ერთობლივი ლიგები - იდეა კარგია, მაგრამ ვითარებაა ბუნდოვანი

AutoSharing Option
საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა აზერნბაიჯანულმა ინტერნეტგაზეთმა "აპამ" - აზერბაიჯანის კლუბებს ახალ ლიგაში თამაშის პერსპექტივა გაუჩნდათო.

"ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გარდა, აზერბაიჯანულ კლუბებს საშუალება ექნებათ, კიდევ ერთ ტურნირში ჩაერთონ - უახლოეს მომავალში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგა შეიქმნება.

სოფიის ცსკა-მ 15 ოქტომბერს ბულგარეთის დედაქალაქში ადგილობრივი კლუბები შეკრიბა და ბალკანეთის ლიგის დაფუძნების იდეა წამოაყენა. როგორც ამბობენ, ამ რეგიონულ შეჯიბრებაში მონაწილეობისგან მარტო ბერძნები იკავებენ თავს, სამაგიეროდ, ბულგარეთის, თურქეთის, რუმინეთისა და სერბეთის კლუბები ამ იდეას მხარს უჭერენ. გამონაკლისი მხოლოდ ბელგრადის "პარტიზანია" - ახალ ლიგაში მონაწილეობაზე უარი
მხოლოდ ამ სერბულმა კლუბმა განაცხადა

სოფიის ცსკა-ს გეოგრაფიის გაზრდა და ტურნირში უკრაინული, რუსული, აზერბაიჯანული და ყაზახური კლუბების ჩართვაც სურს.

მოსალოდნელია, რომ ეს იქნება არა ბალკანეთის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგა, რომელშიც 16 გუნდი ითამაშებს.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მასში ბულგარეთი 3 გუნდით იქნება წარმოდგენილი, თუმცა დეტალები კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე დაზუსტება. ლიგის დამფუძნებლები უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან შეხვედრას და მისგან მხარდაჭერას იმედოვნებენ და აქედანვე ამტკიცებენ, რომ ლიგის საპრიზო ფონდი ევროპის ლიგისაზე ბევრად მეტი იქნება," - იუწყება "აპა".

დიდი ხანია, ევროპული ქვეყნები მსგავს ტურნირებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უეფას წევრი ქვეყნების ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების კვიპროსული შეხვედრიდან დაბრუნებულმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ მიშელ პლატინი რეგიონული საკლუბო ლიგების ჩამოყალიბებას სერიოზულად განიხილავს, რასაც მეტი შემოსავლის მიღებისა და მაყურებელთა სტადიონებზე მოზიდვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს.

მსგავსი ლიგების, უფრო კი, ტურნირების პრეცედენტი ევროპაში უკვე არსებობს - გავიხსენოთ სკანდინავიელთა (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, პლუს დანია) "როიალ ქაფი" და ბალტიისპირელთა (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) "ბალტიან ქაფი". ლაპარაკია ჩეხეთ-სლოვაკეთის საფეხბურთო გაერთიანებაზეც. ცოტა ხნის წინ სომხურმა კლუბმა რუსეთის ჩემპიონატში თამაშის სურვილი გამოთქვა, რუსები კი, დიდი ხანია, ბელარუსებსა და უკრაინელებს ერთიანი ლიგის შექმნას სთავაზობენ.

შესაძლოა, გაერთიანებული ლიგა ეროვნულზე მომგებიანი იყოს, თუმცა აშკარაა, პრობლემებიც წარმოიქმნება - რა პრინციპით განაწილდება ევროთასების საგზურები; ან ამ ტურნირების საგზურები მხოლოდ ერთი ქვეყნის კლუბებმა რომ მოიპოვონ, მეორე ქვეყნის გუნდებს რაღა და ა.შ.

პრობლემაა ისიც, რომელმა კლუბმა უნდა ითამაშოს ერთობლივ ლიგაში და რომელმა - საკუთარ ჩემპიონატში, გავარდნილის ნაცვლად ვის დაიმატებენ...

ამ საკითხებზე სამუშაოდ უეფაში სპეციალური ჯგუფი უკვე შეიქმნა, მაგრამ ბევრ რეგიონში კიდევ უფრო გადაულახავია ეთნოკონფლიქტების ფაქტორი. იდეები ადრეც იყო, მაგრამ არც ერთი განხორციელებულა: წლების წინ ტელეკომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა საზოგადოებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთიანი კავკასიური ლიგის შექმნის იდეა შესთავაზა.

2007 წლის ზაფხულში ათენში შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროფესიული ფეხბურთის ლიგების ერთიანი ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომლის გენერალურ მდივნად საქართველოს პროფლიგის მაშინდელი თავკაცი დიმიტრი რამიშვილი აირჩიეს. იქაც იმსჯელეს შავი ზღვის ლიგის ჩამოყალიბებაზე, სადაც საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა და საქართველო გაერთიანდებონდნენ. ეს იდეაც ყველამ მოიწონა, მაგრამ ასევე ყველამ დაივიწყა.

2009 წელს "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელმა ლევან ყიფიანმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივ ლიგაზე ილაპარაკა, რომელსაც ყაზახები დააფინანსებდნენ, აზრი აზერბაიჯანელებსაც მოეწონათ, მაგრამ ეს პროექტიც თაროზე შემოდეს.

კავკასიური ლიგის იდეას, ბუნებრივია, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი აბრკოლებს. ერთმანეთს ვერ ეთამაშებიან ბალკანელებიც - სერბები, კოსოვოელები, ბოსნიელები, ხორვატები. რაღა შორს წავიდეთ, შავი ზღვის ლიგა რუსულ-ქართული ომის შემდეგ აბსურდია. ანუ კავკასიური და შავი ზღვის ლიგები გამოვრიცხეთ და, თუ რეგიონული ტურნირების იდეა რეალური გახდება - პლატინის მხარდაჭერა კი სწორედ ამაზე მიუთითებს - სად ითამაშებენ ქართული კლუბები?

ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ.

- რეგიონული ტურნირების გამართვა ინდივიდუალური საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ უეფაში ამ პროექტზე სერიოზულად მუშაობენ და ეს ისეთი თემაა, სამუშაო ჯგუფში მეც სიამოვნებით ჩავერთვებოდი.

- საქართველოს რომელიმე რეგიონულ ტურნირში გაწევრიანებას თუ სთავაზობენ?
- კონკრეტულად ჯერ არსად გვიწვევენ. ეს სამუშაო შეხვედრებზე გაირკვევა, რომელიც მალე უნდა გაიმართოს. ბევრი დეტალია დასაზუსტებელი: გავარდნილების ნაცვლად ვინ ითამაშებს, ქვეყანამ თუ ვერ მოიპოვა ევროსაგზური, საერთოდ ევროტურნირების მიღმა ხომ არ დარჩება და ამისთანები. მოკლედ, ბევრია სამსჯელო და დასალაგებელი.

- ზოგადად, სავარაუდოდ, საქართველოს კლუბებმა რომელ ლიგაში უნდა ითამაშონ?
- კავკასიური ლიგის ჩამოყალიბება სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა გამორიცხა, რუსულ-ქართულმა ომმა კი - შავი ზღვის ლიგაში ჩვენი კლუბების მონაწილეობა. არადა, მსგავსი ტურნირები ძალიან წაგვადგებოდა, შესაძლოა, მოხდეს კლუბების ოპტიმიზაცია, გაერთიანებაც კი და, ტურნირზე საქართველოს სახელით ბევრად ძლიერმა კლუბებმა ითამაშონ.

მაგრამ, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანი საკითხია - რა იქნება, ვისთან ვითამაშოთ, რა პრინციპებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რეზი!!! სამარცხვინო ადამიანი ხარ!!! მოშორდი ფედერაციას!! დაეხსენი ქართულ ფეხბურთს!!!!
Burton
21:06 12-11-2011
0
Burton, ჩემი სათქმელი შენა სთქვი! მართლაც და როდემდე უნდა გამოხრათ ქართული ფეხბურთი და ფედერაცია? დააბრუნეთ პროფლიგა, ის ხალხი პატარა საქმეს მაინც აკეთებდა! რამდენი წელი უნდა ჭამოთ ქვეყანა? რით ვერ გაძეხით?
დევიდ აირონს
14:44 13-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული