ვახტანგ ხაინდრავა: ფოთში სტადიონი პაიჭაძის სახელობის უნდა იყოს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა მიიჩნევს, რომ უპრიანი იქნება, "ფაზისის" სტადიონს სახელი გადაერქვას და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭოს.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით ფოთში მშვენიერი მოედანი დაიგო. ამას, ალბათ, მთლიანად სტადიონის განახლება მოჰყვება. მე და ჩემმა მეგობრებმა ფოთში გამოკითხვა ჩავატარეთ, დავინტერესდით, რას ფიქრობს ხალხი, ფოთის განახლებულ სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელი რომ ეწოდოს.

თბილისის "დინამოს" კაპიტანი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა ფოთელი გახლდათ, მსგავსნი ქართველებს ბევრი არ გვყოლია და მშობლიურ ქალაქში რომ დაფასდეს, ამას ფოთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა
- გამოკითხვამ სწორედ ასეთი შედეგი აჩვენა.

ამ გადაწყვეტილების მისაღებად მეორე არგუმენტიც გამაჩნია: ფოთში ბორის პაიჭაძის ბიუსტი დგას, მაგრამ ისეთ ადგილზეა, მისი მდებარეობა ასევე აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცის და გამართლებული იქნება, სტადიონზე, თვალსაჩინო ადგილზე გადმოვიტანოთ.

თუ ამ აზრს გაიზიარებენ, მზად ვართ, ბიუსტი სტადიონზე ჩვენი ხარჯებით გადავიტანოთ და მისივე სახელობის სტადიონზე დაიდგას. ჯერ არ ვიცი, თანახმა არის თუ არა ქალაქის ხელმძღვანელობა, მაგრამ წინაააღმდეგიც არ უნდა იყვნენ, რადგან ეს ფოთელთა უმრავლესობის აზრია", - გვითხრა ხაინდრავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი აზრია, ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. იმედია საკითხი დადებითად გადაწყდება.
gregory57
22:43 20-11-2011
0

სიახლეები პოპულარული