ბალტიელები ცივსისხლიანები არიან, ემოციებს არ აჰყვნენ, 1:2 წაგების გამო მწვრთნელი არ მოუხსნიათ და მუშაობა აცალეს.
ბალტიელებმა, წაგების მიუხედავად, ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს, გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა, გააზრებულად, კომბინაციურად თამაშობდნენ, ეგაა, ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდებოდათ და აკი დრომვე გამოაჩინა, რომ ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აივარ პოლაკი არ ცდებოდა: რიუიტლის ხელმძღვანელობით ესტონელებმა იტალიის, სერბეთის, სლოვენიის, ჩრდილო ირლანდიისა და ფარერების ჯგუფში მეორე ადგილი
ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერის" მენეჯერად 1986 წელს დანიშნეს, მაგრამ სამ წელიწადში ფანები აუჯანყდნენ და არცთუ დიდი წარმატებების გამო მის მოხსნას ითხოვდნენ. კიდევ კარგი, კლუბის მეპატრონეები არ შეცდნენ და ფერგი არ მოხსნეს, თორემ ამ მშვენიერი გუნდის ბოლო წლების ისტორია აღარ დაიწერებოდა.
ესტონელებისა და "მანჩესტერის" მუშაობა არის მიზანმიმართული მოქმედების მაგალითი და არა ის, რაც ჩვენში ხდება. მწვრთნელი დანიშვნამდე კარგად უნდა შეისწავლო, და თუ დანიშნე, მიეცი მუშაობის საშუალება - ჩასაფრებით და ყოველი მატჩის წაგების შემდეგ ექსტრემალური მდგომარეობის გამოცხადებით წარმატებისთვის დღემდე არავის მიუღწევია და ვერც მიაღწევს, რადგან ნევროზი ყველას ვნებს.
საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა, არადა, გუნდების უმრავლესობაში მწვრთნელი შეიცვალა.
"ზესტაფონი" და "გაგრა" საკუთარი ნებით დატოვეს გია გეგუჩაძემ და ანატოლი პისკოვეცმა, სეზონის წინ რუსთავის "მეტალურგში" დანიშნულმა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ კობა ჟორჟიკაშვილი მიიყვანა, რომელიც იმედებს ამართლებს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია.
ცხინვალის "სპარტაკში" მომხდარი ცვლილებაც გასაგებია, რადგან სეზონის დაწყებამდე საკმაოდ გაძლიერებული გუნდი აუტსაიდერებში მოხვდა.
დანარჩენი ცვლილებები კი კითხვებს ბადებს. მაგალითად, რა პრინციპით არჩევენ მწვრთნელს ბოლნისის "სიონში". ამას მხოლოდ ერთი ფრაზა შეეფერება - საკლუბო პოლიტიკის არარსებობა. მწვრთნელები მიდიოდნენ და მეორე დღეს მოდიოდნენ, ეს იუმორისტული სერიალი უფროა, ვიდრე ჯანსაღი საფეხბურთო ორგანიზმი. ახლა გუნდი ახალგაზრდა, ნიჭიერ და წესიერ კაცს, ლევან ბაჯელიძეს ჩააბარეს და იქნებ, მას მაინც აცალონ მუშაობა.
ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ ცოტა ხანს იმუშავეს. მათ ბედზე წამოვიდა "ზესტაფონიდან" გია გეგუჩაძე, რომლის უმუშევრობამ ქუთაისელთა მეპატრონე იმდენად ააფორიაქა, რომ ახალდანიშნული მწვრთნელები გაუშვა. თუმცა, ამ შემთხვევაში ცვლილებამ აშკარად გაამართლა.
ვფიქრობ, "დილას" ხელმძღვანელებმაც იჩქარეს გია ცეცაძის გაშვება. მის ხელში გორელებმა აზრიანი და ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს და "დილას" აშკარა პროგრესი დაეტყო, შედეგის მისაღწევად კი დრო იყო საჭირო, მაგრამ...
მთავარი მწვრთნელები არ მოუხსნიათ "მერანსა" და "ვიტ ჯორჯიაში", ისევე, როგორც თბილისის "დინამოსა" და "ბაიაში". მაგრამ ზუგდიდელთა დამრიგებლებს საქმიანობა ექსტრემალურ ვითარებაში უწევთ. ელგუჯა ქომეთიანი ფეხბურთელებს რომ არ დაეცვათ, დღეს თამაშებს ტრიბუნიდან მიადევნებდა თვალს. არადა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი აშკარად გაიზარდა.
ალექს გარსიამ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ თქვა: როდესაც გუნდიდან შესაძლო გათავისუფლებაზე სხვებისგან იგებ და როცა ყველა მატჩი უკანასკნელივითაა, ეს რამდენად წყნარი გარემოა?
ორი აზრი არ არის, ესპანეთიდან ჩამოსულმა კატალონიელმა სპეციალისტმა არ იცოდა, რამდენად სპეციფიკური იყო საქართველოს ჩემპიონატი და აშკარად შეცდა, როდესაც კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე ჩამოიყვანა, "დინამოდან" კი დიმიტრი ტატანაშვილი და ნიკა ფირცხალავა გაუშვა. ეს მის სუბიექტურობაზე მეტყველებს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც მწვრთნელს უწუნებ პრიმერადივიზიონსა და ევროასპარეზზე გამოცდილი ჩისკოსა (რომელსაც აშკარად ეტყობა კლასი) და მიკელ ალვაროს (რომელიც მართლაც კარგად თამაშობს) ჩამოყვანას.
მაგრამ ის, რაც ფოთში გელა სანაიას დამართეს, ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. პირადად ვნახე, როგორ ეჭუკჭუკებოდნენ სანაიას ფოთის "კოლხეთის" ხელმძღვანელები და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ სარიშვილი. მათ იმ დროისთვის გათავისუფლებული ჰყავდათ სოსო ფილია. მაგრამ ფოთის მერიამ და საკრებულომ (რომლებიც გუნდს აფინანსებენ) სანაიას მერე ბოდიში შეუთვალეს, გადავიფიქრეთო. ან ფილიას რას ერჩოდნენ, ან სანაიას? ამის შემდეგ ხომ "კოლხეთში" მუშაობას ბევრი მოერიდება, რადგან ასეთი უპირობა ყველას აფრთხობს.
ქართველებს აჩქარება გვახასიათებს და ამის გამო ბევრი საბედისწერო შეცდომა დაგვიშვია, ოთხ და ხუთ თვეში გუნდი არავის აუშენებია, ჩვენ კი ისევ ამ გზით მივდივართ. მწვრთნელის ხშირი ცვლით ვერც გუნდი გაიზრდება და ვერც ფეხბურთელი. გუნდიც ხომ ვაზივით არის, თუ დარგავ, ხუთ თვეში მოსავალს არ უნდა ელოდო.
ჩვენთან კი ელიან, ჩქარობენ და დღემდე ძველ შეცდომებს იმეორებენ. ნეტავ, სად ეჩქარებათ?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"