მწვრთნელის შეცვლას ნუ ჩქარობთ ხალხო!

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას სანაკრებო პრეზენტაცია შარშან თბილისში ესტონეთის ნაკრებთან შედგა, რომელსაც ტარმო რიუიტლი ავარჯიშებდა.

ბალტიელები ცივსისხლიანები არიან, ემოციებს არ აჰყვნენ, 1:2 წაგების გამო მწვრთნელი არ მოუხსნიათ და მუშაობა აცალეს.

ბალტიელებმა, წაგების მიუხედავად, ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს, გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა, გააზრებულად, კომბინაციურად თამაშობდნენ, ეგაა, ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდებოდათ და აკი დრომვე გამოაჩინა, რომ ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აივარ პოლაკი არ ცდებოდა: რიუიტლის ხელმძღვანელობით ესტონელებმა იტალიის, სერბეთის, სლოვენიის, ჩრდილო ირლანდიისა და ფარერების ჯგუფში მეორე ადგილი
დაიკავეს, კონკურენტები მათსავე მოედნებზე დაამარცხეს (სერბეთი, სლოვენია, ჩრდილო ირლანდია) და ირლანდიასთან ორმატჩიან პლეი ოფში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი შეინარჩუნეს.

ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერის" მენეჯერად 1986 წელს დანიშნეს, მაგრამ სამ წელიწადში ფანები აუჯანყდნენ და არცთუ დიდი წარმატებების გამო მის მოხსნას ითხოვდნენ. კიდევ კარგი, კლუბის მეპატრონეები არ შეცდნენ და ფერგი არ მოხსნეს, თორემ ამ მშვენიერი გუნდის ბოლო წლების ისტორია აღარ დაიწერებოდა.

ესტონელებისა და "მანჩესტერის" მუშაობა არის მიზანმიმართული მოქმედების მაგალითი და არა ის, რაც ჩვენში ხდება. მწვრთნელი დანიშვნამდე კარგად უნდა შეისწავლო, და თუ დანიშნე, მიეცი მუშაობის საშუალება - ჩასაფრებით და ყოველი მატჩის წაგების შემდეგ ექსტრემალური მდგომარეობის გამოცხადებით წარმატებისთვის დღემდე არავის მიუღწევია და ვერც მიაღწევს, რადგან ნევროზი ყველას ვნებს.

საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა, არადა, გუნდების უმრავლესობაში მწვრთნელი შეიცვალა.

"ზესტაფონი" და "გაგრა" საკუთარი ნებით დატოვეს გია გეგუჩაძემ და ანატოლი პისკოვეცმა, სეზონის წინ რუსთავის "მეტალურგში" დანიშნულმა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ კობა ჟორჟიკაშვილი მიიყვანა, რომელიც იმედებს ამართლებს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია.
ცხინვალის "სპარტაკში" მომხდარი ცვლილებაც გასაგებია, რადგან სეზონის დაწყებამდე საკმაოდ გაძლიერებული გუნდი აუტსაიდერებში მოხვდა.

დანარჩენი ცვლილებები კი კითხვებს ბადებს. მაგალითად, რა პრინციპით არჩევენ მწვრთნელს ბოლნისის "სიონში". ამას მხოლოდ ერთი ფრაზა შეეფერება - საკლუბო პოლიტიკის არარსებობა. მწვრთნელები მიდიოდნენ და მეორე დღეს მოდიოდნენ, ეს იუმორისტული სერიალი უფროა, ვიდრე ჯანსაღი საფეხბურთო ორგანიზმი. ახლა გუნდი ახალგაზრდა, ნიჭიერ და წესიერ კაცს, ლევან ბაჯელიძეს ჩააბარეს და იქნებ, მას მაინც აცალონ მუშაობა.

ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ ცოტა ხანს იმუშავეს. მათ ბედზე წამოვიდა "ზესტაფონიდან" გია გეგუჩაძე, რომლის უმუშევრობამ ქუთაისელთა მეპატრონე იმდენად ააფორიაქა, რომ ახალდანიშნული მწვრთნელები გაუშვა. თუმცა, ამ შემთხვევაში ცვლილებამ აშკარად გაამართლა.

ვფიქრობ, "დილას" ხელმძღვანელებმაც იჩქარეს გია ცეცაძის გაშვება. მის ხელში გორელებმა აზრიანი და ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს და "დილას" აშკარა პროგრესი დაეტყო, შედეგის მისაღწევად კი დრო იყო საჭირო, მაგრამ...

მთავარი მწვრთნელები არ მოუხსნიათ "მერანსა" და "ვიტ ჯორჯიაში", ისევე, როგორც თბილისის "დინამოსა" და "ბაიაში". მაგრამ ზუგდიდელთა დამრიგებლებს საქმიანობა ექსტრემალურ ვითარებაში უწევთ. ელგუჯა ქომეთიანი ფეხბურთელებს რომ არ დაეცვათ, დღეს თამაშებს ტრიბუნიდან მიადევნებდა თვალს. არადა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი აშკარად გაიზარდა.

ალექს გარსიამ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ თქვა: როდესაც გუნდიდან შესაძლო გათავისუფლებაზე სხვებისგან იგებ და როცა ყველა მატჩი უკანასკნელივითაა, ეს რამდენად წყნარი გარემოა?

ორი აზრი არ არის, ესპანეთიდან ჩამოსულმა კატალონიელმა სპეციალისტმა არ იცოდა, რამდენად სპეციფიკური იყო საქართველოს ჩემპიონატი და აშკარად შეცდა, როდესაც კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე ჩამოიყვანა, "დინამოდან" კი დიმიტრი ტატანაშვილი და ნიკა ფირცხალავა გაუშვა. ეს მის სუბიექტურობაზე მეტყველებს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც მწვრთნელს უწუნებ პრიმერადივიზიონსა და ევროასპარეზზე გამოცდილი ჩისკოსა (რომელსაც აშკარად ეტყობა კლასი) და მიკელ ალვაროს (რომელიც მართლაც კარგად თამაშობს) ჩამოყვანას.

მაგრამ ის, რაც ფოთში გელა სანაიას დამართეს, ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. პირადად ვნახე, როგორ ეჭუკჭუკებოდნენ სანაიას ფოთის "კოლხეთის" ხელმძღვანელები და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ სარიშვილი. მათ იმ დროისთვის გათავისუფლებული ჰყავდათ სოსო ფილია. მაგრამ ფოთის მერიამ და საკრებულომ (რომლებიც გუნდს აფინანსებენ) სანაიას მერე ბოდიში შეუთვალეს, გადავიფიქრეთო. ან ფილიას რას ერჩოდნენ, ან სანაიას? ამის შემდეგ ხომ "კოლხეთში" მუშაობას ბევრი მოერიდება, რადგან ასეთი უპირობა ყველას აფრთხობს.

ქართველებს აჩქარება გვახასიათებს და ამის გამო ბევრი საბედისწერო შეცდომა დაგვიშვია, ოთხ და ხუთ თვეში გუნდი არავის აუშენებია, ჩვენ კი ისევ ამ გზით მივდივართ. მწვრთნელის ხშირი ცვლით ვერც გუნდი გაიზრდება და ვერც ფეხბურთელი. გუნდიც ხომ ვაზივით არის, თუ დარგავ, ხუთ თვეში მოსავალს არ უნდა ელოდო.

ჩვენთან კი ელიან, ჩქარობენ და დღემდე ძველ შეცდომებს იმეორებენ. ნეტავ, სად ეჩქარებათ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აფერუმ მერაბ მამულაშვილო კარგი ჟურნალისტი ხარ მასე გააგრძელე. ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ! არაფერი ეშველება თქვენს ხელში ფეხბურთს.
zviadi
13:26 10-11-2011
0
ბატონო მერაბ,ესტონეთის ნაკრები ჩვენთან წაგების მიუხედავად გააზრებულ,კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდაო წერთ,მეც მაქვს ეგ თამაში ნანახი და ცოტა მსაჯის "დამსახურებაც"იყო რომ მოვიგეთ,ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს ასეთი უთამაშია?როცა სწორ,გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს გუნდი წაგებასაც გაუგებს გულშემატკივარი და ამ შემთხვევაში,შედეგიც აუცილებლად მოვა დროთა განმავლობაში.მალტასტან თბილისში,აბსოლუტურად დაუმსახურებლად,ბოლო წამზე გატანილი გოლით რომ მოიგებ,ლატვია 2 მატჩში 4 ქულას აგართმევს,მალტა ერთადერთ ქულას შენთან აიღებს,სუსტ ჯგუფში,(სადაც თუნდაც პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდბი არ წყვეტენ დღესდღეობით ციდან ვარსკვლავებს)ბოლოსწინა ადგილზე გახვალ და ამას უიღბლობას და კვალიფიციური ფეხბურთელების არ ყოლას დააბრალებ მწვრთნელი,სირცხვილია უბრალოდ.თქვენ ბატონო მერაბ სპორტული ჟურნალისტი ბრძანდებით და იქნებ გვითხრათ რამდენი მაღალ კვალიფიცირებული,ან თუნდაც საშუალო ევროპული კლასის მოთამაშე ყავს ესტონეთს,რომელმაც ჩვენზე ბევრად ძლიერ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა?მე ასეთი ესტონელი ფეხბურთელები არ ვიცი და არ არც საკლუბო დონეზე პრწყინავენ მანდამაინც ევროტურნირებში,ან მალტას,ან ლატვიას სადაც ერთადერთი ნორმალური,ისიც რუსულ ცსკა-ში,ძირითადში იშვიათად მოთამაშე ფეხბურთელი ყავთ,აქვს ჩვენზე უკეთესი არჩევანი ფეხბურთელების?განა ესპანეთის და ბრაზილიასთანა ტოპ ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაშს ვითხოვთ?კიდვ ერთი ტარმო რიუიტლის,ესტონეთის მწვრთნელს,მიუხედავად ნაკრების დალაგებული,გააზრებული თამაშისა და დიდი წარმათებისა,2012 წლის ბოლომდე კონტრაკტი მხოლოდ 1 წლით,2013 ის ჩათვლით გაუხანგლივეს,აქ კი დომენტიმ,ფიფას წევრ ქვეყნებში ჩემი აზრით ყველაზე ცუდმა ფეხბურთის მართველმა 4 წლით გაუხანნგძლივა კონტრაკთი ქეცბაიას ისე რომ არ ვიცით რა აქვს ამ კაცს ხელფასი,რა ჯდება მისი სამწვრთნელო შტაბის შენახვა,კლუბის გამიგია,მაგრამ ნაკრბის მწვრთნელის ანაზღაურება სადმე გასაიდუმლოებული იყოს არ გამიგია.თქვენ და სხვა სპორტულ ჟურნალისტებს მინდა გთხოვოთ კითხეთ ერთი დომენტის სადაა დანაპირები:შემდგომის ბოლოს,უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს საუკეთესო მინდორი ექნებათო?უფულო გუნდები არ იქნებიანო გარანტიას რომ გვაძლევდნენ რატომ არ შეასრულეს პირობა?თავმოყვარე ქვეყანაში შეიძლება გუნდები ისეთ ყანაში თამაშობდნენ როგორიც მაგალითად მარტვილშია?ან ფოთს რომ ახალ გაზონს უკეთებს ფედრაცია და სახლმწიფო ერთად,ისედაც ფინანსურად გაჭირვებული კოლხეთი მოუვლის იმ მინდორს?აქვს ამის შესაძლებლობა?ასეთ მდგომარეობაში მყოფი სიონის ფეხბურთელებმა რომ თამაში გაყიდონ გასაკვირი იქნება ვინმესთვის?.პ.ს. ახლანდელ ნაკრებს,წინა ფორმაციის ნაკრებებიდან განსვავებით,აშკარა პროგრესი აქვს მეკარეების კუთხით,მართლაც 2 საიმედო მეკარე გვყავს რაც დალიან მახარებს,ოღონდ ამაში ჩემი აზრით ქეცბაიას წვრილი მინიმალურია.
daviti
14:55 10-11-2011
0

სიახლეები პოპულარული