"ევროასპარეზზე "ტორპედოს" ღირსეულ თამაშს ყველანი ვიხილავთ"

AutoSharing Option
20 და 24 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" ორი მეტად საპასუხისმგებლო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. "ტორპედო" ჯერ განახლებულ "ბორის პაიჭაძეს" ეწვევა, სადაც მას ჩემპიონატზე თბილისის "დინამო" უმასპინძლებს. მერე ქუთათურები შინ "ზესტაფონს" უნდა ეთამაშონ დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში.

ამ მატჩებისადმი მზადების შესახებ, ჩვენ "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი პაპიაშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო გიორგი, ვიდრე უშუალოდ ჩემპიონატისა და თასის მომავალი მატჩების შესახებ დაგეკითხებით, გუნდის ახალი სამწვრთნელო შტაბის პირველ შედეგებზე გვითხარით.

- ჩვენთვის გია გეგუჩაძის ასეთი წარმატებული სტარტი, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. საკმაოდ ხშირი შეხვედრები
გვაქვს "ტორპედოს" მწვრთნელებთან და ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ასეთი წარმატებული სერია უსასრულობამდე ვერ გაგრძელდება. იმისათვის, რომ გუნდი ყველაფრისთვის მზად იყოს, ალბათ შესაბამისი ფსიქოლოგიური მუშაობაა საჭირო, რასაც იმედი მაქვს მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტები თავს წარმატებით გაართმევენ.

- აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი საკმაოდ მომთხოვნია და ამდენი მოგებული მატჩის შემდეგ, მცირედი წარუმატებლობაც კი, შესაძლოა მტკივნეულად იქნას აღქმული.

- სწორედ მათ გასაგონად მინდა ვთქვა. გეგუჩაძე და მისი გუნდი "ტორპედოში" ხუთწლიანი პროგრამითაა მოსული. ჩვენს მიერ ამ გუნდისთვის მიმდინარე სეზონში დასახული მიზანი ასეთია - "ტორპედო" საუკეთესო 8 გუნდში უნდა მოხვდეს. რა თქმა უნდა, უკეთეს შედეგზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ მინდა ყველამ კარგად გაიგოს - ჩვენ ეტაპობრივი წინსვლის გეგმა გვაქვს დასახული და გუნდსაც მის შესრულებას მოვთხოვთ.

- აქ საკუთარი ადგილი ექნება ევროტურნირზე "ტორპედოს" მოხვედრას.
- არა მარტო მოხვედრას. იქ წარმატებული გამოსვლაც გვაქვს გათვალისწინებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს და გვჯერა, რომ ყველანი ერთად საკუთარი თვალით ვიხილავთ ევროასპარეზზე ჩვენი გუნდის ღირსეულ თამაშს.

ჩვენ ასევე ვთანხმდებით სამწვრთნელო შტაბთან იმაზე, რომ ფეხბურთელების ამ შემადგენლობით, ევროპაში შევრხცვებით. მინდა სწორად გამიგონ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ზამთრის შესვენების შემდეგ "ტორპედოში" ვეღარ დარჩებიან, ჩვენ უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ და ასეთ არჩევანსაც იმიტომ ვაკეთებთ.

- ე.ი. უნდა ვიფიქროთ, რომ "ტორპედო" შესამჩნევად შეიცვლება.
- ცვლილებები გარდაუვალია. მოგეხსენებათ, კლუბის ხელმძღვანელობა არასოდეს ჩარეულა მწვრთნელების კომპეტენციაში და ამჯერადაც ამ პრინციპის ერთგულნი ვიქნებით. რაც ვიცით ისაა, რომ გუნდის ერთი ხელის მოსმით გაახალგაზრდავებას არავინ აპირებს. ნებისმიერ გუნდს, მათ შორის "ტორპედოსაც", ესაჭიროება გამოცდილი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ფეხბურთელები. ამდენად, ვეტერანების ერთი ხელის აქნევით დათხოვას არავინ აპირებს. კომპლექტაციის პრინციპს რაც შეეხება, როგორც მწვრთნელებთან ხშირი შეხვედრებიდან გავიგეთ, იგი აუცილებლად იქნება დაფუძნებული სპორტსმენის კვალიფიკაციის ზრდადობაზე.

- ჩემპიონატზე პაუზაა, რომლის შემდეგ "ტორპედოს" ორი მეტად პრინციპული მატჩი ელის.
- ალბათ არავის გულს არ დავწყვეტ თუ ვიტყვი, რომ "ტორპედოს" და "დინამოს" შეხვედრებს საქართველოში ყოველთვის სხვაგვარი დატვირთვა ჰქონდა. ორივე გუნდში მოთამაშეები, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართულ "კლასიკოში" მიღწეულ შედეგს. ამდენად, ფეხბურთელების დამატებითი მოტივაცია აქ უადგილოა.

სასიამოვნოა ის, რომ 20 ნოემბერს თბილისის "დინამოსთან" ჩვენი თამაში, განახლებულ ეროვნულ სტადიონზე შედგება. მოგეხსენებათ, როგორ ჭირს ჩვენში კარგი მინდორი და ესეც ერთგვარი სტიმული იქნება ფეხბურთელებისთვის.

- ცნობილია, რომ ამ მატჩზე კლუბი ქომაგთა უფასოდ ტრანსპორტირებას განახორციელებს.
- მოგეხსენებათ, წელს შეიქმნა "ტორპედოს" ქომაგთა კლუბი, რომელიც დღეისათვის 150 წევრს აერთიანებს. მათ ჰყავთ ხელმძღვანელი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს თბილისში წასვლის მსურველებს. რა რაოდენობის ტრანსპორტიც იქნება საჭირო, ჩვენ მის უფასოდ გამოყოფას ვუზრუნველყოფთ. თუმცა, აღნიშნული შეღავათით მხოლოდ ქომაგთა კლუბის წევრები ისარგებლებენ.

- ეს 20 ნოემბრის მატჩისთვის. შემდეგ ქუთაისში არანაკლებ პრინციპული სათასო შეხვედრა გველის "ზესტაფონის" წინააღმდეგ, რომელზე უფასო დასწრება  გამოცხადდა.
- დიახ, 24 ნოემბერს ჩვენს წინააღმდეგ "ზესტაფონი" ითამაშებს. ისე მოხდა, რომ ჩემპიონატზე ამ გუნდთან პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენი სტადიონის ტრიბუნებზე ჩვეული რაოდენობის მაყურებელი ვერ მოვიყვანეთ. ეს, პირველ რიგში, "ტორპედოს" მიერ ნაჩვენებ თამაშს და შედეგს უკავშირდებოდა. იყო ობიექტური მიზეზიც, რასაც უამინდობით ვხსნით. მოკლედ, გვინდა გულშემატკივარი სტადიონს დავუბრუნოთ და ამისათვის, კლუბმა მისი მხრიდან ასეთი ნაბიჯი გადადგა - ჯერი მაყურებელზეა.

- ცნობილია, რომ "ტორპედოს" თამაშებზე დასწრების მსურველთათვის აბონიმენტებიც დაამზადებინეთ.
- სეზონის დაწყების წინ 350 აბონენიმენტი დავამზადეთ. თითოეულის ფასი 40 ლარია. მის მფლობელს საშუალება აქვს ჩვენ სტადიონზე გამართულ ეროვნული ჩემპიონატის და თასის ყველა შეხვედრაზე მოვიდეს და დასავლეთ ტრიბუნის სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან თვალი ადევნოს "ტორპედოს" თამაშს. დღეისათვის გაყიდულ აბონიმენტთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. იმედი გვაქვს, ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის ფონზე, ინტერესი ამ მხრივაც მოიმატებს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა - იმის მიუხედავად, რომ ახალ სეზონში ჩვენმა გუნდმა უკვე არაერთი საშინაო მატჩი გამართა, აბონიმენტის ფასი უცვლელია.

- საკლუბო ატრიბუტიკის რეალიზაციაც მიმდინარეობს?
- დიახ. ჩვენ ასევე დავამზადებინეთ "ტორპედოს" ფეხბურთელთა იდენტური მაისურები, რომლებსაც მსურველს თვითღირებულებით, 60 ლარად ვაძლევთ. მერწმუნეთ, ამ პროექტში კლუბის ფინანსური დაინტერესება ნულის ტოლია. ჩვენი სურვილია, ერთგულ გულშემატკივარს საყვარელი გუნდის მაისურის შეძენა შევაძლებინოთ.

- სად შეეძლება მსურველს ამ მაისურების შეძენა?
- ჯერჯერობით, ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციულ შენობასთან უნდა მობრძანდნენ. სულ მალე, კლუბის გამაჯანსაღებელ კომპლექს "ლაგუნაში" საკლუბო ატრიბუტიკის მაღაზია გაიხსნება და მსურველებს იქ შეეძლებათ სასურველი ზომის ყვითელი და მწვანე "ტორპედოს" მაისურის შეძენა.

საჩუქარს ვუმზადებთ ქომაგთა კლუბის წევრებს. გერმანიაში შევუკვეთეთ და იმედი გვაქვს 24 ნოემბრისთვის ადგილზე გვექნება, 2 ცალი დოლი. ასევე ველოდებით "ტორპედოს" 5-მეტრიან დროშებს. შეიძლება ითქვას, ჩვენთან ქომაგებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

- კლუბის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა რა ეტაპზეა?
- სამწუხაროდ, მიზეზთა გამო მისი სრული ტემპით დაწყება მომავალი წლის მარტამდე ვერ ხერხდება. პროექტი, რომელიც სტანდარტული ზომის 6 (4 ბუნებრივი, 2 ხელოვნური საფარით) სტადიონის აშენებას ითვალისწინებს, დამტკიცებულია. ამ მასშტაბებიდან გამომდინარე, საღორიის საწვრთნელი ბაზის საზღვრები გაიზრდება, რაშიც შესაბამისი ორგანოების თანადგომის იმედი გვაქვს.

- ცენტრალურ სტადიონს რაც შეეხება, მასზე რა დონის შეხვედრების მასპინძლობას შეძლებთ?
- ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გავაგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა და გვსურს, "ტორპედოს" სტადიონმა მე-4 კატეგორია მიიღოს. როგორც ვიცით, უეფას მიერ წაყენებული პირობების შესრულება, ჩვენთვის პრობლემატური არ უნდა იყოს.

უკვე მონიჭებული მე-3 კატეგორია, უფლებას გვაძლევს ევროპის საკლუბო ტურნირების ყველა შესარჩევ ეტაპს ვუმასპინძლოთ. ჯგუფურ ეტაპებს რაც შეეხება, მისთვის მე-4 კატეგორიაა აუცილებელი. იმედი გვაქვს, როცა გუნდი იქნება ამ ეტაპზე სათამაშოდ, კლუბიც შესაბამისად მომზადებული შეხვდება ამ მომენტს.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული