულახდილად რომ ვთქვათ, ბერძნული აეკ-იდანაც, როგორც იტყვიან, სახელიღა იყო დარჩენილი, - მით უფრო, რომ იმ დროისათვის ამ გუნდის ფეხბურთელთა აშკარად თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არაოპტიმალურ კონდიციებში იმყოფებოდა (ახალ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი სწორედ "დინამოსთან" ჩაატარეს) და პლუს, კლუბში (და საერთოდ, ბერძნულ ფეხბურთში) არსებული მწვავე ფინანსური კრიზისიც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

სამწუხაროდ, აეკ-ის ძლევა ვერ მოხერხდა, მაგრამ ამის გამო "დინამოზე" ენა ვის მოუბრუნდებოდა, - უფრო პირიქით იყო, რის დასტურადაც ეროვნულ სტადიონზე 500 000 გულშემატკივრის მოსვლაც გამოდგებოდა! თანაც, კიდევ ვიმეორებთ, რომ ლაპარაკია მართლაც ახლადშექმნილ (გნებავთ, ახლადდაკომპლექტებულ) გუნდზე, ახალი ტაქტიური განლაგებით (4-3-3), ახალი მწვრთნელითა და ახალი ფეხბურთელებიც; ჰოდა, ევროტურნირებზე მთლიანობაში მაინც ღირსეული და, საერთო ჯამში, მაინც წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო გვეფიქრა ჩვენც თუ გუნდის ერთგულ ქომაგებს, რომ საქართველოს ჩემპიონატში თუ თასზე "დინამო" უპრობლემოდ მიაღწევდა მიზანს. ამ "მიზანში" კი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი რამ იგულისხმებოდა: ქართულ ფეხბურთში დაკარგული პოზიციების დაბრუნება!

ჰო, სხვა გუნდებისთვის, შესაძლოა, მართლაც წარმატება ყოფილიყო ბოლო სამ წელიწადში ზედიზედ სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა, მაგრამ "დინამოსთვის" ეს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობა იყო. ოღონდ, არ დაგვავიწყდეს, რომ 2008-10 წლების და დღევანდელი "დინამოს" ფინანსური (და არა მარტო) მდგომარეობა, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდა, - ამჟამად სიტუაცია ბევრად კი არა, შთამბეჭდავად უკეთესია. თუმცა, რად გინდა - საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში მესამედ მოხდა, როცა ამ გათამაშების აბსოლუტური რეკორდსმენი, თასის ცხრაგზის მფლობელი გუნდი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა! თანაც, "დინამო" არც რომელიმე ფავორიტთან (ვთქვათ "ზესტაფონთან", "ტორპედოსთან" , "მეტალურგთან") დამარცხებულა და არც ერთმატჩიან დრამატულ დაპირისპირებაში (ვთქვათ, დამატებით დროში, ან - პენალტების სერიაში) წაუგია; უბრალოდ, ორრაუნდიან პაექრობაში ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოუგო გორის "დილას" (შინ - 2:2, სტუმრად - 0:0) და "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ახლა მთელი ყურადღება მხოლოდ ჩემპიონატისკენ ექნებათ.

გასაგებია, რომ გორის "ქართლის" სტადიონის მოედნის საფარი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს (იქ, საერთოდ, ოფიციალური მატჩების ჩატარებაც არ შეიძლება!), მაგრამ ყოველივე ეს გასამართლებელ საბუთად მაინც არ მიგვაჩნია. ისე, როგორც "დროისა თუ ადაპტაციის ფაქტორი", - "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა უკვე არაერთხელ ახსენა (მათ შორის, ჩვენთან ინტერვიუშიც), რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს, მხოლოდ და მხოლოდ, "დრო სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში";

შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ თასის გათმაშებას მერვედფინალში რომ გამოეთიშები და უშუალო კონკურენტებთან ვერც ერთ მატჩს რომ ვერ მოიგებ, ამ შემთხვევაში "დრო" ვის სასარგებლოდ არის "ჩართული"? იმასაც ვხვდებით, გარსიაც და მისი თანამემულე ფეხბურთელები გარკვეული კი არა, უკვე "საჯაროდ გაჟღერებული" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ რომ იმყოფებიან: ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის, კლუბის მეპატრონის (გუნდს წარმატებული ასპარეზობისათვის ყველა პირობა რომ შეუქმნა) "ნდობის მანდატი" სადამდე გაგრძელდება.

P.S. სამ დღეში "დინამოს" არცთუ იოლი მატჩი ელოდება ბოლო წლების უპრინციპულეს მეტოქე "ვიტ ჯორჯიასთან". შემდეგ კი ორი ისეთი შეხვედრაც უნდა იყოს ("ტორპედოსთან" "ზესტაფონთან"), სატურნირო თვალსაზრისითაც რომ უმნიშვნელოვანესი იქნება და, ალბათ, "დინამოს" ესპანელი თავკაცისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ან მოიგებს სამივე თამაშს ვიტ ჯორჯიასთან ზესტაფონთან და ტორპედოსთან თუ ვერ მოიგო ნამდვილად გასაგდებია არანაირი შედეგი და არც ლამაზ ფეხბურთს არ აჩვენებს დინამო
dato
13:52 04-11-2011
0
მაგარი სირცხვილია დინამოსი 8/1 გამოვარდნა,სამარცხვინოაააააააა
irakli
14:57 04-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული