კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!

AutoSharing Option
მილანში დასრულდა სპორტული ფილმების 29-ე საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ჟურნალისტები სპორტული კინოსა და ტელევიზიის კანის ფესტივალს, ჯილდოებს კი სპორტულ "ოსკარს" უწოდებენ.

ფესტივალს ატარებს სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაცია, რომლის წევრია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შემავალი 108 ქვეყანა, ფედერაციის პრეზიდენტი კი იტალიელი პროფესორი ფრანკო ასკანია.

მსოფლიოს სპორტული კინოს ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე საქართველო წარდგენილი იყო გრანდიოზული პროექტით - 2,5-საათიანი ფილმით "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა". სურათის უნიკალურობა იმაშია, რომ იგი აერთიანებს ალექსანდრე ჟღენტის 5 ფილმს, რომლებიც ასახავენ ქართული ფეხბურთის განვითარებას ჩასახვიდან პირველ ეროვნულ ჩემპიონატამდე.

ფაქტობრივად, ეს არის კინოს მეშვეობით გადმოცემული ჩვენი ერის საუკუნეზე მეტი ხნის გზა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ და ეს ყოველივე სახალხო თამაშის პრიზმაშია ასახული. აკი დაიწერა კიდეც ზემოხსენებული ფესტივალის სარეკლამო ბუკლეტებში, რომ ეს არის ფილმი, რომელშიც წარმოჩენილია სპორტი, როგორც დამოუკიდებლობის შემქმნელი.

აღსანიშნავია, რომ ხუთივე ფილმი დიდი ხნის წინათაა გადაღებული და ხუთივე დაჯილდოებულია საერთაშორისო უმაღლესი პრიზებით. ეს ფილმებია: "სტადიონი" (საქტელეფილმი, 1980), "გურია, გურია, გურია!" (მემატიანე, 1984), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!"'(მემატიანე, 1987),'"გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში?!"'(მემატიანე, 1989), ''"პირველი ეროვნული" (მემატიანე, 1990).

მილანში შეკრებილ უამრავ საპატიო სტუმარს ქართული ფილმი წარუდგინა საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის პრეზიდენტმა, სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთშორისო ფედერაციის საერთშორისო კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ. ფრანკო ასკანიმ მას გადასცა სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთშორისო ფედერაციის ასამბლეის პირადი ჯილდო საერთაშორისო კომიტეტში ხანგრძლივი და წარმატებული მოღვაწეობისთვის. ამავე დროს აირჩიეს საერთაშორისო ფედერაციის მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის კომიტეტში, სადაც სულ 12 წევრია.

წარდგენილი 972 ფილმიდან საკონკურსოდ შეირჩა 150.

ფესტივალის ბოლო დღეს გამოცხადდა, რომ ფილმს"ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" მიენიჭა ღირსების ჯილდო.

დელეგაციათა უმეტესობას ახლდა უამრავი ტელე-რადიო კორესპონდენტი, გადაიცემოდა პირდაპირი რეპორტაჟები მილანიდან, ყველა ქვეყანა ცდილობდა, წარმოეჩინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ფუფუნება არ გვქონია.

ფესტივალზე განსაკუთრებით აღინიშნა სურათი, რომლის ფინალშიც საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს: "დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა ეროვნულ -განმანთავისუფლებელ მოძრაობას და მასთან ერთად იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

ბატონებო, გაუმარჯოს 110-წლოვან ქართულ ფეხბურთს!

იოსებ ჩახნაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული