"დინამოს" სტადიონზე შეკრებილი 60000 გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება სეზონის ტრიუმფატორებს - იმ თაობამ ხომ, ფაქტობრივად, ყველაფრის მოგება მოახერხა. სწორედ იმ საჩემპიონო სეზონს ეძღვნება ეს წერილი, რომელიც ცნობილ ვეტერან ჟურნალისტს გარუნ აკოფოვს ეკუთვნის ("ცნობარი - დინამო თბილისი", 2002).
მეორე ტრიუმფი - ვადამდე!
სსრ კავშირის ორმოცდამეერთე ჩემპიონატი თბილისის "დინამოს" ვადამდე გამარჯვებით აღინიშნა, და ამდენად, იგი სრულიად
ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე ოთხი ქულით უსწრებდა უახლოეს მეტოქეს, სამ ტურამდე - ექვსით! ამ დროისათვის ლიდერს ქულაც ჰყოფნიდა, მდევართათვის მიუწვდომელი რომ გამხდარიყო . ამოცანა, უნდა ითქვას, არც თუ ისე რთული გახლდათ, ასე რომ, გამარჯვებულის საკითხი, პრაქტიკულად ჯერ კიდევ ოქტომბერში გადაწყდა, მას შემდეგ, რაც თბილისელებმა ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმეს - "არარატთან", "ზარიასთან" და ცსკა-სთან შეხვედრებში.
კანონზომიერი იყო დინამოელთა ეს გამარჯვება. იგი შრომატევადი მუშაობისა და ძიების დაგვირგვინება გახლდათ, რომელიც დაიწყო ორი წლის წინათ, როცა გუნდში მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი მივიდა. აღმავლობა ბრინჯაოს მედლებისა და სსრ კავშირის თასის მოპოვებით დაიწყო, საკავშირო ჩემპიონატში კიდევ ერთი საფეხურით აიწია, 24 წლიანი შესვენების შემდეგ ვერცხლის მედლებს დაეპატრონა, მომდევნო სეზონი კი ჩემპიონის ოქროს მედლებით დაამთავრა.
ჩემპიონი მრავალი მაჩვენებლით გახლდათ წლის საუკეთესო გუნდი და ღირსეულად ერგო სპეციალური პრიზების უმრავლესობა. თბილისელებმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვეს (17), ყველაზე ცოტა წაგება ჰქონდათ (5), გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი (45), ბრწყინვალედ გამოვიდა მათი დუბლ-შემადგენლობა. მასაც პირველობა ხვდა ტურნირში, ქვეყნის ნაკრებში მიავლინეს ხუთი ფეხბურთელი, ხოლო წლის "33 საუკეთესოთა" შორის აღმოჩნდა რვა დინამოელი.
დაბოლოს, ისევე როგორც წინა წელს, ყოველკვირეული "ფუტბოლ-ჰოკეის" რეფერენდუმის შედეგად წლის მთავარ ლაურეატად - №1 ფეხბურთელად - დაასახელეს ქართველი გარემარბი რამაზ შენგელია.
ასე გამოიყურება დინამოელთა გამარჯვების არითმეტიკული მონაცემები. მაგრამ ამ მონაცემების უკანაა მთელი წლის დაუღალავი შრომა და ძიება, მიგნებები და დანაკარგი, სიხარული და სინანული. წინა წლები აღინიშნებოდა შემადგენლობისა და თამაშის საკუთარი სტილის ძიებით, შემსრულებელთა შერჩევით, რომლებიც უპასუხებდნენ თანამედროვე საფეხბურთო მოთხოვნებს, ვისაც შესწევდა უნარი ახალ, გართულებულ პირობებში შეენარჩუნებინა და განევითარებინა დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რაც ნიადაგ ჰქონდა საქართველოს საუკეთესო გუნდს.
მართლაც ბევრი სიძნელე იყო. გავიხსენოთ, რომ იმ წლებში დაამთავრეს გამოსვლა, აგრეთვე სხვადასხვა მიზეზის გამო წავიდნენ გუნდიდან ფეხბურთელები, რომლებიც მის ბირთვს წარმოადგენდნენ - მურთაზ ხურცილავა, გივი ნოდია, კახი ასათიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გოჩა გავაშელი, ვახტანგ ჭელიძე, ზორბეგ ებრალიძე, ლევან ნოდია და სხვები.
მათ ნაცვლად მოდიოდა ახალგაზრდობა. ყველი სეზონი ახალ სახელებს გვთავაზობდა: 1974 წელს - ალექსანდრე ჩივაძე და ვახტანგ კოპალეიშვილი, 1975-ში - ვიტალი დარასელია და ნოდარ ხიზანიშვილი, 1976-ში - რევაზ ჩელებაძე და გიორგი ჭილაია, 1977-ში - თამაზ კოსტავა და რამაზ შენგელია, და ბოლოს 1978-ში - თენგიზ სულაქველიძე და ილია რუხაძე. იყვნენ სხვა დებიუტანტებიც, მაგრამ აქ ყველაზე გამორჩეულები დავასახელეთ.
ჩვეულებრივ თაობათა ცვლა - გარდაუვალ მტკივნეულ პროცესადაა მიჩნეული. ამით აიხსნება გუნდის წარუმატებლობაც. მაგრამ თბილისის "დინამოში" ახალბედების მოსვლამ ერთგვარად შეადუღაბა კოლექტივი, გაამდიდრა მისი სახე ახალი თვალსაჩინო შტრიხებით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ანსამბლი, რომელიც დამაჯერებლად მიიწევდა გამარჯვებიდან გამარჯვებამდე. ჯერ იყო 1976 წლის თასის გათამაშება, რომლისკენაც დინამოელთა ოთხი თაობა ოთხ ათეულ წელიწადს მიიწევდა, შემდეგ წარმატება ჩემპიონატში (1978 წელს), რამაც თბილისის "დინამო" საბჭოთა ფეხბურთის ერთპიროვნულ ლიდერად აქცია.
სეზონი კი ხომ არც ისე იოლი გამოდგა. მოთამაშეებს თან სდევდა ტრავმები, ზოგიერთი დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მწვრთნელებს თავსატეხი გაუჩნდათ შემადგენლობის უდანაკარგოდ გადასახალისებლად ახალი მოთამაშეების შეყვანისას. ალბათ ბევრს ახსოვს: მხოლოდ პირველი წრის ბოლოს ჩადგა მწყობრში დარასელია, მეორე წრის დასაწყისში - კოსტავა, მეთორმეტე ტურში მძიმე ტრავმის გამო გუნდს საკმაო ხნით გამოაკლდა ხიზანიშვილი, არ გაუმართლა ახალგაზრდა, უდავოდ პერსპექტიულ ილია რუხაძეს, დაშავდნენ ხინჩაგაშვილი, ყიფიანი, გუცაევი. თუ წინა ჩემპიონატში გუნდი 19 მოთამაშით იბრძოდა, ამჯერად ძირითად შემადგენლობაში მათმა დენადობამ 24-ს მიაღწია, მათ შორის 11 მცველი იყო: დაცვის ხაზმა ყველაზე მეტი დანაკლისი განიცადა, რის გამოც ხშირი იყო მისი მოდიფიკაცია: ოთხეულს, რომლითაც სეზონი დაიწყო (ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი),ფაქტობრივად, მარტო ერთი შემორჩა.
სწორედ ამ ძნელი ვითარების გამო აიხსნება ის, რომ ნახევარმცველებმა ჩივაძემ და გოჩა მაჩაიძემ დაცვაში დაიხიეს. საბედნიეროდ, ეს გადაადგილება გუნდისათვის და მოთამაშეებისთვისაც მეტად უპრიანი აღმოჩნდა, ახლებურად წარმოჩინდა მათი შესაძლებლობები,საერთოდ, სეზონი თბილისელთათვის საკმაოდ ხვავიანი აღმოჩნდა დებიუტების მხრივ, ძირითად შემადგენლობაში პირველად სცადა ძალა ექვსმა მოთამაშემ - ზემოთ დასახელებულ სულაქველიძისა და რუხაძის გარდა, ესენი იყვნენ ტარიელ დურდიაძე, ამირან მინაშვილი, ნოდარ ბაზაზაშვილი და დიმიტრი გოგოლაძე.
სათადარიგო შემადგენლობათა გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავეს თბილისის "დინამოს" დუბლიორებმაც.
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა რამაზ შენგელია - 28 თამაშში მან 15 გოლი გაიტანა.
"33 საუკეთესოთა" სიაში დაასახელეს ყიფიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, გოგია (№1), დარასელია, შენგელია (№2), კანთელაძე (№3). სსრ კავშირის ნაკრებში გამოვიდნენ ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, კოსტავა.
ჩატარებული მატჩები, გატანილი ბურთები:
(გამოყოფილია ოქროს მედლის მფლობელები)
ვახტან ქორიძე - 30 (8), მანუჩარ მაჩაიძე - 30 (2), რამაზ შენგელია - 28 (15), ვლადიმერ გუცაევი - 26 (4), ფირუზ კანთელაძე - 26, ალექსანდრე ჩივაძე - 26, დავით ყიფიანი - 25 (7), დავით გოგია - 24, გოჩა მაჩაიძე - 23 (1), შოთა ხინჩაგაშვილი - 21, ვიტალი დარასელია - 18 (5), ნოდარ ხიზანიშვილი - 15, დავით მუჯირი - 15, თამაზ კოსტავა - 14, რევაზ ჩელებაძე - 12 (3), ოთარ გაბელია - 9, თენგიზ სულაქველიძე - 8, ვახტანგ კოპალეიშვილი - 6, ილია რუხაძე - 4, ტარიელ დურდიაძე - 3, ნოდარ ბაზაზაშვილი - 3, ამირან მინაშვილი - 3, გიორგი ჭილაია - 1, დიმიტრი გოგოლაძე - 1.
მცირე ოქროს მედლებით დააჯილდოვეს დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები: ოთარ გაბელია, იური მამინაშვილი, გიორგი ჭილაია, დავით მუჯირი, ვლადიმერ ახობაძე, ტარიელ დურდიაძე, გოჩა ჯოხაძე, ნუკრი კაკილაშვილი, რამაზ მუმლაძე, ნოდარ ბაზაზაშვილი, რევაზ ჩელებაძე, ამირან მინაშვილი, ვახტანგ კოპალეიშვილი, დიმიტრი გოგოლაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"