გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა: "კოლხეთს" ისევ ფილია გაწვრთნის!

AutoSharing Option
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში ამაზე უფრო ჩახლართული სიტუაცია და სამკითხაო არ ყოფილა: რატომ წავიდა სოსო ფილია "კოლხეთიდან"? ვინ იქნება მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელი - დავით მახარაძე, გელა სანაია თუ ოთარ გაბელია? რატომ ავარჯიშა გუნდი ისევ ფილიამ? რატომ გაიყვანა "კოლხეთი" სათამაშოდ ისევ მახარაძემ? რა ფუნქციებს შეასრულებს კლუბში ფილია? ასეთი კითხვები ბოლო დღეებში არაერთხელ დაისვა, პასუხი კი ასე ჟღერდა - სანაია მთავარ მწვრთნელად, ფილია - კონსულტანტად ან სპორტულ დირექტორად!

თუმცა, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილი რომ გვეგონა, თურმე ასე არ ფიქრობდნენ "კოლხეთის" მესვეურები!
შაბათს, გვიან საღამოს, სოსო ფილიასთვის დაურეკავთ და გუნდში დაბრუნება უთხოვიათ. სხვათა შორის, მისი გუნდიდან წასვლის (როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე დღით) გადაწყვეტილებაც რუსთავის "მეტალურგთან" მატჩის წინა საღამოს მიიღეს, ხოლო "ზესტაფონთან" სათასო შეხვედრის წინა დღეს, უფრო სწორად, ასევე საღამოს ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ფილიას მხარდაჭერა გამოუცხადეს - მოითხოვეს მისი კლუბში დატოვება მინიმუმ სხვა ამპლუაში მაინც.

მოკლედ, გუშინ გასამართ საჩემპიონატო მატჩზე გუნდი ფილიას უნდა გაეყვანა. ეს შეხვედრა ავდრის გამო კი გადაიდო, მაგრამ უფრო დიდი ინტრიგა "ევგრაფი შევარდნაძეზე" ფილიას გუნდთან ერთად გამოჩენა იყო, ხოლო გელა სანაია, რომლის დანიშვნასაც წინა დღეებში "კოლხეთის" ადმინისტრაცია ადასტურებდა, ლანჩხუთში კვირას არ გამოჩენილა. ვინაიდან ფილიას გუნდში დაბრუნებას ფეხბურთელებიც მოითხოვდნენ, არ არის გამორიცხული,რომ  ეს მომენტი გახდა გადამწყვეტი.

"დიახ, გუნდში დავბრუნდი, სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც მთელი შემადგენლობით შენარჩუნებულია და ვაგრძელებთ მუშაობას", - გვითხრა გუშინ სოსო ფილიამ.

მამუკა ქანთარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული